საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილის წამების ფაქტზე ცხინვალელ სამართალდამცავებს ბრალი წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს დავით გურწიევს და ალიკ ტაბოევს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. მათ საქართველოს მოქალაქეების, არჩილ ტატუნაშვილის, ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის თავისუფლების აღკვეთა და ჯგუფურად წამებაში დახმარება ედებათ ბრალად.
დავით გურწიევი ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწეა, ალიკ ტაბოევი კი – ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსი. მათ მიმართ წაყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 25-1441 მუხლები 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით პროკურატურამ დაადგინა, რომ არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად გადადიოდა ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სადაც მცირე სამეწარმეო საქმიანობა ჰქონდა. 2018 წლის 20 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა გაიგეს, რომ ტატუნაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა, რის გამოც მისი წამება და დასჯა გადაწყვიტეს. განზრახვა სისრულეში 22 თებერვალს მოიყვანეს, როდესაც ოკუპირებულ ახალგორში გადასული არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.
ტატუნაშვილი ცხინვალში ხელბორკილებით გადაიყვანეს და ე.წ. პროკურატურის შენობაში აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. ტატუნაშვილი მეორე დღეს ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა.
ოსურმა მხარემ გაავრცელა ვერსია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს, ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა”.
ამ ვერსიის არ სჯერა არც ოფიციალურ თბილისს და არც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ქართული მხარის ეჭვს, რომ ტატუნაშვილი ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლია, ის ფაქტიც ამყარებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ოსური მხარე თითქმის ერთი თვე უარს ამბობდა.
ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს 20 მარტს, გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადმოსცა. “ჯემნიუსი” პირველი იყო, ვინც მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადმოსვენების მომენტისთვის ცხედარს შინაგანი ორგანოები – გული და თავის ტვინი ამოცლილი არ ჰქონდა.