აფხაზეთი: ვაჭრობა პრეზიდენტობისთვის
აფხაზეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება, რომელიც რვა სექტემბერს გაიმართება.
პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე აფხაზეთის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაა. მას უპირისპირდება ომის ვეტერანთა პარტიის, „ამცახარას“ ლიდერი, ალხას კვიცინია.
აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის პროტეჟე ოლეგ არშბას მხოლოდ 102 ხმა დააკლდა მეორე ტურში გადასასვლელად. არშბამ წააგო, თუმცა თამაშში რჩება თავად ანქვაბი.
გაიმარჯვებს ის, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დაუჭერს მხარს. აფხაზეთში ამბობენ, რომ მომავალ პრეზიდენტს სწორედ ანქვაბი ირჩევს.
• აფხაზეთის არჩევნებში რუსეთმა ფავორიტი განსაზღვრა?
• მოსაზრება: რატომ ვერ შეცვლის ვერცერთი ახალი პრეზიდენტი აფხაზეთში ვერაფერს
________________
ჯერჯერობით უცნობია, მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან, რომელს დაუჭერს მხარს ანქვაბი, თუმცა, უკვე ცხადია, რომ პრემიერ-მინისტრის სავარძელი მას გარანტირებული აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ოლეგ არშბა მოქმედი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბასა და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის, ალხას კვიციანის შემდეგ, მესამე ადგილზე დარჩა, ალექსანდრე ანქვაბი მაინც თამაშშია. სწორედ მასზეა დამოკიდებული, ვინ გახდება შემდეგი პრეზიდენტი.
• აფხაზეთში კორუფციასთან ბრძოლა რეალურად დაიწყო?
• აფხაზეთის ექსპრეზიდენტი კორუფციულ კავშირებში დაადანაშაულეს
ალექსანდრე ანქვაბი. REUTERS
ოცი ათასი ხმა, რომელიც პირველ ტურში არშბამ მიიღო, ახლა გაურკვეველ მოლოდინშია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, მათი უმრავლესობა ალექსანდრე ანქვაბის ერთგული მხარდამჭერია, რომელიც მას ყინულსა და ცეცხლშიც კი გაჰყვება. ვისკენაც მიუთითებს მისი ყოვლისშემძლე თითი, მასთან წავა არა მხოლოდ „ანქვაბისტების“ ხმები, არამედ, პრეზიდენტის სავარძელიც.
• ეს მაინც გადატრიალება იყო აფხაზეთში
მაგრამ ექს-პრეზიდენტი ვერდიქტის გამოტანას არ ჩქარობს, რადგან ფსონების გაზრდაზე თამაშობს.
საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, ანქვაბმა საკუთარი დახმარება „ამცახარას“ ლიდერს, ალხას კვიცინიას შესთავაზა, თუმცა, ის მაქსიმუმი, რომელიც საპასუხოდ მიიღო – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა იყო, რაც არანაირად არ აკმაყოფილებდა ანქვაბის პატივმოყვარეობას.
შედეგად, ყველა საკუთარი გზით წავიდა – კვიცინია ოპოზიციური ძალების ბლოკმა წარადგინა, ანქვაბმა კი საპრეზიდენტო რბოლაში საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ოლეგ არშბა ჩართო.
პირველი ტური, რომელიც 25 აგვისტოს გაიმართა, როგორც ცნობილია, რაულ ხაჯიმბას უმნიშვნელო უპირატესობით დასრულდა. მან მოქმედი ლიდერისათვის ხმათა კატასტროფულად დაბალი პროცენტი მიიღო – მხოლოდ 25.
მეორე ადგილზე გასულმა ალხას კვიცინიამ თითქმის 23%. მას მხოლოდ ნახევარი პროცენტით ჩამორჩა ოლეგ არშბა, მაგრამ ახლა ეს 22,5 პროცენტი მომავალი მთავრობის მაკონტროლებელ წონად იქცა.
თავად ანქვაბმა, როდესაც თავისი წონა იგრძნო, მაქსიმალურად პასიური პოზა აირჩია. ის „საქონელს“ არავის სთავაზობს, თავად მასთან მიდიან.
როგორც მცოდნე ხალხი ამბობს, ხაჯიმბასგან მისულებმა ალექსანდრე ანქვაბს პრემიერ-მინისტრის სავარძელი შესთავაზეს, შემდეგ კი ამას მთელი საფინანსო-ეკონომიკური ბლოკი დაუმატეს, მაგრამ პოლიტიკური ჭადრაკის თამაშში გამოცდილმა ექს-პრეზიდენტმა პასუხის გაცემა არ იჩქარა.
ამბობენ, რომ ალხას კვიცინიამ თუ მთლად ხაჯიმბას ფსონი არ გაიმეორა, მხოლოდ მცირედით ჩამორჩა.
იმის გათვალისწინებით, რომ მომავალი ხელისუფლების კონტურები მას თავიდანვე ფაქტობრივად სრულად ჰქონდა ფორმულირებული, პრემიერის სავარძელი ეძლეოდა არა ვიღაცას, არამედ, თავად ასლან ბჟანიას (რომელმაც მხოლოდ მოულოდნელი ავადმყოფობის თუ როგორც ოპოზიცია მიიჩნევს, მოწამვლის გამო ვერ მოახერხა საპრეზიდენტო რბოლაში მონაწილეობის მიღება), ასეთი შეთავაზება აღიქმება, როგორც ვა-ბანკზე წასვლა.
ლოგიკურად, თანაბარი წონის შეთავაზებების პირობებში, ალექსანდრე ანქვაბმა მხარი უფრო კვიცინიას უნდა დაუჭიროს, ვიდრე რაულ ხაჯიმბას. ბოლოს და ბოლოს, „ამცახარა“ და მისი ლიდერი ანქვაბის დასაყრდენი იყო მისი პრეზიდენტობისას და ამის შემდეგაც, ერთად მოღვაწეობდნენ ოპოზიციურ ველზე. იმ დროს, როდესაც სწორედ ხაჯიმბამ შეუწყო ხელი 2014 წელს ალექსანდრე ანქვაბის ვადაზე ადრე თანამდებობიდან წასვლას.
მაგრამ, როგორც დაუვიწყარი ლორდი პალმერსტონი ამბობდა, „არ არსებობს არც მუდმივი მოკავშირეები, არც მუდმივი მტრები, მაგრამ მუდმივი და მარადიულია ჩვენი ინტერესები“.
ინტერესები – არა მხოლოდ ალექსანდრე ანქვაბის მიერ რეალური ძალაუფლების დაბრუნებაა, არამედ იმის გარანტია, რომ მომავალშიც არ იქნება ეს ძალაუფლება მოკლევადიანი.
ახლა შეიძლება ყველაფერს დაპირდე და არჩევნების შემდეგ მისცე კიდეც ექს-პრეზიდენტს ეს „ყველაფერი“. თუმცა, შემდეგ მიმღებზე უკვე აღარაფერია დამოკიდებული. არჩეულ პრეზიდენტს ყოველგვარი გარიგების გარეშე შეუძლია არა მხოლოდ მისცეს, არამედ წაართვას კიდეც ეს ყველაფერი და კალმის ერთი მოსმით გაათავისუფლოს მთელი მთავრობა. რადგან მავრმა გააკეთა თავისი საქმე და მავრს შეუძლია წავიდეს.
ამიტომ ალექსანდრე ანქვაბისთვის მნიშვნელოვანია აღმასრულებელ ხელისუფლებაში არა მაქსიმალური ადგილების მიღება, არამედ, არ გადააჭარბოს და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს თამაშში.