აზერბაიჯანმა მოკლული სომეხი მწყემსის ოჯახს, კომპენსაციის სახით, 60 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს
ევროპის ადმიანის უფლებათა სასამართლომ საქმეზე „სარიბეკიანი და ბლაიანი აზერბაიჯანის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოიტანა. საუბარია სომეხ მწყემს მანველ სარიბეკიანზე, რომელიც 10 წლის წინ აზერბაიჯანში ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე კვირაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ბაქოს, დაღუპული მწყემსის მშობლებისთვის მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 60 ათასი ევროს, სასამართლო ხარჯების კომპენსაციისთვის კი – 2,200 ევროს გადახდა დააკისრა. ეს იმ თანხაზე ორჯერ ნაკლებია, რასაც სარიბეკიანის მშობლები მოითხოვდნენ.
რა მოუვიდა მანველ სარიბეკიანს
ოცი წლის მწყემსი მანველ სარიბეკიანი ტყვედ 2010 წლის სექტემბერში ჩავარდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ სომეხი მზვერავი სარიბეკიანი „მთიანი ყარაბაღის ჩრდილო-აღმოსავლეთის მონაკვეთიდან სომხური ძალების მიერ დივერსიული ოპერაციის განხორციელებისას“ დააკავეს.
ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახი ევროპის სასამართლოში წარდგენილ განცხადებაში ამბობდა, რომ მან საზღვარი ნისლიან ამინდში შეცდომით გადაკვეთა, როდესაც შეშას აგროვებდა და დაკარგულ საქონელს ეძებდა. თუმცა, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ის იმაში დაადანაშაულა, რომ მწყემსი ერთ-ერთი აზერბაიჯანული სოფლის სკოლის აფეთქებას აპირებდა.
სარიბეკიანი ბაქოს სამხედრო პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ხუთ ოქტომბერს ის ციხის საკანში გარდაცვლილი იპოვეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მან თავი ჩამოიხრჩო, სისხლის სამართლის საქმე დახურეს. გარდაცვალებიდან ერთ თვეში სარიბეკიანის სხეული სომხურ მხარეს გადაეცა.
ამის შემდეგ სისიხლის სამართლის საქმით უკვე სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები დაკავდნენ. სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანულ მხარეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნა გაუგზავნა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
წინასწარი დათვალიერების შედეგად სარიბეკიანის სხეულზე წამების კვალი აღმოაჩინეს. სომხეთის გნერალური პროკურატურის განკარგულებით, „განსაკუთრებული სისტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის“ მუხლით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება
ევროპის სასამართლოში სარჩელი სარიბეკიანის მშობლების განცხადების საფუძველზე შევიდა. მათი წარმომადგენლები იყვნენ ადვოკატები – არა კაზარიანი და არტაკ ზეინალიანი, რომელიც 2018-2019 წლებში სომხეთის იუსტიციის მინისტრი იყო.
სასამართლომ დაადგინა, რომ აზერბაიჯანმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები დაარღვია. კერძოდ, საუბარია პატიმრის სიცოცხლის უფლებაზე, ასევე წამების ამკრძალავ მუხლებზე, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და დასჯაზე.
ევროპის სასამართლომ გაითვალისწინა ასევე სომხეთში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელმაც, გაგუდვის გარდა – მკერდის, წელის, თირკმელების, თეძოსა და სწორ ნაწლავის მიდამოში სისხლის ჩაქცევები, ასევე თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმები დააფიქსირა.
„სასამართლომ დაადგინა, რომ სარიბეკიანი ბაქოს სამხედრო პოლიციის განყოფილებაში გატარებულ სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში სასტიკ მოპყრობასა და ფიზიკურ ძალადობას განიცდიდა, მის მიერ გადატანილი ტანჯვა კი წამების ტოლფასი იყო, და ის მისი უფლებების დარღვევის მსხვერპლი გახდა“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.
ამრიგად, აზერბაიჯანი მანველ სარიბეკიანის სიკვდილზე პასუხისმგებელია და ვალდებულია, დაღუპულის ოჯახს კომპენსაცია გადაუხადოს.