ამერიკამ 60 რუსი დიპლომატი გააძევა. იგივეს აკეთებს ევროპის 14 ქვეყანაც
გაზიარება
გაზიარება
სკვერი სავაჭრო ცენტრთან, სადაც სკრიპალები მოწამლეს. სოლსბერი, 19 მარტი, 2018 წელი. REUTERS/პიტერ ნიკოლსი
“სკრიპალის საქმესთან” დაკავშირებით აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნიდან 60 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ. გარდა ამისა, თეთრი სახლი აპირებს სიეტლში რუსეთის გენერალური საკონსულო დახუროს.
რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო კანადამ. უკრაინამ საკუთარი ქვეყნიდან 13 რუსი დიპლომატი გააძევა. ასევე რუსი დიპლომატები გააძევა ევროპის 14-მა ქვეყანამ – საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, დანიამ, ჩეხეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და სხვა ქვეყნებმა.
მანამდე რუსეთიდან თავისი ელჩი გაიწვია ევროკავშირმა.
რუსული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში, სავაჭრო ცენტრში 4 მარტს მოწამლეს. ამჟამად ორივე კომაშია. სერგეი სკრიპალი, რომელიც რუსეთიდან 2010 წელს გაემგზავრა, ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით სერგეი სკრიპალი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოწამლეს. ბრიტანეთმა საკუთარი ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გაიწვია და იგივე ნაბიჯისკენ მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც.
მოსკოვი უარყოფს რაიმე კავშირს სკრიპალის მოწამვლასთან.
სკრიპალების მოწამვლა პირველი შემთხვევაა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა დროსაც ევროპის ტერიტორიაზე მასობრივი განადგურების იარაღი გამოიყენეს.
სპრიპალები ნერვული აგენტით “ნოვიჩოკით” მოწამლეს. ამ ნივთიერების წარმოება საბჭოთა კავშირში დაიწყეს და შემდეგ რუსეთშიც გააგრძელეს.