“ქართული მარში”: მიგრანტების წინააღმდეგ და საგარეო “ნეიტრალიტეტის” მხარდასაჭერად
საქართველოში მოქმედი ულტრანაციონალური ორგანიზაცია “ქართული მარში” გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. ამ ორგანიზაციის წევრები მასიური შიმშილობის აქციას იწყებენ, რომლის მიზანი პოლიციის მიერ დაკავებული თანაგუნდელების პატიმრობიდან გათავისუფლებაა.
“ეს იქნება საპროტესტო შიმშილობა, როგორიც 1981 წელს ირლანდიაში იყო. მაშინ 10 კაცი დაიღუპა”, – ამბობენ ორგანიზაციაში.
“ქართული მარშის” ექვსი წევრი პოლიციამ 19 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წამყვანზე, გიორგი გაბუნიაზე თავდასხმის გამო დააკავა. „ქართული მარშის“ წევრები გიორგი გაბუნიას ქრისტეზე ხუმრობამ გააღიზიანა. სასამართლომ მათ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
“ ჩვენ, საკუთარი თავგანწირვით დავანახებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და მთელ მსოფლიოს, რომ “ქართული მარშის” დამარცხება შეუძლებელია. ჩვენ გვაქვს უდიდესი სულიერი რწმენა, მორალური სიმტკიცე და ქართველო ხალხის მხარდაჭერა, რაც გამარჯვებას გარდაუვალს გახდის”, – აცხადებს “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე.
უკვე ორი წელია რაც მოძრაობა “ქართული მარში” დღევანდელი სახით არსებობს.
მისი ლიდერი სანდრო ბრეგაძეა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც სულ მალე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებას აპირებს.
ბრეგაძის თქმით, ეროვნული სახელმწიფოს შემქნა, ტრადიციების, კულტურისა და ეროვნული მოტივების დაცვა არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მათ გაერთიანება და საერთო პლატფორმის ჩამოყალიბება გადაწყვიტეს. ჩვენთან საუბარში სანდრო ბრეგაძემ თქვა, რომ “ქართული მარში” მემარჯვენე-ცენტრისტული ხაზის ორგანიზაციაა და მარინ ლე პენის “ეროვნული ფრონტის”, ან ულტრა-რადიკალური “გერმანული ალტერნატივის” ქართული ანალოგს წარმოადგენს.
“ ჩვენი დევიზია არა “საქართველო ქართველებს”, არამედ “ქართული საქართველო”. ყველა ეროვნების ადამიანი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს თანასწორი და დაცული უნდა იყოს. დიახ, საქართველოსთვის ვინც იღვაწებს, ყველასთვის ღია უნდა იყოს ეს ქვეყანა. თუმცა, ცხადია, რომ საქართველო უნდა იყოს ქართული, ისევე როგორც საფრანგეთი ფრანგული და აზერბაიჯანი – აზერბაიჯანული. ეს გულისხმობს ჩვენი ტრადიციული ღირებულებებისა და ზნეობის უპირატესობას და მის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლის დასრულებას”.
რა იგულისხმება ტრადიციული ღირებულებების დაცვაში?
მარშელები მიიჩნევენ, რომ ღირებულებების დაცვა პირველ რიგში ისტორიული ტრადიციების პატივისცემას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად საუბრისას კი ადასტურებენ, რომ ამ მხრივ მთავარი გამოწვევა ჰომოსექსუალობისა და გარყვნილი ცხოვრების წესის პროპაგანდაა.
საკუთარი ბრძოლის შედეგსა და გამარჯვებას მიიჩნევენ კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებას, რის მიხედვითაც, ოჯახის დეფინიციად ქალისა და მამაკაცის საერთო სურვილზე დაფუძნებული თანაცხოვრება განისაზღვრა. თუმცა თვლიან, რომ ეს ნაბიჯი საკმარისი არ არის და “ერის გადაგვარების” წინააღმდეგ, აქტიური ბრძოლა მომავალშიც გაგრძელდება. სამომავლო ნაბიჯების ჩამოთვლისას, რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე გამახვილდა ყურადღება, მათ შორისაა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება, უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების ქვეყნიდან გაძევება და საიმიგრაციო კანონმდებლობის მნიშვნელოვნად გამკაცრება.
“ ქართულ კულტურაზე უდიდესი შემოტევა მიმდინარეობს და ჩვენ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე ვდგავართ. ამ ბრძოლის ავანგარდში, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და კონკრეტულად სოროსის ფონდი დგას.
ჩვენ არაფერს ახალს არ ვამბობთ, პირიქით, მომხრე ვართ ევროპული პრაქტიკის გაზიარების. მაგალითისთვის, გადახედეთ უნგრეთს და ვიქტორ ორბანს, რომელიც ზუსტად იგივე ნაბიჯებს დგამს, რასაც ჩვენ ვამბობთ. არსებობს ძველი ქართული გამოთქმა – ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც, არასამთავრობო სექტორი პრაქტიკულად უცხოური რეზიდენტურაა, რომელიც ღიად მოქმედებს” – მიიჩნევს სანდრო ბრეგაძე, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საიმიგრაციო კანონის გამკაცრებასაც აპირებს.
ამ გზით, იგი პირველ რიგში აზიიდან და აფრიკიდან მომავალი მიგრანტების მნიშვნელოვნად შემცირებას აპირებს. მისი გეგმის მიხედვით, უცხოელებს საქართველოში დასარჩენად, 1 თვეზე მეტი დრო არ უნდა მიეცეთ, ბინადრობისა და მოქალაქეობის მინიჭება კი მნიშვნელოვნად უნდა გართულდეს, პრაქტიკულად შეუძლებელი გახდეს.
ქართული მარშში მიაჩნიათ, რომ მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდება ტერორიზმის საფრთხე და ამის მაგალითად ახმედ ჩატაევის შემთხვევას ასახელებენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უცხოელებს საქართველოში შემოსვლა უნდა შეეზღუდოთ , ე.წ “გარყვნილების პროპაგანდა” და ნარკოტიკების რეალიზებაა. ორგანიზაციაში თვლიან, რომ “ბორდელების გახსნის და წამლის გაყიდვის” უკან, პირველ რიგში აზიიდან და აფრიკიდან “გადმოსახლებული” ადამიანები დგანან, რაც ქართულ “გენოფონდს” სავალალო მდგომარეობაში აგდებს.
თბილისში ე.წ. ქართული მარში ჩატარდა. ფოტორეპორტაჟი
“უცხოელები საქართველოსი სარანჩებივით გვესევიან, რასაც სახელმწიფომ დროა, მკაცრი ნაბიჯები დაუპირისპიროს“, – სანდრო ბრეგაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, იგი ფრანგი პოლიტიკოსის, მარინ ლე პენის მიერ შემუშავებული მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის, ქართული ანალოგის მიღებას შეეცდება.
“ქართული მარშის” და სხვა ნაციონალისტური ელემენტების მომძლავრებას რამდენიმე მიზეზით ხსნის საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, მისისიპის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, გიორგი ხატიაშვილი.
მისი აზრით, ანტისისტემური ძალების მომრავლება მსოფლიოს ზოგადი ტენდენციაა, რასაც საქართველოში ხელს არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური წესრიგით უკმაყოფილო ხალხი უწყობს ხელს. აღნიშნული პოლიტ-ეკონომიკური ნიადაგის არსებობა კი ხელს უწყობს, მსგავსი იდეოლოგიების ნაციონალისტურ და ეროვნულ “ჩარჩოში” მოქცევას.
“საქართველოს შემთხვევაში, პოლიტიკური და ეკონომიკური ფაქტორების გარდა, კიდევ რამდენიმე ელემენტის გათვალისწინებაა მნიშვნელოვანი. პირველ რიგში ესაა რუსეთის ფაქტორი, რომელიც სწორედ მსგავსი ულტრანაციონალისტური ძალების საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერით, “ციხის შიგნიდან გატეხვას” ცდილობს.
რუსეთის ინტერესებში შედის საქართველოში ანტილიბერალური, ანტიდასავლური და ეთნონაციონალისტური ძალების მომძლავრება და გამრავლება. ამას ადასტურებს სულ ცოტა ხნის წინ “სუს”-ის მიერ კონტრდაზვერვითი სამუშაოების საფუძველზე გავრცელებული ინფორმაციაც, რომელიც ზუსტად ანალოგიურ მესიჯებს იმეორებს”.
საინფორმაციო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებამ, პირველ რიგში კი სოციალური ქსელების განვითარება, კიდევ ერთი მიზეზია, რაც აღნიშნული ორგანიზაციების წარმატებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ხატიაშვილის თქმით, ამ მხრივ ყველაზე სახიფათო და საშიში ახალგაზრდების – საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისა და სტუდენტების ჩართულობაა, რომლებიც მსგავსი იდეების გავლენის ქვეშ მარტივად ექცევიან.
კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი გარემოება, რომელსაც გიორგი ხატიაშვილი გამოყოფს არის “ქართული მარშისა” და ხელისუფლების დამოკიდებულება.
“ქართული მარშის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, წლების განმავლობაში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. შესაბამისად, ადვილად სავარაუდოა და ზოგიერთი წევრი ღიადაც გამოხატავს, რომ იზიარებენ “ქართული მარშის “ არაერთ პრინციპს. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკული პოლიტიკის დონეზე, ეს საკითხი ჯერჯერობით პრობლემატური ნაკლებადაა, ვინაიდან ამ ადამიანებს ხელისუფლებაში არავინ არაფერს ეკითხება. თუმცა, დისკურსის დონეზე ცხადია, რომ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ავტომატურად ქვეყანაზე”.
მისი თქმით, ქართული ოცნების შესუსტების, ან პოლიცენტრიზმის გაჩენის შემთხვევაში, მსგავსი რეაქციული ძალები შეიძლება მნიშვნელოვან პრობლემად გადაიქცნენ. ამისთვის კი საჭიროა, რომ ხელისუფლებამ თანმიმდევრული და ფრთხილი პოლიტიკა აწარმოოს.
“უცხოელების თავგასულობა უნდა დასრულდეს!” – ქართველი ულტრანაციონალისტები “სახალხო პატრულს” ქმნიან
“ძალადობას არ აქვს არავითარი გამართლება და რათქმაუნდა, ძალადობას უნდა დავუპირისპიროთ შესაბამის რეაგირება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი იყო სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა. ძალადობას სჭირდება აღკვეთა და შესაბამისი რეაგირება”. – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, “რუსთავი 2”-თან გამართული აქციის დროს, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე განხორციელებულ თავდასხმაში მონაწილე პირების დაკავებას.
აღნიშნული განცხადება იმ იშვიათ შემთხვევათა რიგშია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი ღიად და კონკრეტულად აკრიტიკებს “ქართული მარშის” ქმედებებს. მმართველი ძალის წევრებისგან, ამ საკითხზე ძალიან ცოტა საჯარო განცხადება არსებობს და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათისაა.
მაგალითისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ, გასულ წელს, “ქართული მარშის” ერთ-ერთ ლიდერზე, გია კორკოტაშვილზე საჯაროდ განაცხადა, რომ “გიას პატრიოტიზმსა და პატრიოტულ სულისკვეთებაში”, მას ეჭვი არ ეპარება. ეს იმ ფონზე, როდესაც კორკოტაშვილის წინააღმდეგ, მუქარის საფუძველზე გამოძიება მიმდინარეობდა.
გამვლელები თვალს ადევნებენ “ქართული მარშის” მსვლელობას. 14 ივლისი 2017 წ. ფოტო: ლევან მიქაძე, JAMnews
“ქართული მარში” რუსეთზე – როგორი პოლიტიკის გატარებაა საჭირო?
მარშის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ფრთხილი პოლიტიკა უნდა ჰქონდეს არჩეული, რაც პირველ რიგში, დასავლეთთან დისტანცირებით გამოიხატება.მათი აზრით, ქვეყანამ უარი უნდა თქვას, ყველა ტიპის სამხედრო და პოლიტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაციისგან, სასურველ მოდელად კი ე.წ “ნეიტრალიტეტია” დასახელებული. ტერიტორიული ოკუპაციის მიუხედავად, “ქართული მარშის” წევრები, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბების მომხრეები არიან.
“რუსეთთის ხელისუფლებას საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს, რაც ჩვენს წინააღმდეგ გადმოდგმული ნაბიჯია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსი ერი საქართველოს მტერია. მეტიც, მე მიმაჩნია რომ საქართველოს რომელიმე ერის სახით, მტერი არ ჰყავს. დეოკუპაციური პოლიტიკის პარალელურად, ჩვენ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარკებები რუსეთთან და დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სახიფათო არავისთვის არ იქნება. ურთიერთობის დალაგებისთვის საჭიროა, რომ ჩვენ ქვეყანას დასავლეთის აგენტები არ მართავდნენ და ხელისუფლების პრიორიტეტი საქართველოს ერთგულება იყოს.” – სწორად ასე აყალიბებს ორგანიზაციის ძირითად საგარეო ვექტორებს სანდრო ბრეგაძე.
მარშის კიდევ ერთი ლიდერი, გია კორკოტაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან “სახალხო დიპლომატიის” გააქტიურება საწინდარი გახდება კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარების. მისი თქმით, “უგუნურია” ყველა ის ადამიანი, ვინც აღნიშნული პოლიტიკის გამო, “ქართულ მარშს” პრო-რუსულ ორგანიზაციას უწოდებს.
ფინანსები კიდევ ერთი საკითხია, რის უკანაც ხშირად რუსული კვალისა და სურვილებს არსებობას ვარაუდობენ. თავად მარშის წევრები კი აღნიშნულ მოსაზრებას “სისულელეს” უწოდებენ და ამბობენ, რომ ორგანიზაცია ძალიან მწირი ბიუჯეტით არსებობს, რაც წევრებისა და რამდენიმე კერძო ბიზნესმენის მინიმალური შემოწირულობით ივსება. წევრების უმეტესობის შემოსავალი კერძო საქმიანობაა, რომელსაც ორგანიზაციის პარალელურად ახორციელებენ.
“ჩვენს განკარგულებაში ქირით აღებული სამოთახიანი ბინაა, რომელსაც ოფისად ვიყენებთ და რამდენიმე კომპიუტერი. სხვა არაფერი გაგვაჩნია. ჩემი შემოსავლის წყარო სპორტია, შერეულ ორთაბრძოლებში ევროპის ჩემპიონი ვიყავი და ახლა ბავშვებს ვავარჯიშებ. სხვებიც ასე არიან, მაგალითად, ჩემი ერთი მეგობარი ხელნაკეთ ნივთებს ყიდის, ზოგი წევრი სულაც უმუშევარია”, – განგვიცხადა ანზორ ფორჩხიძემ, რომელიც ქართული მარშის ახალგაზრდული განაყოფის ლიდერია.
მისი თქმით, ორგანიზაციაში ხელფასს არავინ იღებს და მიუხედავად მწირი ფინანსური რესურსებისა, მაინც მიაჩნია, რომ ქართული მარში პოლიტიკური პარტიების სამეულში უკვე იმყოფება, სამომავლოდ კი უფრო დიდი მიზნების მიღწევაც შესაძლებელია.