სტრასბურგის სასამართლოს ახალმა გადაწყვეტილებამ „რუსთავი 2“ შესაძლოა პროსახელისუფლებო გახადოს
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ქართული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა კონვენციის ვერცერთი დარღვევა ვერ დაადგინა. სტრასბურგის სასამართლომ ასევე ძალაში არ დატოვა მის მიერვე მიღებული დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომელიც კრძალავს უზენაესი სასამართლოს მიერ 2017 წელს „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური არხი „რუსთავი 2“ შესაძლოა ჩამოერთვას მის ახლანდელ მფლობელებს და გადაეცეს ძველ მფლობელს, ქიბარ ხალვაშს, რომელიც ლოიალურია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, თბილისის დროით 12 საათზე გამოქვეყნდა.
მოახლოებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფუძვლიანად შეცვალოს პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში.
________________________
• ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს
• ევროსასამართლომ “რუსთავი 2”-ზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა
რა საჩივარია?
2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებისა და ქვეყნის სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის მფლობელებს შორის გაუთავებელი სამართლებრივი დავა დაიწყო. დღეს ტელეარხისთვის იბრძვიან მისი დამფუძნებლები და პირველი მფლობელები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, ასევე, ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა.
ეს პროცესი მწვავე ფაზაში 2015 წელს შევიდა. მაშინ სასამართლომ ყადაღა დაადო „რუსთავი 2“-ის ქონებას. პარალელურად მიმდინარეობდა სასამართლო დავები. 2015 წლის ბოლოს, საქალაქო სასამართლომ
ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, რაც მოგვიანებით სააპელაციო და უზენაესმა სასამართლომაც დაამტკიცა.
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში, რომელიც ტელეკომპანიას 2004-2006 წლებში ფლობდა, თავისი კუთვნილი წილების დაბრუნებას ითხოვს. ის ირწმუნება, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლების ზეწოლის შედეგად, ტელეკომპანია იძულებით დაათმობინეს.
ხელისუფლება ცდილობდა, ეს პროცესი წარმოეჩინა, როგორც „კერძო პირებს შორის დავა“, მაგრამ არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დამკვირვებლებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „კერძო პირების“ უკან მოქმედებდა ხელისუფლება, რომლისთვისაც რეიტინგული ოპოზიციური ტელეარხი უხერხული მოცემულობაა.
საჩივარი, რომელსაც ევროსასამართლო განიხილავდა, „რუსთავი 2“-მა მას შემდეგ შეიტანა, რაც ქართული სასამართლოს ყველა ინსტანციამ დაასკვნა, რომ მოქმედი მფლობელები ტელეკომპანიას უკანონოდ ფლობენ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქიბარ ხალვაშს მართლაც აიძულეს აქციების გაყიდვა და ახლა ტელეკომპანიის გაყიდვის შეთანხმება უნდა გაუქმდეს.
თუმცა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მაინც ვერ შევიდა, იმდენად, რამდენადაც 2017 წლის 3 მარტს, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უპრეცედენტოდ სწრაფად განიხილა მოქმედი მფლობელების შუამდგომლობა და საქართველოს უმაღლესი სასამართლო ინსტანციის დადგენილების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
იმავე წლის ნოემბერში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსახილველად მიიღო საქმე, რომლის შესახებ გადაწყვეტილებაც დღეს გამოქვეყნდა.
სტრასბურგის სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გადაეწყვიტა დავა – ვის ეკუთვნის სინამდვილეში ტელეკომპანია. სარჩელი შედგენილი იყო სამართლიანი სასამართლო გარჩევის, აზრის გამოთქმის თავისუფლების, უფლებებთან დაკავშირებით შეზღუდვების გამოყენების საზღვრების მუხლებისა და, ასევე, საკუთრების დაცვის პროტოკოლის საფუძველზე.
ანუ, ევროსასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, დაირღვა თუ არა ამ უფლებათაგან ერთ-ერთი მაინც „რუსთავი 2“-თან მიმართებით.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ არცერთი უფლება არ დარღვეულა. მათ შორის, არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.
რა მოხდება?
ტელეკომპანიას ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდ პალატაში სამი თვის განმავლობაში შეუძლია. თუკი გადაწყვეტილება დადგენილ ვადებში არ გასაჩივრდება, ის ძალაში შევა სამი თვის შემდეგ.
ქიბარ ხალვაშს მინიმუმ ამ სამი თვის განმავლობაში არ შეუძლია ტელეკომპანიის მენეჯმენტში ცვლილებების განხორციელება.
თუმცა, როგორც დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა თქვა, – „აუცილებელი სულაც არაა, დიდმა პალატამ ეს საჩივარი მიიღოს, იმდენად, რამდენადაც, იქ მკაცრად ფილტრავენ სარჩელებს და შესაძლოა, ის საერთოდ არც კი მიიღონ“.
ტელეკომპანიის მოქმედი დირექტორი ნიკა გვარამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „შოკის მომგვრელს“ უწოდებს. მისი განცხადებით, ტელეკომპანია გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას გეგმავს.
ამასთან, მან დღევანდელ ბრიფინგზე წარმოადგინა საკუთარი კონტრაქტი, სადაც წერია, რომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე მისი სურვილის გარეშე გათავისუფლების შემთხვევაში, მფლობელებმა სოლიდური ფულადი კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. ზუსტად რამდენი, მას არ დაუსახელებია.
გვარამიამ აღნიშნა, რომ პოსტიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ამას ტელეკომპანიის თანამშრომლები მოისურვებენ.
გვარამიას თქმით, ტელეკომპანიის მოქმედი მენეჯმენტი, სულ მცირე, 5-6 თვე მაინც რჩება ადგილზე, მაქსიმუმ – კიდევ უფრო მეტხანს, ეს უკვე დამოკიდებულია დიდ პალატაზე.
„მე, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩემთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეა“, – განაცხადა გვარამიამ.
„რუსთავი 2“ – თანამედროვე საქართველოს ისტორიის „საკვანძო ფიგურა“
2019 წლის 1 ივნისს, „რუსთავი 2“-ს 25 წელი შეუსრულდა. მის განსაკუთრებულ როლს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ტელევიზიისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი აღიარებენ.
ამ ტელეარხის მფლობელებთან დაკავშირებული ისტორია გრძელი და ბურუსით მოცულია, რამდენადაც წლების განმავლობაში არაერთხელ შეიცვალა მფლობელი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, 2004-2012 წლების პერიოდში, ტელეკომპანიამ თორმეტჯერ შეიცვალა მფლობელი. და ყოველ ასეთ ცვლილებას თან ახლდა „ბუნდოვანი“ ისტორიები. ასე რომ, დღესაც ბევრი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი. მთელი ამ გარიგებების უკან სააკაშვილის რეჟიმი იდგა.
„ვარდების რევოლუციის“ დროს „რუსთავი 2“ ღიად უჭერდა მხარს ოპოზიციას. შევარდნაძის კორუმპირებულ ეპოქაში ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამხელდნენ ჩინოვნიკებს, ეთერში უშვებდნენ მწვავე რეპორტაჟებს, მათი ობიექტივის მიღმა არ რჩებოდა არაფერი სკანდალური. ტელეკომპანიამ ხელისუფლებას კომფორტი წაართვა. სწორედ ამ მიზეზების გამო მათ არაერთხელ სცადეს „რუსთავი 2“-ის დახურვა.
სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ტელეკომპანიის პოპულარობამ პიკს. „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ – ასე მოიხსენიებდნენ არხს „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ.
ჟურნალისტებს წასასვლელს არ აძლევდნენ – მათ მუდმივად აჩერებდნენ ადამიანები და მადლობას უხდიდნენ გაწეული სამუშაოსთვის.
თუმცა, შემდგომში ტელეკომპანიისთვის მძიმე დროება დადგა. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად ჩამოყალიბებული ხელისუფლება მტკივნეული და არაპოპულარული რეფორმების გატარებას შეუდგა, მას უკვე აღარ აწყობდა ძლიერი, კრიტიკულად განწყობილი მედია. ბოლოს და ბოლოს, ისე მოხდა, რომ ქვეყნის ყველა წამყვანი ტელეკომპანია, მათ შორის, „რუსთავი 2“, სააკაშვილის რეჟიმის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა. ეთერიდან გაქრა მწვავე პოლიტიკური გადაცემები და კრიტიკული სიუჟეტები.
2012 წელს, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა მსხვილი ტელეკომპანია მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაეწყო. ერთადერთი მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი მსხვილი არხი, რომელიც ოპოზიციის, კერძოდ კი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გავლენის ქვეშ დარჩა, „რუსთავი 2“-ია.