“შრომის ინსპექციის შექმნა საქართველოს ვალდებულებაა” - იანოშ ჰერმანი
გაზიარება
გაზიარება
ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განაცხადა, რომ საქართველოს შრომის ინსპექციის შექმნის ვალდებულება აქვს.
“ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამედ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არაერთხელ, პრაქტიკულად, ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე მესმის, რომ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით სახეზეა და ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება”, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა. მან იმედი გამოთქვა, რომ შრომის ინსპექცია ეტაპობრივად სრულფასოვნად ამოქმედდება.
შრომის ინსპექციის ეფექტიანობის საკითხი კიდევ ერთხელ მას შემდეგ დადგა, რაც 9 მაისს ტყიბულის მაღაროში 4 მუშა დაიღუპა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მაღაროში ბაგირის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მაღაროელები დაახლოებით 400 მეტრი სიმაღლიდან ჩაცვივდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აწარმოებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მოქალაქეები სამუშაოს შესრულების დროს იღუპებიან. არასამთავრობო სექტორი, დასაქმებულები, პროფკავშირების წარმომადგენლები დიდი ხანია ამბობენ, რომ სხვადასხვა სახის საწარმოო ტრავმების მიზეზი ხშირად დამსაქმებლის მხრიდან უსაფრთხოების წესების უგულვებელყოფაა.
საქართველოში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტი მოქმედებს, თუმცა მის ეფექტურობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია. კერძოდ შემოწმება, ნებაყოფლობითია. ანუ მოწმდებიან მხოლოდ ის კომპანიები, ვინც დეპარტამენტს ამის ნებას დართავს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი კომპანია არ ჯარიმდება, მხოლოდ შენიშვნები და რეკომენდაციები ეგზავნება, რაც კონფიდენციალურია.
“დამერწმუნეთ, შრომის ინსპექცია არ არის პანაცეა. თვითონ შრომის უსაფრთხოების სისტემა არის მრავალეშელონიანი სისტემა დამხოლოდ შრომის ინსპექცია ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იმუშავეს კომპანიის უსაფრთხოების სისტემამ, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ და სხვა უწყებებმა, მათ შორის თვითონ სასამართლო სისტემამაც. აქ არის მთელი პროცესი. 240-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეებიდან, ბოლო 4 წლის განმავლობაში 260 საქმე აღიძრა. აქედან 60 დასრულდა გამამტყუნებელი განაჩენით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოყენებული საპატიმრო სანქცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს მუხლი ამას ითვალისწინებს. შეეფარდათ მხოლოდ პირობითი სასჯელი ან დაეკისრათ კომპენსაცია. გასაგებია, რომ დაღუპულთა, ან დაზიანებულთა ოჯახებს ურჩევნიათ კომპენსაციის მიღება, მაგრამ ამის გამო პრევენციული ფუნქცია აღარ გააჩნია სასამართლოს, რადგან შიში აღარ არის ციხეში წასვლის“,- განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.