აფხაზეთი: აქტივისტებმა კარვები გაშალეს და პარლამენტს აიძულებენ, ანტიკორუფციული კანონი მიიღოს
4 თებერვალს, სოხუმში, აფხაზეთის პარლამენტის შენობასთან, დაახლოებით 30-მა აქტივისტმა კარვები გაშალა და იმ დრომდე აპირებენ იქ დარჩენას, სანამ პარლამენტი არ მოახდენს კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის რატიფიცირებას.
ათზე მეტი მილიციელი იქვე ახლოს მორიგეობს, თუმცა, კარვებს არ უახლოვდებიან და მათ აღებას არ მოითხოვენ.
მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ასტამურ კაკალიას ხელმძღვანელობით, 2018 წლიდან ცდილობს, აფხაზეთის პარლამენტს კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მე-20 მუხლის რატიფიცირება აიძულოს და მიაღებინოს კანონი, რომელიც ჩინოვნიკებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას დააკისრებს უკანონოდ გამდიდრებისთვის.
დილით, პროტესტის მონაწილეებმა მიტინგი გამართეს და კიდევ ერთხელ წამოაყენეს თავიანთი მოთხოვნები.
• ვინ და როგორ აიძულებს აფხაზეთის პარლამენტს კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ბრძოლას
•აფხაზეთი, შესაძლოა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს
კანონპროექტს, რომელზეც არის საუბარი, ეწოდება – „კანონპროექტი საჯარო მოხელეებისა და დეპუტატების შემოსავლების, ხარჯებისა და ქონების სავალდებულო დეკლარირების შესახებ“. ამას გარდა, აქტივისტები თავად „უკანონოდ გამდიდრების“ ცნების სისხლის სამართლის კოდექსში შეტანას მოითხოვენ.
თავდაპირველად, საინიციატივო ჯგუფმა კორუფციასთან ბრძოლის კანონის საკუთარი ვარიანტი შეიმუშავა, სოციალურ ქსელში განათავსა და ყველა მსურველს მასში საკუთარი შესწორებების შეტანისკენ მოუწოდა. 2018 წლის ზაფხულში, დამუშავებული დოკუმენტი პარლამენტს გადასცეს.
მას შემდეგ, პერიოდული პროტესტისა და მიტინგების ფონზე, დეპუტატებმა კანონპროექტი ორი მოსმენით მიიღეს, თუმცა, რჩება კიდევ ორი მოსმენა და რამდენადაც პარლამენტი მათ არ გეგმავს – აქტივისტებმა გადაწყვიტეს პროცესი დააჩქარონ და გარანტიები კანონის მიღებისა და მასში შესწორებების შეტანის შესახებ, 22 მარტს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოიპოვონ.
ასტამურ კაკალია ამბობს, რომ აქტივისტებმა ბევრი შეხვედრა გამართეს დეპუტატებთან, განიხილეს მათთან ერთად ყველა საკითხი, მაგრამ ამ კანონპროექტის საბოლოო დამტკიცება მუდმივად იდება ხოლმე.
„გვინდა გავიგოთ, რაში მდგომარეობს ასეთი სირთულე ჩინოვნიკების დეკლარაციის შესახებ ამ უმარტივესი, სტანდარტული კანონის მიღებაში? ძალიან დიდი ხანია ველოდებით და ძალიან ბევრჯერ დაგვპირდნენ, მაგრამ ამ კანონს არ იღებენ. ამასთან, ყველა თანახმაა“, – ამბობს კაკალია.
21 იანვარს, საინიციატივო ჯგუფმა საჯარო დისკუსია გამართა. განხილვის მთავარი თემა, აქტივისტების წინადადების საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიღების აუცილებლობა იყო. იმ შეხვედრაზე პარლამენტის დეპუტატებიდან არავინ მივიდა.
თუმცა, ამავდროულად, დეპუტატები უარს არ ამბობენ პროტესტის მონაწილეებთან პირისპირ შეხვედრებზე და პრაქტიკულად ყველა მივიდა აქტივისტებთან სასაუბროდ.
დეპუტატებს შორის, მომიტინგეების მთავარ მომხრედ დეპუტატი ასტამურ ლოგუა მიიჩნევა.
მისი თქმით, კანონპროექტის მიღება უახლოეს სესიაზე იგეგმებოდა – 6 თებერვალს და პროტესტის მიზეზი არ არსებობს.
თუმცა, აქციის მონაწილეებს საკუთარი ხედვა აქვთ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით.
„აუცილებელია ისეთი ეფექტური კანონების მიღება, რომლებიც ხალხს ემსახურება, მომავალ თაობებს, ეროვნულ ინტერესებს, პირადი ინტერესები კი თითოეულმა ჩვენგანმა სახლში უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა ანტიკორუფციული კანონპროექტის მხარდამჭერი მოძრაობის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ჯანსუღ ადლეიბამ.
„თქვენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ თქვენს პროტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიგებ, თუკი კანონის უარყოფა მოხდება“, – განუცხადა მას პარლამენტის დეპუტატმა, გივი ქვარჩიამ.
პროტესტის მონაწილეები მთელ აფხაზურ საზოგადოებას აქციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. სოციალურ ქსელებში ამას დიდი გამოხმაურება და თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა აქვს. თუმცა, კარვებში მსხდომ აქტივისტებს ბევრი არავინ უერთდება.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო