„წიგნების ომი“ აზერბაიჯანში სოციალური ქსელების ყურადღების ქვეშ მოექცა
წიგნის მაღაზიების ქსელის „ალი და ნინოს“ მფლობელის, ნიგიარ კოჩარლის ვიდეო-მიმართვამ, რომელიც აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების მინისტრს, კამალედ ჰეიდაროვს ეძღვნებოდა, სოციალური ქსელები „ააფეთქა“.
მიმართვაში კოჩარლი მინისტრს აცნობებს, რომ მისი სახელით სხვადასხვა ადამიანები მის მაღაზიებში სარეიდო შემოვლებს ახორციელებენ და ჰეიდაროვის სასარგებლოდ ბიზნესის დათმობას სთხოვენ. სოციალურ ქსელებში განთავსებული ვიდეო-მიმართვა სწრაფადვე გახდა პოპულარული და მომხმარებელთა შორის ფართო გამოხმაურება ჰპოვა.
„ოთხი წლის წინ თქვენი სახელით განმიცხადეს, რომ „ალი და ნინო“ თქვენთვის უნდა გადმომეცა. თუ ამას არ გააკეთებ, „მაშინ ჩვენ -სპილო, შენ კი – ჭიანჭველა, ადვილად გაგსრესსთო“, – მითხრეს“ – ამბობს ნიგიარ კოჩარლი.
ნიგიარ კოჩარლის თქმით, ოთხი წლის განმავლობაში „ალი და ნინოს“ მისამართით მორალური ტერორი მიმდინარეობს:
„პრობლემები საბაჟოზე, ფარული გადაღებები ჩვენს მაღაზიებში, თანამშრომლების დაკითხვა, პრესასა და სოციალურ ქსელებში კამპანიები ჩემ წინააღმდეგ. ესეც არ იკმარეს და ახლა „ალი და ნინოს“ ქსელის წიგნის მაღაზიებს მოლებიდან (სავაჭრო ცენტრები) აძევებენ. თქვენი ხალხი ამ მაღაზიებიდან გვაგდებს და იქ საკუთარ მაღაზიებს ხსნის“.
კოჩარლი ირწმუნება, რომ ამ კამპანიის უკან მისი კონკურენტები დგანან – წიგნის მაღაზიების ქსელი „LİBRAFF“, რომელსაც მინისტრის ვაჟთან, საზოგადოება „ევროპა-აზერბაიჯანის“ ხელმძღვანელ ტალე ჰეიდაროვთან აკავშირებენ. ტალე ჰეიდაროვი 2014 წლიდან საგამომცემლო სახლი TEAS Press-ის დამფუძნებელია და წიგნის მაღაზიების ქსელი Libraff მისი კუთვნილებაა.
მეორე დღეს Libraff-მა გაავრცელა განცხადება, რომლითაც კოჩარლის ბრალდებები უარყო და „ალი და ნინო“ სიცრუეში, საავტორო უფლებებისა და კოპირაიტის დარღვევაში დაადანაშაულა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ Libraff „ალი და ნინოს“ და მისი პარტნიორების მხრიდან მუდმივად განიცდის მორალურ ზეწოლას.
„სოციალურ ქსელებში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საგამომცემლო სახლი TEAS Press წიგნის ბაზრის მონოპოლიზებას აპირებს. სურთ, რომ ამ სტრუქტურის ირგვლივ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრი შექმნან. კოჩარლის მიმართვაც ამ კამპანიის ნაწილია.“
Libraff-მა კონკურენტები ასევე კოპირაიტის დარღვევაშიც დაადანაშაულა.
„კოჩარლის მაღაზიებში“ ისეთი პირატული გამოცემები იყიდება, რომლებზეც უფლება TEAS-ს ეკუთვნის. ეს უკანონოდ გამოცემული წიგნები კოჩარლის მაღაზიების ვიტრინებში აწყვია. მონიტორინგმა ყველა ეს ფაქტი დააფიქსირა“.
სოციალური ქსელების მომხმარებლები „წიგნების ომზე“ სახვადასხვაგვარად რეაგირებენ. გთავაზობთ რამდენიმე სახასიათო კომენტარს:
„ტალე ჰეიდაროვს წიგნის ბიზნესით მიღებული შემოსავალი არ სჭირდება. მისი მიზანია – აკონტროლოს, თუ რას კითხულობენ ადამიანები. წერის მეტ-ნაკლებად მცოდნე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში დღეს წიგნების თარგმანითა და რეადქტირებით შეუძლიათ თავის რჩენა. მას შემდეგ, რაც წიგნების გამოცემასა და გავრცელებას მონოპოლიაში მოაქცევენ, ეს ადამიანები თავიანთ შემოსავალს დაკარგავენ“.
„ჩემი აზრით, კოჩარლის მხრიდან ეს უბრალოდ თვითრეკლამის აქციაა. ვინ დაიჯერებს, რომ ჰეიდაროვები თავიანთ უზარმაზარ ფულს დათმობენ და ასეთი ნაკლებად რენატაბელური ბიზნესის გამო შეირცხვენენ თავს?“
„სამწუხაროდ, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ კონკურენტების მხრიდან უწესო ქმედებებს, განსაკუთრებით მათგან, ვისაც ხელისუფლება „ზურგს უმაგრებს“. მაგრამ როგორ უნდა მოითხოვო კანონის დაცვა, როდესაც მას თავად არღვევ და არალიცენზირებულ წიგნებს ყიდი? გასაგებია, რომ მკითხველს უფრო იაფად ყიდვა ურჩევნია, მაგრამ ადრე თუ გვიან ასეთ პრაქტიკაზე უარი უნდა ვთქვათ“.
„ძალიან სმწუხაროა. ძალიან. ნიგიარ კოჩარლი მილიონებს არ ატრიალებს, ღვინოებით, ზეთებით არ ვაჭრობს, არც ტურიზმის ბიზნესი აქვს და არც სასტუმროებს აშენებს. ის წიგნებს ყიდის. ისეთ ქვეყანაში, სადაც წიგნის კითხვა ყველას არ უყვარს, მაგრამ მშვიდად მუშაობა არც აქ გამოდის“.