ღობეები სადგურებში და გადაკეტილი გასასვლელი ზღვისკენ - როგორ ემზადებიან ტურისტული სეზონისთვის ყირიმში
„ნოვაია გაზეტას“ პუბლიკაციის მიხედვით
ყირიმში აქტიურად ლაპარაკობენ და წერენ იმის შესახებ, რომ წელს აქ, ბოლოს და ბოლოს წარმატებული ტურისტული სეზონი იქნება. ადგილობრივი ჩინოვნიკები დაახლოებით ექვსი მილიონი ტურისტის ჩასვლას ვარაუდობენ. გასულ წელს, ოფიციალური მონაცემებით, იქ დასასვენებლად 5,2 მილიონი ადამიანი ჩავიდა.
მაგრამ ეს ექვსი მილიონი ტურისტი არამხოლოდ შავ ზღვაში იცურავებს, ყირიმის მთებში ისეირნებს და ცნობილ სასახლეებს დაათვალიერებს, ისინი ასევე წარმოუდგენელი რაოდენობის ღობეებსაც წააწყდებიან, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება ყველგან აგებს.
15 ღობე ტერორიზმის წინააღმდეგ
ქალაქ იალტის ავტოსადგურში ღობე ორ რიგად დგას. პირველი რიგი – სადგურის მისადგომებთან, მეორე კი – უშუალოდ ბაქანთან. მატარებლიდან ჩამოსული ადამიანები, პრაქტიკულად, თითო-თითოდ გადიან ნაცრისფერ ჭიშკარში.
ყირიმელი ჩინოვნიკები მკაცრად აკონტროლებენ, რომ ავტოსადგურებში ღობეები იდგეს. ავტოსადგური „ევპატორიას“ დირექტორმა ვიქტორ პოპოვმა ღობეების დადგმა ქალაქის ტელევიზიით ასე განმარტა:
„სახელმწიფო იძულებულია ტერორიზმს წინ აღუდგეს. ერთ-ერთ ასეთ ზომას მასობრივი თავშეყრის ადგილებში მგზავრების გავლის რეგულირება წარმოადგენს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ავტობუსში ასვლის წინ ჩვეულებრივი შემოწმებაა“.
პატარა ყირიმში ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის ღობეები სულ 15 ავტოსადგურში დადგეს.
„პლაჟი წაიღეს“
ღობეებს არამხოლოდ ავტოსადგურებში დგამენ, არამედ პლაჟებზეც, დაბა სიმეიზის მაცხოვრებლებს მუნიციპალური პლაჟი ღობით გადაუკეტეს.
„პირველად ის ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე დაკეტეს“, – ჰყვება ადგილობრივი მაცხოვრებელი ირინა ნეჩაევა.
პლაჟი ადგილობრივმა სანატორიუმმა მიითვისა. მაცხოვრებლებმა ხელისუფლებას მიმართეს, და მათ პლაჟზე გასასვლელი გაუხსნეს, მაგრამ შემდეგ ისევ გადაუკეტეს. მათ ხელისუფლებას ისევ მიმართეს – და ისევ გაუხსნეს. და ასე რამდენჯერმე.
ახლა კეთილმოწყობილ პლაჟზე გასვლა სიმეიზის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის ისევ შუძლებელია. ზედ პისისის გასწვრივ მაღალი ღობე დადგეს, მის უკანა მხარეს კი – უზარმაზარი ლოდები ყრია.
ღ
ღობეების პრობლემა ყირიმში სიახლე არა არის. ის იმ დროსაც აქტუალური იყო, როდესაც ყირიმს უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებდა. მაგრამ ნახევარკუნძულის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ ეს პრობლემა უფრო გაღრმავდა.
ალექსანდრ ტალიპოვი 2014-2015 წლებიდან მონაწილეობს საზოგადოებრივ მოძრაობაში „სუფთა სანაპირო. ყირიმი“ და უკანონო შემოღობვებს ებრძვის. ეს უკანონო იმიტომაა, რომ კანონმდებლობით, ზღვის სანაპიროსთან წვდომა ყველა მოქალაქეს გარანტირებული აქვს.
„წინათ ეგრეთ წოდებული „კერძო პლაჟები“ იყო გადაკეტილი. მათ მუნიციპალიტეტებს გადასცემდნენ და იქ კომერციული საქმიანობა იყო გაჩაღებული, მაგრამ იმავდროულად არსებობდა პანსიონატებისა და სანატორიუმების ბევრი პლაჟი, რომლებიც ყველასთვის გახსნილი იყო. ახლა „კერძო პლაჟებიდან“ ღობეების აღება მოხერხდა, მაგრამ პანსიონატების პლაჟებზე, პირიქით, გაჩნდა“, – ამბობს ალექსანდრი.
ხელისუფლება ამ ღობეებს „ანტიტერორისტულ ღონისძიებად“ წარმოაჩენს, მაგრამ სინამდვილეში ეს ანტიტურისტული ღონისძიება გამოდის.
დაბა ზღვაზე – მაგრამ ზღვასთან მისასვლელის გარეშე
მათ, ვინც იალტიდან სევასტოპოლში გაემგზავრება, ნახევარ გზაზე შეხვდება მაღალი, ოთხ მეტრზე არანაკლები სიმაღლის ყავისფერი მეტალის ღობე, რომელიც ზღვის ხედს მთლიანად ფარავს.
ღობის გვერდით განლაგებული დაბა ოლივას მაცხვრებლები ზღვას, უკვე მესამე წელია, ვერ ხედავენ.
„2015 წლის დეკემბერში სათევზაოდ გადავწყვიტე წასვლა, – იხსენებს ადგილობრივი მცხოვრები ვალერი შახი, – და ფორმიანი ადამიანი უკან მაბრუნებს, – ეს დაკეტილი ტერიტორიააო“.
დაბა ოლივაში საბჭოთა დროიდან მდებარეობს სამთავრობო აგარაკები, რომლებიც ზღვის სანაპიროს მთელ პირველ რიგს იკავებენ. ამიტომ, ადგილობრივებს ზღვაზე მხოლოდ სანატორიუმი „ტავრიას“ გავლით შეეძლოთ მოხვედრა.
„რაც რუსეთი შემოვიდა, „ტავრია“ „ფეესბეს“ გადასცეს, სპეცსამსახურმა კი მას სამხედრო ნაწილის სტატუსი მიანიჭა, – ჰყვება ოლივას მაცხოვრებელი ბორის სულიმოვი, – ეს ნიშნავს, რომ სარეჟიმო ობიექტი გახდა, უცხოებს შესვლა ეკრძალებათ“.
სოფლის მაცხოვრებლებისთვის ზღვის დანახვის ერთადერთი შესაძლებლობა მეზობელ დაბებში – ფოროსსა და პარკოვოეში ჩასვლაა. უკვე სამი წელია, ადამიანები იქამდე, როგორც შეუძლიათ, ისე აღწევენ – საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუ საკუთარი მანქანებით. ამ ზაფხულს ადგილობრივი ადმინისტრაცია დაბის მაცხოვრებლებს დაჰპირდა ავტობუსის გამოყოფას, რომელიც მათ ზღვაზე დღეში ოთხჯერ ატარებს.