თბილისში დამზადებულ ნახევარფაბრიკატებში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოჩნდა
ხინკალი, ქაბაბი, გუფთა, ბლინი, ბასტურმა, მსხვივლფეხა პირუტყვის ხორცი – სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში არსებული საწარმოებიდან და ბაზრებიდან აღებული ამ პროდუქტების 20 ნიმუში გამოიკვლია და აქედან 9-ში ცხენისა და ვირის ხორცი აღმოაჩინა.
7 კომპანია, რომლებიც მომხმარებელს საქონლისა და ღორის ხორცის მაგივრად ცხენისა და ვირის ხორცს და მათგან დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს აწვდიდა, ათასი ლარით დაჯარიმდა.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცში, რომელსაც ეტიკეტზე საქონელი ან ღორი ჰქონდა მითითებული, ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა. 2017 წლის 19 დეკემბერს სააგენტომ დარღვევების გამო 12 ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.
საქართველოს კანონმდებლობით, ცხენისა თუ ვირის ხორცის გაყიდვა არ იკრძალება, თუმცა რეალიზაციის შემთხვევაში, სავალდებულოა, ხორცი იყოს ეტიკეტირებული და მითითებული იყოს მისი სახეობა.
თუმცა, მწარმოებლები ამას არ აკეთებენ, რადგან საქართველოში ცოტა ვინმე თუ იყიდის პროდუქტს, რომელსაც ეწერება “ვირის ხორცის ხინკალი” ან “ცხენის გუფთა”. საქართველოში ამ ცხოველების ხორცს საკვებად არ იყენებენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო ხორცის სახეობრივ კვლევას 2017 წლის მარტიდან ატარებს. საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებული მზა კერძების და სხვა სახის სურსათის ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში მოწმდება. ამ ხნის განმავლობაში უკვე რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა. ამას იმით ხსნიან, რომ ჯარიმები და სანქციები მიზერულია, რაც არაკეთილსინდისიერ მწარმოებლებს არ აშინებს.