არჩევნები - 2016 ციფრებში
- 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობა მე-9 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. ბოლო მონაცემებით (2016 წლის 1 მაისი), საქართველოში 3 473 316 ამომრჩეველია.
 - არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კვალიფიციურმა და არაკვალიფიციურმა (რომელთაც არ ჰყავთ წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში) საარჩევნო სუბიექტებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს შესაბამისი განცხადებით არაუგვიანეს 1 აგვისტოს უნდა მიმართონ.
 - ამის შემდეგ მათ მხარდამჭერთა სიებისთვის განკუთვნილი სპეციალური ბლანკები გადაეცემათ. კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტებმა, სულ ცოტა, 1000 ამომრჩევლის სია უნდა წარმოადგინონ; ხოლო არაკვალიფიციურებმა – 25 ათასი ხელმოწერა. მხარდამჭერთა სიების წარდგენის ბოლო ვადაა – 15 აგვისტო.
 - ჯერჯერობით ცესკოსთვის არც “ქართულ ოცნებას” და არც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” არ მიუმართავთ. კვალიფიციურ სუბიექტებს, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენელი ჰყავთ, შეუძლიათ არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57 დღის ვადაში მიმართონ ცესკოს.
 - ბოლო მონაცემებით, 26-მა პოლიტიკურმა პარტიამ უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნებში მონაწილეობის სურვილით და აქედან ხუთმა გაიარა რეგისტრაცია. ამ დროისთვის უკვე რეგისტრირებული პარტიებია: “სახალხო ხელისუფლება”, “დავით თევზაძე საქართველოს მშვიდობისთვის”, “ზვიადის გზა, უფლის სახელით”, “საქართველო,“ “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”.
 - პარლამენტში მოსახვედრად ნებისმიერმა პარტიამ უნდა გადალახოს 5%-იანი საარჩევნო ბარიერი.
 - მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც ხმების არანაკლებ 50 პროცენტი ან მეტი მიიღო.
 - საქართველოს პარლამენტში 150 დეპუტატია. კონსტიტუციის მიხედვით, მათგან პროპორციული სისტემით არჩეულია 77 დეპუტატი, ხოლო მაჟორიტარულით – 73.
 - კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან.
 - იმისთვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს, პარტიამ პარლამენტში 113 დეპუტატი უნდა გაიყვანოს.
 - კანონმდებლობის მიხედვით, პრემიერისა და მთავრობის არჩევისთვის საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა, ანუ 150-დან 76 ხმა.
 - არჩევნების დღეს 8 ოქტომბერს 00:00 საათიდან ტელევიზიასა და რადიოს ეთერში აკრძალულია ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. ასევე აკრძალულია აგიტაცია კენჭისყრის შენობაში.
 - კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება. ამ დრომდე აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
 - კანონმდებლობის მიხედვით, პარტიებს – რომელთაც პროპორციული წესით ჩატარებულ წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს და პირველ სამ ადგილზე გავიდნენ, შეუძლიათ თავიანთი ძველი საარჩევნო ნომრები შეინარჩუნონ. დანარჩენი პოლიტიკური პარტიების ნომრები განისაზღვრება წილისყრით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე.
 - პარტიული სიები საარჩევნო სუბიექტებმა არჩევნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე უნდა წარადგინონ.
 - იმ მინისტრებმა, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ, თანამდებობები პარტიული სიის წარდგენის მომენტისთვის უნდა დატოვონ.
 - რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს – მათ მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნიათ და მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში შეეძლებათ, საარჩევნო კამპანია აწარმოონ. მათ შორის არიან საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები; ასევე არჩეული მერები და გამგებლები და საკრებულოს წევრებიც, რადგანაც ისინიც ითვლებიან პოლიტიკური თანამდებობის პირებად.
 - დღეიდან ამოქმედდება ასევე მედიაშეზღუდვა და შეეხება არა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწებელს – პოლიტიკური რეკლამების განთავსების შემთხვევაში, აუციელებლია მედიაორგანიზაციის ხელმძღვანელმა აცნობოს კომუნიკაციის ეროვნულ კომისიას. რეკლამის ფასი ყველა პოლიტიკური პარტიისთვის ერთნაირი უნდა იყოს.
 
გამოქვეყნებულია: 8.06.2016