სოხუმის დაცემის დღეს საქართველოს პრემიერმა აფხაზებს მიმართა
24 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად, ქართულმა საჯარისო ნაწილებმა სოხუმი დატოვეს. შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას თბილისში, გმირთა მემორიალთან და საქართველოს სხვა ქალაქებში პატივი მიაგეს ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
სოხუმის დაცემიდან 24-ე წლისთავის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განცხადება ქართულ და აფხაზურ ენებზე გაავრცელა:
„1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკული თარიღია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის დღე, რომელიც ომის დამანგრეველ და გამანადგურებელ ძალას გვახსენებს“ – ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.
გიორგი კვირიკაშვილი აფხაზეთის ომს ძმათამკვლელს უწოდებს. მისი თქმით, ეს იყო ომი აფხაზებისა და ქართველების წინააღმდეგ და მას გამარჯვებული არ ჰყავს.
პრემიერის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველები მზად არიან აფხაზ ძმებთან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ.
“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით აღვადგინოთ, აღვადგინოთ ძმობა და სიყვარული, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს ყოველთვის აკავშირებდა და აღვადგინოთ ნდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია წინსვლა. მინდა დავარწმუნო აფხაზი და ოსი ძმები, რომ ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, მხოლოდ ერთიანი ძალით ავაშენებთ ისეთ ქვეყანას, რომელშიც ჩვენი შვილები თანხმობითა და კეთილდღეობით იცხოვრებენ. ჩვენ შეგვიძლია ერთად შევქმნათ უკეთესი ქვეყანა“ – ნათქვამია კვირიკაშვილის წერილში.
თბილისში, გმირთა მემორიალთან ყვავილები მიიტანა დღეს აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან თქვა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა აფხაზეთთან დაკავშირებით .
„მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას აქვს სწორი მიდგომა აფხაზეთთან დაკავშირებით, მიაწვდინონ ხმა აფხაზებს და მოხდეს მათი რეინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ამ მიდგომას, ასევე, კონტაქტების განვითარებას აფხაზებთან, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროების ღიაობას მათთვის. ჩვენ ამას დადებითად ვაფასებთ“, – განაცხადა იან კელიმ.
• აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერლა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო