აფხაზეთის ერთადერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტების სამკურნალოდ და გამოსაკვებად არაფერი აქვთ
აფხაზეთის ომბუდსმენმა, ასიდა შაკრილიმ საჯარო განცხადება გააკეთა აფხაზეთის ერთადერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ კრიტიკულ პრობლემებთან დაკავშირებით.
შაკრილმა განაცხადა, რომ, მისი ინფორმაციით, ფსიქიატრიულმა საავადმყოფომ ვერ მიიღო უკანასკნელი სამი თვისთვის გამოყოფილი თანხა. შედეგად, ადმინისტრაცია ვეღარ ახერხებს ავადმყოფების მკურნალობასა და გამოკვებას და ახლა ექიმები იძულებულები არიან, ოჯახებს მათი ნათესავების სახლში წაყვანა სთხოვონ.
მისი თქმით, საავადმყოფოს დაფინანსებისას პრობლემები პირველად არ იქმნება. 2019 წელს, გადარიცხვა ხუთი თვის განმავლობაში არ მომხდარა და პაციენტები აუცილებელ მედიკამენტებს ვერ იღებდნენ.
შაკრილმა აღნიშნა, რომ 2019 წლის ოქტომბერში, მან ორჯერ მოახდინა ფსიქიატრიული კლინიკის ინსპექტირება და პირადად შეამოწმა სასაწყობე ნაგებობები, სადაც პროდუქტი უნდა ინახებოდეს, მაგრამ ისინი ცარიელი იყო.
„ადამიანები ნორმალურ პირობებში უნდა ცხოვრობდნენ, მათ შორის, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მით უფრო, რომ ისინი იქ თვეობით და წლობით იმყოფებიან და კატეგორიულად არ შეიძლება მკურნალობის შეწყვეტა“, – განაცხადა ასიდა შაკრილმა.
• აფხაზეთში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი მიიღეს, მაგრამ აქტივისტების აზრით ეს ფიქციაა
• თუკი მკვეთრად არ შეამცირებს მოხმარებას, აფხაზეთი შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩეს
ომბუდსმენმა სიტუაციაში გარკვევის მოთხოვნით, ერთდროულად მიმართა პრემიერ-მინისტრს, გენერალურ პროკურატურასა და კონტროლის პალატას.
თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრომ ომბუდსმენის ბრალდებები უარყო.
„ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაფინანსებაში ხარვეზები იმ დროს, რომელიც ომბუდსმენის განცხადებაშია მითითებული, უბრალოდ არ ყოფილა“, – განაცხადა სამინისტროს პრესსამსახურმა.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაფინანსებაში პრობლემები მხოლოდ 2020 წლის იანვარში გაჩნდა და ის დაკავშირებული იყო მისი წესდების ცვლილებასთან. მაგრამ ამის შემდეგ, „ომბუდსმენის განცხადებაში ჩამოთვლილი არც ერთი პრობლემა, რომელიც პაციენტების შენახვასა და მკურნალობას უკავშირდება, არ დაფიქსირებულა“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის საპასუხო განცხადებაში.
ამის მიუხედავად, ასიდა შაკრილი საკუთარ სიმართლეში დარწმუნებულია.
„გენპროკურატურას მივმართე, იმიტომ რომ, სამინისტროს პასუხები არ შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს. ჩვენ ვსაუბრობთ დაფინანსების დაგვიანებაზე. მივიღე ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროდან, სადაც მითითებულია თანხები, მაგრამ იქ არ ამბობენ, როდის მოხდა გადარიცხვა.
ბევრი ინფორმაცია მაქვს და მზად ვარ, ის კონტროლის პალატასა და გენპროკურატურას გავუზიარო“, – განუცხადა ჟურნალისტებს ომბუდსმენმა.