შარლ აზნავური საფრანგეთში დაკრძალეს. სომხეთში გლოვაა გამოცხადებული
პარიზში სომხური წარმოშობის ფრანგ შანსონიესთან, შარლ აზნავურთან გამოთხოვების ოფიციალური ცერემონია შედგა.
მემორიალურ კომპლქს „ინვალიდების სახლთან“ მივიდნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი, სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორე, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, საფრანგეთის ექს-პრეზიდენტები ნიკოლა სარკოზი და ფრანსუა ოლანდი, ასევე – სხვა ცნობილი პოლიტიკოსები და მსოფლიო მნიშვნელობის ვარსკვლავები.
როგორ ჩატარდა ცერემონია
შარლ აზნავურს სომხური დუდუკის ჰანგებით გამოემშვიდობნენ. შანსონიეს კუბოზე საფრანგეთის დროშა იყო გადაკრული, მის გვერდით კი სომხური სამფეროვანი გვირგვინი იდგა.
ფაშინიანმა თავის სიტყვაში იმაზე ილაპარაკა, რომ არტისტმა აზნავურმა თაობები გააერთიანა, ის თავისი სამშობლოს და ხალხის ტკივილით, საჭიროებებით და ოცნებებით ცხოვრობდა:
„ის სომხეთის ეროვნული გმირი იყო, და ეს არამხოლოდ როგორც მუსიკოსმა დაიმსახურა, არამედ როგორც ადამიანმა, რომელმაც საკუთარი სამშობლოს განვითარებაში დაუვიწყარი წვლილი შეიტანა. სომხეთში მისი სახელი მოედნებსა და ქუჩებს ჰქვია, გიუმრიში მისი ძეგლი დგას, ამ დანაკარგს მსოფლიოს ყველა სომეხი გლოვობს.
მომდევნო კვირას შარლ აზნავური სომხეთში ფრანკოფონიის სამიტში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჩამოსულიყო. მინდოდა, რომ მას ახალი სომხეთი შეეგრძნო, ის ცვლილებები, რაც ჩვენს ქვეყანაში მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. დაე, საფრანგეთსა და სომხეთს შორის მეგობრობა აზნავურის ღირსი იყოს“.
ემანუელ მაკრონმა ლეგენდარული შანსონიეს სიმღერებსა და შემოქმედებაზე ილაპარაკა:
„აზნავურის სიმღერები – ეს, პირველ რიგში, სიტყვებია. ეს ის სიტყვებია, რომელიც გულს ეხება. სიმღერის სათაურები, მინამღერები საერთო მემკვიდრეობად იქცა. თითოეულ ჩვენგანს საკუთარი აზნავური გვყავს… ეს ხმა, ეს ინტონაცია, სხვა ყველა ხმისგან გამორჩეული, ჩვენს ცხოვრებაში დამკვიდრდა, და ჩვენ შეუმჩნევლად გავერთიანდით, მიუხედავად ჩვენი მდგომარეობებისა და ასაკისა. შეიქმნა საერთო გრძნობა, და შარლ აზნავური, საერთო აზრით, სრულიად ბუნებრივად იქცა საფრანგეთის ერთ-ერთ სიმბოლოდ“.
როგორ გარდაიცვალა შარლ აზნავური
მომღერალი ბოლო დღეებამდე გასტროლებზე დადიოდა, და ახლახან იაპონიაში გამართული გასტროლებიდან დაბრუნდა. ის საფრანგეთის სამხრეთით 1 ოქტომბრის ღამით ერთ-ერთ თავის მამულში გარდაიცვალა. აზნავური 94 წლის იყო, თუმცა მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ რაიმე ინფორმაცია არ ყოფილა. და ბევრისთვის ეს მოულოდნელობად იქცა.
როგორ აღიქვეს ეს სიახლე სომხეთში
მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე სომხეთში ათასობით ადამიანი მისი სახელობის მოედანზე ყვავილებითა და სანთლებით მივიდა. ბევრისთვის შანსონიეს გარდაცვალება პირად ტრაგედიად იქცა. უკვე საღამოსკენ იქვე მივიდა სომხეთის ხელმძღვანელობა და სომხეთში საფრანგეთის ელჩი ჯონათან ლაკოტი.
მისი დასაფლავების დღე – 6 ოქტომბერი სომხეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.
შარლ აზნავურისა და სომხეთის წინაშე მისი დამსახურების ისტორია
შარლ აზნავური დაიბადა სომეხი ემიგრანტების ოჯახში, რომელიც საფრანგეთში სსრკ-დან გადასახლდა.
უკვე 22 წლის ასაკში შარლ აზნავურმა მონაწილეობა მიიღო აშშ-ში გამართულ ედიტ პიაფის ტურნეში. ამ დროიდან დაიწყო მისი, როგორც მომღერლის, კარიერა.
1960-იან წლებში აზნავური უკვე საკმაოდ პოპულარული იყო, და უკვე ნიო-იორკის დარბაზებში “Carnegie Hall“-სა და „Ambassador Hotel“-ში გამოდიოდა. მან თავისი პირველი ამერიკული ალბომი ფრენკ სინატრას ფირმაში “Reprise Records“-ში გამოუშვა.
შარლ აზნავური, ჟურნალ Time-ის ვერსიით, საუკუნის საუკეთესო შემსრულებლად არის აღიარებული. ის არის 1200-ზე მეტი სიმღერის ავტორი, ფილმებში შესრულებული აქვს 80 როლი, მსოფლიოს 94 ქვეყანაში ათასზე მეტი კონცერტი აქვს გამართული, გაყიდული აქვს 100 მილიონზე მეტი დისკი.
https://www.youtube.com/watch?v=ls8Cn5abrX0
აზნავური ისტორიულ სამშობლოსთან კავშირს მუდამ ინარჩუნებდა. მის რეპერტუარში იყო ასევე საკუთარი, საავტორო სიმღერები, რომლებიც სომხეთს ეძღვნება. კერძოდ, მან სომეხთა გენოციდის 60-ე წლისთავთან დაკავშირებით, ჟორჟ გარვარენცთან თანაავტორობით, დაწერა სიმღერა „ისინი დაეცნენ“.
1988 წლის სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მუსიკოსმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი „აზნავური სომხეთისთვის“ და ორგანიზება გაუწია დაზალებულთათვის დახმარების გაწევის აქციას. იმავე მიზნით გადაიღეს ვიდეოკლიპი „შენთვის, სომხეთო“, რომელშიც 90 ფრანგი მსახიობი და მომღერალი მონაწილეობდა, და რომელიც მილიონობით ტირაჟით გავრცელდა.
აზნავური იუნესკოში სომხეთის საპატიო ელჩი იყო.
2008 წელს მან სომხეთის მოქალაქეობა მიიღო.
2017 წელს ერევანში აზნავურის სახლ-მუზეუმი გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე შანსონიე თავის ვაჟთან, ნიკოლასთან ერთად ჩავიდა.