ასი დღე, რომელმაც შეგვცვალა
ასი დღე არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ საკმარისია წარმოდგენის შესაქმნელად იმაზე, რა გაკეთდა კონკრეტული აქტივობის ფარგლებში. როცა ამ ასი დღის ძალიან მოკლედ შეფასება ვთხოვე, ყველაზე აქტიური დამკვირვებელი, 25 წლის ალექსი, არც დაფიქრებულა: „რა არის, იცი? უკვე ასი დღეა, დილით იმ შეგრძნებით ვიღვიძებ, რომ ვიღაცას ვჭირდები, რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ… და ეს ძალიან მაგარია“.
ეს შიდა ქართლის რეგიონში ხდება, სადაც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსმა სამხედროებმა მავთულხლართები და საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დადგეს. 2017 წლის ზაფხულში სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა აქ მუდმივი პატრულირება დაიწყო.
ალექსი ერთადერთი დამკვირვებელი არ არის. ყარაფილა-ნიგოზას მონაკვეთზე სამორიგეოდ ალექსის ასაკის, მასზე უმცროსი, უფროსი ქალები და მამაკაცები მონაცვლეობით დადიან. „ფეისბუქზე“ შექმნილ ჯგუფში წინასწარ არკვევენ სამორიგეოდ წასვლის მსურველებს და დილით, რვიდან ცხრის ნახევრამდე ერთმანეთს თბილისის წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე ელოდებიან.
როცა გუნდის რომელიმე მანქანიანი წევრი ვერ იცლის, ან საწვავის არქონაა პრობლემა, მოხალისეები საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც მიდიან – ყარაფილას გადასახვევიდან ღია ცის ქვეშ მოწყობილ საგუშაგომდე სულ რაღაც ერთი კილომეტრი იქნება.
ყველაფერი კი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, დათოს იდეით დაიწყო: ოცდაოთხსაათიანი პატრულირება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ და რუსი სამხედროების აქტივობაზე დაკვირვება, ამ აქტივობის გადაღება და შემდეგ საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილამდე მიტანა, მედიის ჩართვა არა პოსტფაქტუმ, არამედ უშუალოდ, პროცესში, როცა ამის საჭიროება იქნება.
იდეას დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მოჰყვა. ტრადიცია დაირღვა, ანუ, იდეა მხოლოდ იდეად არ დარჩა და მოხალისეთა პირველი ჯგუფიც გამოჩნდა. ხაზგასმით ითქვა, რომ:
- მოძრაობა დისტანცირდება პოლიტიკური ორგანიზაციებისგან.
- აერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგარ მოქალაქეებს, მათი სამოქალაქო აქტივიზმის დაგეგმვით, დეოკუპაციის მიზნით.
- მისია მშვიდობიანია, ითვალისწინებს ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტს და შემოიფარგლება მხოლოდ სამოქალაქო მონიტორინგით, ინფორმაციის შეგროვებით და მისი გავრცელებით.
იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა – ისეთები, ვინც ფიზიკურად ვერ ერთვებოდა მონიტორინგში, მაგრამ მზად იყო, მოხალისე დამკვირვებლების მხარდასაჭერად სახსრებიც გაეღო.
ნიგოზაში, საველე საგუშაგოზე ღია ცის ქვეშ, ჯერ ერთი ბინოკლი გაჩნდა, მერე ვიღაცამ შტატივი მოიტანა, ამას უკრაინაში მყოფი ქართველი მოხალისეების საჩუქარი – რაციები მოჰყვა, ემიგრანტებმა ტაქტიკური ხელთათმანები გამოაგზავნეს, ნაწილმა მოახლოებული შემოდგომა გაითვალისწინა და საწვიმარი მოსასხამები გამოიწერა ჯგუფის წევრებისთვის, მალე მონოკულარი დაემატა საჭირო ნივთებს, მერე კიდევ ერთი ბინოკლი, ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი…
25 ივლისიდან დღემდე არცერთი დღე არ ჩავარდნილა – 5-6 კაცი ყოველ დილით თბილისიდან ნიგოზამდე დაახლოებით 40 კილომეტრიან მარშრუტს გადის და მონიტორინგს იწყებს: ერთი რაცია საველე შტაბში რჩება, ერთი გამსვლელ ჯგუფს მიაქვს.
მონიტორინგის მონაკვეთი არც ისე ვრცელია და ყარაფილა-ხურვალეთის ზონას მოიცავს, დაახლოებით 20-25 კილომეტრს. მაგრამ ეს ის ზონაა, სადაც რუსი სამხედროები, რომელთა ბაზა ორჭოსანსა და წინაგარაში ნიგოზას საგუშაგოდან კარგად ჩანს, საკმაოდ აქტიურობენ: აკავებენ საქართველოს მოაქალაქეებს, გადაჰყავთ ისინი ხან ახალგორში, ხან ცხინვალში და ადმინისტრაციული წესით აჯარიმებენ.
შესაძლოა, სწორედ ეს უწყვეტი მონიტორინგია მიზეზი, რომ იმ ხნის განმავლობაში, რაც მოქალაქე დამკვირვებლები ზონაში მოძრაობენ, ეთნიკურად ქართველების გატაცება, ფაქტობრივად, არ ხდება.
„დავუშვათ, საქონელი გარეკე სოფლის ბოლოში, საიდანაც რუსი სამხედროების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ერთი ხელის გაწვდენაზეა, საქონელი გაჯიუტდა, დაადო თავი და გადავიდა, ხომ უნდა გადმორეკო? ზოგან მავთულხლართები მიწაზეა გადებული, ბოძები არ არის”.
“ირგვლივ არავინაა, შენს საქონლამდე სულ რაღაც 100 მეტრი გაშორებს, გადააბიჯებ ამ მავთულხლართებს და გადახვალ, რომ უკან გადმორეკო საქონელი და ამ დროს, თითქოს მიწიდან ამოიზარდნენო, მოძრავი პატრული მოდის… ჯერ ძაღლის ყეფას გაიგონებ და ხვდები, რომ გაქცევას აზრი არა აქვს, თან, ხმამაღლა გაფრთხილებენ, რომ თუ არ გაჩერდები, გესვრიან. მერე გიბრძანებენ, ჩაიცუცქო და ძაღლი არ გკბენს, უბრალოდ, გარს გივლის და თუ გაინძრევი, თათებს გაწყობს მხარზე. მერე მოდის პატრული, წარმოგიდგება და მოგმართავს: „Вы нарушили государственную границу…“, მერე ფოტოს გიღებს ბანერთან… ყოფილა შემთხვევები, გადმოუსწრიათ მავთულხლართებს აქეთ, მაგრამ დადევნებიან, დაუკავებიათ, გადაუყვანიათ თავიანთ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ფოტოები ბანერთან გადაუღიათ…“, – იხსენებს თავის და მეზობლების თავგადასავალს კოდისწყაროელი, ორმოცდაათს გადაცილებული ვახტანგი.
22 წლის თეო ერთ-ერთი მოხალისეა. როგორც თვითონ ამბობს, აქტივობაში ჩაბმის მოტივაცია რუს სამხედროებთან შესაძლო შეხვედრა და მათთან საუბარი იყო:
„2008 წელს სკოლაში ვსწავლობდი და ის საშინელი შეგრძნებები, რაც მაშინ მქონდა, დღემდე მომყვება. სულ მინდოდა, მეკითხა რუსი სამხედროებისთვის, რატომ არიან აქ, ამ ქვეყანაში, რატომ ერჩიან მას, რატომ იტაცებენ ჩვენს მიწებს, მაშინ როცა 245-ჯერ ჩვენზე დიდი ქვეყანა აქვთ… როცა პატრულირების შესახებ გავიგე, მასში ჩაბმა მომინდა, ვფიქრობ, ჩვენი და რუსი სამხედროების საპატრულო ჯგუფი, ერთ დღესაც, შესაძლოა, გადაიკვეთოს და თუ გასაუბრების საშუალება იქნება, მინდა მათ შეკითხვები დავუსვა“, – ამბობს ის.
ორი საპატრულო ჯგუფის გზები კი მართლაც გადაიკვეთა. ეს ერგნეთის მონაკვეთზე მოხდა, სადაც მავთულხლართების ნაცვლად მწვანე, რკინის ბადურა ღობეა გავლებული, ყოველ 50 მეტრში სენსორებზე მომუშავე სათვალთვალო კამერებით. რუსი სამხედროების ორკაციანი პატრული მოქალაქე დამკვირვებელთა ჯგუფის დანახვისას შეჩერდა, ღობესთან მაქსიმალურად ახლოს მივიდა, ერთმა ბინოკლი მოიმარჯვა, მეორემ კი პატარა ვიდეოკამერა.
ორი ჯგუფი: ერთი შეიარაღებული, მეორე კი უიარაღოდ, კარგა ხანს იდგა ერთმანეთის პირისპირ და ჯგუფის წევრები ერთმანეთს აკვირდებოდნენ. ერგნეთელმა მოხალისემ გიორგიმ ფოტოც გადაიღო. მალე ეს ფოტო მედიაშიც გავრცელდა. იმ დღეს თეოს მორიგეობა არ უწევდა და ძალიან წყდება გული, რომ ასეთი შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, დანარჩენები კი ამშვიდებენ, ჯერ ყველაფერი წინააო.
დამკვირვებლებს ფოტო და ვიდეომასალაც ბევრი დაუგროვდათ. მათ შორის, საკმაოდ საინტერესო და ღირებულიც: მაგალითად, როგორ გაჰყავთ და ტკეპნიან გზას სპეციალური საინჟინრო ტექნიკით რუსი სამხედროები ავტობანის პარალელურად, ორჭოსნის სამხედრო ბაზის სიახლოვეს. კადრში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირებიც ჩანდნენ. ეს ვიდეოც მედიის დაინტერესების საგანი გახდა.
მოხალისე დამკვირვებლები გავლილი ასი დღის შეფასებისას მხოლოდ იმას ამბობენ, რომ შეჩერებას არ აპირებენ. დროდადრო, საღამოობით, იკრიბებიან და სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ. საპატრულო არეალის გაფართოებასაც განიხილავენ, აქცია-პერფორმანსში მოქალაქეების უფრო მასშტაბურად ჩართვის შესაძლებლობასაც და უკვე რამდენიმე ისეთი ღონისძიებაც აქვთ დაგეგმილი, რომელთა მსგავსი ჯერ არ გამართულა.
დროდადრო საპატრულო ჯგუფის წევრები იმ ადგილებზეც მიდიან, საიდანაც სხვადასხვა სოფელში განთავსებული რუსული ბაზები ხელისგულზე ჩანს. ფოტოები და სხვა სახის მასალა ერთ საიტზე იყრის თავს, რომელიც საგანგებოდ ამ მოძრაობისთვის შეიქმნა და მხოლოდ ოკუპაცია-დეოკუპაციასთან დაკავშირებულ თემებს აშუქებს.
ცხადია, მსგავსი ადგილების პოვნა ძნელია ადგილობრივთა დახმარების გარეშე. ადგილობრივებთან ურთიერთობის თემა ცალკე საკითხია. ყარაფილასა და ნიგოზაში ეთნიკურ ქართველებთან ერთად, ეთნიკურად ოსებიც ცხოვრობენ.
თავდაპირველად ისინი საკმაოდ ფრთხილად შეხვდნენ მისიის წევრების გამოჩენას, მაგრამ დამკვირვებლებმა, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, მათთან დაახლოება სცადეს. შედეგი სახეზეა: ჯერ ერთი ადგილობრივი გამოჩნდა, რომელმაც ბიჭები და გოგოები სახლში, ჩაიზე დაპატიჟა, მერე მეორე, რომელმაც პირიქით, საგუშაგოზე მიიტანა ჩაი თერმოსით:
„მოწესრიგებული ხალხია, როცა სახლში მიდიან, აქაურობას ალაგებენ, დიდი პარკები აქვთ, ნარჩენებს თავიანთი ხელით აგროვებენ და მოკრიალებულს ტოვებენ აქაურობას. ახლა, როცა აცივდა, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, სოფლის კლუბის ერთ ოთახში გადასულიყვნენ, აქ ძალიან ცივი ქარი იცის, ცოდონი არიან…“, – ამბობს სვეტა დეიდა.
…და როცა მისიის დაწყებიდან ათი დღის თავზე ნიგოზაში მცხოვრებმა ლუდა დეიდამ დამკვირვებლებს თავისი ხელით გამომცხვარი ოსური ხაჭაპური – ჭახრაკინი მიუტანა, ხოლო სკოლის დირექტორი მოვიდა და ეზოში ფლაგშტოკზე დამაგრებული, უკვე გაცრეცილი საქართველოს დროშის ნაცვლად ბიჭებს ახალი დროშა სთხოვა, ყველა მიხვდა, რომ ყინული გალღვა…