არც ლიანდაგები, და არც ფული
მარტში აფხაზეთმა იმ კრედიტის დაფარვა უნდა დაიწყოს, რომელიც რუსეთისგან შვიდი წლის წინათ აიღო რკინიგზის რემონტისთვის.
აფხაზეთის წლევანდელ ბიუჯეტში ‘სარკინიგზო’ ვალის დასაფარად დაახლოებით 263 მილიონი რუბლია(დაახლოებით 3 700 000 დოლარი) გათვალისწინებული. მთლიანი კრედიტის თანხა 2 მილიარდ რუბლს (დაახლოებით 28 400 000 დოლარი) შეადგენს, და მისი აღების ამბავი ფრიად სკანდალურია.
2009 წელს, როდესაც აფხაზეთის იმჟამინდელი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში რკინიგზის რემონტისთვის რუსეთისგან კრედიტის აღების წინადადებით გამოვიდა, რაც, მისივე თქმით, მომავალში „ხრეშის ბიზნესის“ განვითარებას შეუწყობდა ხელს, საზოგადოებამ და დამოუკიდებელმა მედიამ ამ ნაბიჯის გონივრულობაში ეჭვი მაშინვე შეიტანა.
აფხაზ ჟურნალისტს, ანტონ კრივენიუკს სტატიისათვის „დიდი აფხაზური თაღლითობა:რკინიგზა-კრედიტი-ხრეში“, რომელშიც ავტორმა ეს გარიგება „დიდ თაღლითობად“ შეაფასა, აფხაზეთის სასამართლომ ორწლიანი პირობითი პატიმრობა შეუფარდა „აფხაზეთის პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის ღირსების შელახვისა და მის მიმართ ცილისმწამებლური განცხადების გავრცელებისთვის“.
ანტონ კრივენიუკის სტატიიდან:
„ამ ფულს აფხაზეთის ხელისუფლება,თავის მხრივ, გადასცემს ‘რუსეთის რკინიგზის’ სახელმწიფო მონოპოლიას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების დასაფინანსებლად. ამასთან ერთად, „რუსეთის რკინიგზას“ ათი წლის ვადით მის მფლობელობაში გადეცემა ‘აფხზეთის რკინიგზა’. თავისთავად, ეს სქემა უკვე უამრავ კითხვას ბადებს, თუმცა მოდით, სხვა გარემოებებსაც მივაქციოთ ყურადღება.
კითხვები მთელ ამ სქემასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ გაჩნდა, როდესაც ითქვა,თითქოს აფხაზეთის რკინიგზა რეაბილიტაციას საჭიროებდა… [2008 წელს] რუსეთის სარკინიგზო ჯარებმა მთავარსარდლობას სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და რკნიგზის სრულფასოვანი მუშაობისთვის მზადყოფნის შესახებ მოახსენეს. ანუ, გამოდის, რომ აფხაზეთის თითქმის მთელი სარკინიგზო ხაზი მუშა მდგომარეობაშია. შესაბამისად,აღდგენილი გზის აღდგენისთვის საჭირო კრედიტი, უკვე ეჭვს იწვევს.
აფხაზეთი კრედიტს რუსეთისგან იღებს. ნასესხებ ფულს კი აფხაზეთის ხელისუფლება „რუსეთის რკინიგზას“ ურიცხავს. ესე იგი, ფაქტობრივად, კრედიტი აფხაზეთს უფორმდება, სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხას კი რუსეთის რკინიგზა ითვისებს.არადა, კრედიტის თანხა თითქმის რესპუბლიკის წლიური ბიუჯეტს უდრის.
გამოდის, რომ რუსეთის ხელისუფლება რუსულივე მონოპოლისტური კომპანიისთვის გასცემს კრედიტს, რომლის დაფარვის ვალდებულებასაც აფხაზეთი კისრულობს. ამის შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლება, რომელმაც უზარმაზარი კრედიტი დაიდო ვალად, „რუსეთის რკინიგზას“ ათწლიანი ვადით გადასცემს აფხაზურ რკინიგზას. სრულიად გაუგებარია, რას მიიღებს ასეთი გარიგებით აფხაზეთი,გარდა ვალისა, და სინამდვილეში ვინ იხეირებს ამ ფულით.
აფხაზეთის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ რუსულ კრედიტს ის ბიზნესი დაფარავს, რომელიც რუსული ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისთვის ინერტული მასალების ექსპორტს ეწევა. ძალიან რთული წარმოსადგენია, როგორ მოხდება ეს ყველაფერი სინამდვილეში. რა საერთო აქვს სახელმწიფოს ვალთან კერძო ბიზნესს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მის საქმიანობასთან? ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ტვირთის გამომგზავნს, ტრანსპორტის ხარჯის გარდა, გზის მშენებლობისთვის საჭირო თანხაც რომ გააღებინონ. იქნებ ინერტული მასალების ექსპორტით მიღებულმა გადასახადებმა და მოსაკრებლებმა ბიუჯეტი შეავსოს? არა, ვერ შეავსებს. აფხაზეთში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც აფხაზეთის ეკონომიკაში 250 ათას დოლარზე მეტს აბანდებენ, საგადასახადო შეღავათებია გათვალისწინებული; ერთმილიონიანი ინვესტიციის შემთხვევაში კი, კომპანია სამი წლის ვადით თითქმის მთლიანად თავისუფლდება ყველა გადასახადისგან. მოკლედ , სოჭის ოლიმპიური ობიექტების მშენებლობის პერიოდში კომპანიები, რომლებიც აფხაზეთიდან ინერტულ მასალებს გაიტანენ, გადასახადებს არ გადაიხდიან; ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი აფხაზური ხრეში თითქმის აღარავის დასჭირდება. ასე რომ,ოლიმპიური მშენებლობა, რომელზეც აფხაზეთი დიდ იმედებს ამყარებდა, რესპუბლიკას ძალიან მცირე შემოსავალს მოუტანს.
‘განვიხილოთ ამ თაღლითობის შედეგები. აფხაზეთს „თავის განკარგულებაში“ რჩება 2 მილიარდი რუბლის ოდენობის ვალი ,რომელიც გაურკვეველი მიმართულებით დაიხარჯა, რადგან ეს კრედიტი იმთავითვე უკვე აღდგენილი რკინიგზის ვითომ აღსადგენად აიღეს. თავად სარკინიგზო ხაზი ათი წლის ვადით რუსეთის რკინიგზას გადაეცა, სახელმწიფო კი ოლიმპიადისთვის მზადების პერიოდში გაცხოველებული ეკონომიკური აქტივობებიდან ერთ კაპიკსაც არ იღებს. სახეზეა ფულის გათეთრების სქემა, რომელშიც რესპუბლიკის ხელისუფლებაც მონაწილეობს. და უნდა ითქვას,რომ ამ თაღლითობის მასშტაბები აფხაზეთისთვის კოლოსალურია ‘.
კრედიტის საქმე კიდევ უფრო სკანდალური გახდა, როდესაც გაირკვა, რომ 2011 წელს აფხაზეთის პარლამენტიდან ერთ-ერთ რუსულ ბანკში, რომელიც კრედიტს გასცემდა, ყალბი ცნობა გაიგზავნა; ეს იყო თითქოს ეროვნული კრების მიერ დამტკიცებული კრედიტთან დაკავშირებული გარიგების ამსახველი დოკუმენტი,რომელიც სინამდვილეში პარლამენტში განსახილველად არც კი შესულა.
2012 წელს, საპარლამენტო კომისიის მოთხოვნით, აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ საქმის შესწავლა დაიწყო, მაგრამ, მიუხედავად სრული სიცხადისა, საქმეში „დანაშაულის შემცველი გარემოებები არ აღმოჩნდა“. მოგვიანებით კი უკვე ყოფილი ვიცეპრემიერი და ფინანსთა მინისტრი, ბესლან კუპრავა საქმისთვის „საპროცედურო ხასიათის დარღვევების“ კვალიფიკაციის მინიჭებას იმით ხსნიდა,რომ კრედიტის აღებას ეკონომიკურად გამართლებულად მიიჩნევდა.
კრედიტის გაცემის პროცედურასთან დაკავშირებული პრეტენზიები მხოლოდ დასაწყისი აღმოჩნდა. ნამდვილი სკანდალი შესრულებული სამუშაოების ხარისხს მოჰყვა. კომპანია „რუსეთის რკინიგზის“ მიერ ჩატარებული სამუშაოების მიღების აქტს პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბის მმართველობის დროს ხელი არ მოეწერა, რადგან მათი დიდი ნაწილი ბოლომდე არ იყო მიყვანილი.
ამის შემდეგ ანქვაბმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას ამ ვალის ჩამოწერა ითხოვა, იმ მიზეზით, რომ კრედიტის გადახდა ძალიან გაჭირდა. პუტინმა პირობა დადო, რომ ამ საკითხზე იფიქრებდა.იფიქრა … და აფხაზეთს ვალი არ ჩამოაწერა.
უკვე ახალი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას იგივე თხოვნას რუსეთის ლიდერმა სიტყვიერი დაპირებით უპასუხა, რომ აფხაზეთს მოსკოვის მიმართ დავალიანებას გაუნულებდა. თუმცა, ამ პირობის დამადასტურებელი რაიმე ოფიციალური საბუთი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
- ხელისუფლებებს შორის მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, კრედიტის ძირითადი თანხა, წლიური 2,5 პროცენტის სარგებელთან ერთად, აფხაზეთმა 2019 წლისთვის უნდა დაფაროს.
პორტალის მასალები შეიცავს იმ ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც გამოიყენება აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და მთიან ყარაბაღში.