აზერბაიჯანული საფერხბურთო კლუბი „ყარაბაღი“ ჩემპიონთან ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა
გაზიარება
გაზიარება
საფეხბურთო კლუბმა „ყარაბაღმა“, რომელიც აზერბაიჯანის ქალაქ აგდამს წარმოადგენს, ორი თამაშის საერთო ანგარიშით დანიის „კოპენჰაგენს“ გაუსწრო და ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. კოპენჰაგენში მინიმალური ანგარიშით 1:2 დამარცხების მიუხედავად, „ყარაბაღი“ სხვის მოედანზე გატანილი გოლის წყალობით, შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა ერთი კვირის წინ ბაქოში, აზერბაიჯანელების გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.
ამგვარად, „ყარაბაღი“ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის არსებობის განმავლობაში, 1992 წლიდან სამხრეთი კავკასიის ქვეყნების პირველი წარმომადგენელი აღმოჩნდა.
“ყარაბაღის“ საერთო გამარჯვებამ გუნდის გულშემატკივრების დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ავტომობილების გუგუნი მთელ ღამეს გაისმოდა, ადამიანები ქუჩებში ცეკვავდნენ, ლოზუნგებს მღეროდნენ. დილით კი „ყარაბაღის“ ყველაზე მხურვალე გულშემატკივრები ბაქოს საერთაშორისო აეროპორტისკენ გაემართნენ, რათა თავიანთი კერპებისთვის საზეიმო დახვედრა მოეწყოთ.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ყარაბაღის“ გასვლას, სპორტული მხარის გარდა, აზერბაიჯანისთვის ეკონომიკური მნიშვნელობაც აქვს. მხოლოდ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრისთვის საფეხბურთო კლუბი ევროპის ფეხბურთის ფედერაცია უეფასგან 12.7 მილიონ ევროს ( 15 მილიონ დოლარს) იღებს. ეკონომისტი ტორღულ ველიევის თქმით, ეს უფრო მეტია, ვიდრე აზერბაიჯანიდან სპილენძის წიაღისეულის მთელი ექსპორტი (14 მილიონი დოლარი), და კარტოფილის ექსპორტის მოცულობას უტოლდება (15 მილიონი დოლარი). მაგრამ „ყარაბაღს“ ჯგუფურ ტურნირზე დაგროვილი თითოეული ქულისთვის კიდევ დამატებითი ბონუსები დაერიცხება (ყველა მოგებზე 1,5 მილიონი ევრო, თითოეულ ფრეზე 500 ათასი ევრო).
აგდამის საფეხბურთო კლუბი „ყარაბაღი“ 1950 წელს დაარსდა – სახელით „მეხსულ“ („მოსავალი“). ის აზერბაიჯანის ხუთგზის ჩემპიონია; სახელწოდებით „ყარაბაღი“ მთიან ყარაბაღში 1987 წელს დაწყებული კონფლიქტის დაწყების დროიდან გამოდის. იმ დროს სსრკ–ს საფეხბურთო ჩემპიონატზე სხვა „ყარაბაღი“ გამოდიოდა, რომელიც მთიანი ყარაბაღის დედაქალაქს სტეფანაკერტს (ან ჰანკედის, როგორც მას აზერბაიჯანელები ეძახიან) წარმოადგენდა. აგდამის სომხეთის კონტროლის ქვეშ გადასვლის შემდეგ 1993 წლის ივლისში „ყარაბაღი“ იმავე რაიონის დაბა გუზანლიში გადაბარგდა, მაგრამ საერთაშორისო დონის საშინაო თამაშებს ბაქოს რესპუბლიკურ სტადიონზე ატარებს.