ყარაბაღში აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალთა სამხედრო მოსამსახურე ელნურ ელმან-ოღლი გუსეინზადე გაათავისუფლეს. მას 2017 წლის 1 თებერვალს მთიანი ყარაბაღის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გუსეინზადე 2019 წლის 2 თებერვალს გათავისუფლდა, რადგან მისი პატიმრობის ვადა ამოიწურა.
რის გამო დაიჭირეს ის
დაკავებულმა აზერბაიჯანელმა, რომელიც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების 157-ე სადაზვერვო რაზმის მოტომსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, 2017 წლის 1 თებერვალს მარტაკერტის რაიონის სოფელ ტალიშის მახლობლად ყარაბაღის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა. სამხედრო მოსამსახურე სომხეთის საბრძოლო პოზიციების სანგარში აღმოჩნდა და ის დააკავეს.
კომენტარი ყარაბაღიდან
მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დავიდ ბაბაიანმა სიტუაციის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქემ მისთვის განკუთვნილი პატიმრობის ვადა მოიხადა და გათავისუფლდა – როგორც ეს სამართლებრივ ქვეყანას შეჰფერის:
„ჩვენთვის, კანონის მოთხოვნისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული შესაბამისობით, აზერბაიჯანის მოქალაქის გათავისუფლება სრულიად ბუნებრივია. ყარაბაღში ადამიანს, მხოლოდ მისი ეროვნული კუთვნილების გამო, გისოსებს მიღმა არასდროს დატოვებენ, როგორც ეს აზერბაიჯანში ხდება“.
პრეს-მდივანმა ასევე განმარტა, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს სიტუაცია:
„შეგახსენებთ, რომ მან [გუსეინზადემ -JAMnews] – თავის დროზე აზერბაიჯანში დაბრუნებაზე უარი განაცხადა, რადგან კარგად ხვდებოდა, თუ რა მოელოდა იქ. როგორც წესი, ასეთ დროს ადამიანები მესამე ქვეყანას ირჩევენ ხოლმე. ვფიქრობ, მასთან მიმართებით ასევე გამოყენებული იქნება ასეთ დროს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკა“.
2017 წლის თებერვალში აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტყვედ აყვანილი ელნურ გუსეინზადე აზებაიჯანულ ჯარში მსახურობდა. „კავკაზსკი უზელი“, აზერბაიჯანის თვდაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ გუსეინზადე მომხდარ ინციდენტამდე იყო დემობილიზებული.
2019 წლის 5 თებერვალს აზერბაიჯანის სამხედრო პროკურატურამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ელნურ გუსეინზადეს მიმართ 274-ე მუხლით (სახელმწიფოს ღალატი) სისიხლის სამართლის საქმე აღიძრა და მასზე ძებნა გამოცხადდა.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო სამსახურის პერიოდში გუსეინზადე უდისციპლინო საქციელით გამოირჩეოდა და თავისი ნაწილი არაერთხელ თვითნებურად დაუტოვებია.
აზერბაიჯანული მხარე ელნურ გუსეინზადეს გადაბირებულად მიიჩნევს, მასზე აქამდე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული და მას სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა ემუქრება.