აფხაზეთი ლიდერს მეორე ტურში აირჩევს
25 აგვისტოს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, პირველ ადგილზეა მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ხმების 23.6 პროცენტით (20,304 ხმა). მეორე ადგილზეა ოპოზიციის ლიდერი, ომის ვეტერანებისგან შემდგარი პარტიის “ამცახარას” ლიდერი ალხას კვიცინია – 22 $ (19,032 ხმა).
მხოლოდ 102 ხმა დააკლდა ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდ ანქვაბის პროტეჟეს, ოლეგ არშბას იმისთვის, რომ მეორე ტურში გასულიყო. ის 21.8 პროცენტით (18,931 ხმა) მესამე ადგილზეა.
აფხაზეთში სულ 129 ათასი ამომრჩეველია. მათგან არჩევნებში მონაწილეობა 65 პროცენტმა მიიღო.
მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება.
______________
არჩევნები აფხაზეთში, ტრადიციულად, არაპროგნოზირებადია ხოლმე, მაგრამ ახლანდელი თავისი დრამატიზმით ყველა წინამორბედს აჭარბებს.
აფხაზეთში არავინ ატარებს სოციოლოგიურ კვლევებს კანდიდატის რეიტინგის გასაგებად, ისევე, როგორც არ იმართება ეგზიტპოლები.
სწორედ ამიტომ, ყველაფერი საარჩევნო უბნების დახურვისა და ხმების დათვლის პროცესის დაწყების შემდეგ ვლინდება.
დაიწყო თუ არა ხმის დათვლის პროცესი, ყველაფერი არა საათების, არამედ წუთების მიხედვით იცვლებოდა.
პირველი შედეგები, როგორც წესი, მცირეამომრჩევლიანი, პატარა სოფლებიდან მოდის.
ამ მონაცემების თანახმად, თავიდან ალხას კვიცინია ლიდერობდა, თუმცა მსხვილი უბნებიდან მონაცემების მოსვლის შემდეგ, მისი გადასწრება ოლეგ არშბამ დაიწყო.
არშბაც ლიდერობაც დროებითი აღმოჩნდა.
როდესაც ბიულეტენების ნახევარი გადაითვალეს, აღმოჩნდა, რომ პირველ ადგილზე საკმაოდ მცირე სხვაობით რაულ ხაჯიმბა გადავიდა და პირველობა ბოლომდე არავის დაუთმო.
ბოლო მომენტამდე გაურკვეველი რჩებოდა, ვინ გაუწევდა ხაჯიმბას კონკურენციას არჩევნების მეორე ტურში – კვიცინია თუ არშბა.
გადამწყვეტი, სოხუმის ნომერ მესამე საარჩევნო ოლქიდან მიღებული შედეგები აღმოჩნდა, სადაც ხმების დათვლის პროცესი, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან გაიწელა.
ამ მონაცემების გარეშე, მეორე ადგილზე არშბა მიდიოდა, რომელიც ალხას კვიცინიას 200 ხმით უსწრებდა. ისე ჩანდა, რომ ეს უპირატესობა გამარჯვებისთვის საკმარისი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ეს უბანი მდებარეობს იმ ადგილას, სადაც დაიბადა და გაიზარდა ექსპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი. არშბა ანქვაბის პროტეჟეა და სწორედ ანქვაბის ავტორიტეტის გამო იგი თავიდანვე რბოლის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა.
თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა – კვიცინიამ ოლეგ არშბას სწორედ ამ უბანში გაასწრო და მეორე ტურში გავიდა.
ვინ არიან მეორე ტურში გასული კანდიდატები
თუკი მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, აფხაზეთის პირველი კონკურენტული არჩევნებიდან, 2004 წლიდან, როდესაც სერგეი ბაღაფშთან დამარცხდა, აფხაზური პოლიტიკის მძიმეწონოსან მოთამაშედ ითვლება, ალხას კვიცინიას ამ წონით კატეგორიაში დებიუტი ჰქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხანია პოლიტიკაშია – უკანასკნელი წლების განმავლობაში კვიცინია ხელმძღვანელობს ყველაზე მსხვილ პოლიტიკურ ორგანიზაციას – საქართველოსთან ომის ვეტერანების პარტია „ამცახარას“ – ბოლო პერიოდამდე მას პრეზიდენტობის ამბიცია არ ჰქონია.
• თხები, მოჩვენებები და წარსული დიდება – რეპორტაჟი აფხაზეთის მიტოვებული ქალაქიდან
• აფხაზეთი: ბინები როგორც „ომის ნადავლი“ – დაუბრუნებენ თუ არა მათ მფლობელებს?
როგორც თავად აღიარა, არჩევნებში მონაწილეობა მისთვის შემთხვევითობაა.
თავიდან “ოპოზციური ძალების ბლოკმა” ფსონი უფრო გამოცდილ პოლიტიკოსზე, ასლან ბჟანიაზე გააკეთა.
თუმცა, აპრილში ბჟანია მოულოდნელად ისე ავად გახდა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებდა.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იგი მოწამლეს.
სწორედ ოპოზიციისთვის ასეთი ცაიტნოტის რეჟიმში, ჰორიზონტზე კვიცინიას კანდიდატურა გამოჩნდა.
პარტიული საქმიანობის გარდა, ალხას კვიცინიას სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. 2014 წლამდე ის სოხუმის მერის მოადგილის პოსტს იკავებდა.
რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ქვეყანაში, სადაც კორუფცია დიდი ხანია ბიუროკრატიული მუშაობის ქრონიკული თანმდევი გახდა, ალხას კვიცინიას პრაქტიკულად უმწიკვლო ჩინოვნიკური წარსული აქვს.
ყოველ შემთხვევაში, არანაირი კომპრომატი, მინიმალურიც კი, ამ კამპანიის განმავლობაში მის მოწინააღმდეგეებს არ წარმოუდგენიათ, არადა, არჩევნებში ცხრა კანდიდატი მონაწილეობდა.
სწორედ უმწიკვლო რეპუტაციამ მისცა მას საშუალება, რომ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიაში აქცენტი კორუფციასა და კრიმინალთან ბრძოლაზე გაეკეთებინა.
თუკი კვიცინიას მიმართ კრემლის დამოკიდებულებაზე ვისაუბრებთ, რაიმე ალერგიას მოსკოვში ის ნაკლებად იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე სოჭში თავის კოლეგას, რაულ ხაჯიმბას შეხვდა, ოფიციალური მოსკოვი წინასაარჩევნო კამპანიისას დემონსტრაციულად ინარჩუნებდა ნეიტრალიტეტს.
მოსკოვში კარგად ესმით, რომ ნებისმიერი აფხაზი პოლიტიკოსი, რომელიც მთავარი სავარძლისთვის იბრძვის, რუსულ-აფხაზური თანამშრომლობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით, აპრიორი ვალდებულია კრემლთან იმეგობროს. ამ მხრივ არც კვიცინიაა გამონაკლისი.
ახლა რაულ ხაჯიმბასა და ალხას კვიცინიას საპრეზიდენტო შანსები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მათგანი მოახერხებს აფხაზური პოლიტიკის ქარიზმატული მძიმეწონოსნის, სამოცდაშვიდი წლის ექსპრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის მხარდაჭერის მოპოვებას.
თავად ანქვაბი ასაკობრივ ცენზში ვერ ჩაეტია (აფხაზეთის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც 35-დან 65 წლამდეა), სხვა ვარიანტში თავად მიიღებდა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობას და ფსონს ოლეგ არშბაზე არ გააკეთებდა.
სავარაუდოდ, ანქვაბი დიდ ფასს დააწესებს – პრემიერ-მინისტრის სავარძელსა და მომავალი ხელისუფლების პირადად დაკომპლექტების უფლებას.
ყოველ შემთხვევაში, როგორც სანდო წყაროები ამბობენ, სწორედ ეს პირობა წაუყენა ალხას კვიცინიას არჩევნების წინ, როდესაც საუბარი ალექსანდრე ანქვაბის მხრიდან მხარდაჭერაზე მიდგა. თუმცა, მაშინ მათ მოლაპარაკება ვერ შეძლეს.
შეთანხმდებიან თუ არა ანქვაბი და კვიცინია ახლა, ან ამ პირობებს მიიღებს თუ არა რაულ ხაჯიმბა, ეს საკითხი ჯერ ისევ ღიად რჩება. თუმცა, ვინ გახდება აფხაზეთის მომავალი პრეზიდენტი, სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყდება ეს საკითხი.