აზერბაიჯანულ სერიალებში კანონდამრღვევი პერსონაჟების არსებობა აიკრძალა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანის ტელერადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭო აპირებს ქვეყანაში გადაღებული ტელესრიალების შინაარსი გააკონტროლოს. ამის შესახებ ტელერადიომაუწყებლობის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნუშირავან მაგერამლიმ სააგენტო „ტრენდთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ის ირწმუნება, რომ აზერბაიჯანში გადაღებული სატელევიზიო სერიალები საგანმანათლებლო ფუნქცია უნდა ასრულებდეს. მაგერამლის თქმით, აზერბაიჯანულ სერიალებში ხშირად კანონისა და მორალურ–ეთიკური ნორმების დარღვევის პროპაგანდა ხდება და ეს მიუღებელია.
“უცხოურ სერიალებში, როდესაც გმირი ავტომობილში ჯდება, ის პირველ რიგში უსაფრთხოების ღვედს იკრავს, მანქანის სალონში არ ეწევა, საჭესთან მობილური ტელეფონით არ საუბრობს. ჩვენს სერიალებში კი ყველაფერი პირიქითაა, ამას აკეთებენ, და მეტიც – წითელ შუქზეც კი კვეთენ ქუჩას. ეს არ უნდა ხდებოდეს. სერიალი სასარგებლო ჩვევების პროპაგანდას უნდა ახდენდეს, და არა მავნე ჩვევების. ჩვენთან სერიალები კრიმინალის პროპაგანდას ეწევიან“, – მიაჩნია მაგერამლის.
მან ასევე დასძინა, რომ ეს რეგულაციები ცენზურა არ არის და ის ცენზურას არ ემხრობა. „ჩვენ შემოქმედებით პროცესში ჩარევა არ გვინდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფლებამოსილებები არ გაგვაჩნია. არსებობს კანონი „ტელე და რადიომაუწყებლობის შესახებ“, როდესაც ამ კანონის მუხლები ირღვევა, ჩვენ ვალდებულები ვართ ჩავერიოთ“.
აზერბაიჯანული ტელესერიალების წარმოებამ 2012 წელს დამატებითი მძლავრი იმპულსი მიიღო, როდესაც ტელე და რადიომაუწყებლობის ეროვნულმა საბჭომ აზერბაიჯანულ არხებზე უცხოური ტელესერიალების ტრანსლაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. მაშინ მაგერამლი ამბობდა: „ჩვენი ახალგაზრდა თაობა უცხოურ სერიალებზე არ უნდა აღიზარდოს“.
“მთელი ეს საუბრები „საგანმანათლებლო ფუნქციასთან“ დაკავშირებით კერძო არხებს არ უნდა ეხებოდეს. ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა მილიონობით მანათი სახელმწიფო და საზოგადოებრივი არხებისთვის. საგნმანათლებლო საქმიანობით ისინი უნდა დაკავდნენ. კერძო არხებმა კი, კანონის ფარგლებში, თავიანთი პროდუქციით უნდა გამოიმუშაონ ფული“, – ამბობს ტელეპროდუსერი მურად ჰუსეინოვი.
მაგერამლის განცხადება აზერბაიჯანული სოციალური ქსელების ჰიტად იქცა. მას აქტიურად განიხილავენ:
“საინტერესოა, რას დაემსგავსებოდა Game of Throns ანდა Doctor House, მათაც მაგერამლისნაირი ცენზორი რომ ჰყოლოდათ“, – ინტერესდება ფეისბუკის ერთ–ერთი მომხმარებელი.