წელს აზერბაიჯანში ჰეიდარ ალიევის დაბადების დღისადმი მიძღვნილი "ყვავილების დღესასწაული" ძალიან სადად აღინიშნა
გაზიარება
გაზიარება
აზერბაიჯანში 10 მაისს მრავალწლიანი ლიდერის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტისა და მოქმედი პრეზიდენტის მამის, ჰეიდარ ალიევის დაბადების 94-ე წლისთავი აღნიშნეს.
ტრადიციული “ყვავილების დღესასწაული”, რომელსაც ყოველწლიურად “საერთო სახალხო ლიდერის” დაბადების დღეს აღნიშნავდნენ, წელს ახალი, გაცილებით სადა ფორმატით ჩატარდა.
ჯერ კიდევ სამი წლის წინათ ათობით მილიონი დოლარი იხარჯებოდა ყვავილების იმპორტსა და სხვადასხვა ყვავილოვანი კომპოზიციის დიზაინის შექმნაზე. ამ დღესასწაულის იდეის ავტორი, ქალაქი ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, ჰაჯიბალ აბუთალიბოვი ჟურნალისტებს არწმუნებდა, რომ ამ დღესასწაულის მასშტაბები ყოველწლიურად მხოლოდ გაიზრდება.
“ჰეიდარ ალიევმა ეს დაიმსახურა, რადგან ის სახელმწიფოსა და ხალხის გადამრჩენელია. ჰეიდარ ალიევი შეუფასებელია, ასე რომ, მე ფინანსურ მხარეზე არც კი ვფიქრობ. წელს აქ ორ ნახევარჯერ მეტი ყვავილი იქნება, ვიდრე გასულ წელს იყო”, – ამბობდააბუთალიბოვი ბი-ბი-სისთან ინტერვიუში 2013 წელს.
თუმცა, ნავთობის ფასების მკვეთრმა ვარდნამ, და ამასთან დაკავშირებულმა აზერბაიჯანის შემოსავლების შემცირებამ სახელმწიფო აიძულა, რომ ქვეყნის ბიუჯეტისთვის განსაკუთრებულად ხარჯიანი მუხლებისთვის გადაეხედა. როგორც ჩანს, “ყვავილების დღესასწაულიც” შემცირების ქვეშ მოჰყვა.
ბაქოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ წელს ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე კეთილმოწყობისა და გამწვანების მასობრივი სამუშაოებით აღენიშნა. ხეებისა და ყვავილების დარგვის კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ, ასევე ბევრი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის თანამშრომლებმა. სკოლებსა და უნივერსიტეტებში, საბჭოთა დროის ანალოგიით, ორგანიზებულია “შაბათობები”.
ახალგაზრდული ორგანიზაციების აქტივისტებს არაერთხელ ჩაუტარებიათ საპროტესტო აქციები “ყვავილების დღესასწაულის” წინააღმდეგ. ყველაზე ხმაურიანი საპროტესტო აქცია 2009 წელს ჩატარდა. გასულ წელს ორი ახალგაზრდა აქტივისტი დააპატიმრეს და გაასამართლეს მას შემდეგ, რაც მათ ალიევის ქანდაკების კვარცხლბეკზე მიაწერეს “გილოცავთ მონობის დღესასწაულს” (სიტყვების თამაში, აზერბაიჯანულად სიტყვებს – “ყვავილებს” და “მონას” მსგავსი ჟღერადობა აქვთ – qul და gül)