სომხეთში პატიმრობიდან გათავისუფლდა ჩინოვნიკი, რომელსაც 12 წელი ჰქონდა მისჯილი
პატიმრობიდან გათავისუფლდა სომხეთის “სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის” ყოფილი ხელმძღვანელი ვაზგენ ხაჩიკიანი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტიდან 300 მილიონი დრამის (630 ათასი დოლარი) მითვისებისთვის თავისუფლება 12 წლით ჰქონდა აღკვეთილი.
ჩინოვნიკი, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობასა და ბიუჯეტის სახსრების მითვისებაშია მხილებული, პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ბრძანებულების საფუძველზე შეიწყალეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვაზგენ ხაჩიკიანმა და მისმა თანამზრახველებმა 2006-2010 წლებში ბოროტად ისარგებლეს სამსახურეობრივი მდგომარეობით და შეჩერებული საპენსიო გადასახადების აღდგენის თაობაზე, გარდაცვლილი ან ქვეყნიდან გამგზავრებული ადამიანების სახელზე ყალბი განაცხადები გამოწერეს, პენსიონერების ხელმოწერები გააყალბეს და ამ გზით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები მიითვისეს.
ხაჩიკიანი 2012 წელს დააპატიმრეს და 2014 წელს მას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა. თუმცა, ყოფილი ჩინოვნიკი დათქმულ ვადაზე გაცილებით ადრე გაათავისუფლეს. სასჯელაღსრულებითი დაწესებულების პრეს-სამსახურში განაცხადეს, რომ ის „სასჯელის სრულად მოხდის“ შემდეგ გათავისუფლდა, თუმცა არ განუმარტავთ, თუ როგორ შეიძლებოდა, რომ 12-წლიანი პატიმრობის ვადა უკვე დასრულებულიყო.
პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ასევე უარი განაცხადა იმის კომენტირებაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სერჟ სარგისანმა პატიმრობაში მყოფი ჩინოვნიკის ამნისტირება, და აღნიშნა, რომ ბრძანებულების შინაარსი საიდუმლო ინფორმაციას წარმოადგენს. იუსტიციის მინისტრმა დავიდ არუტიუნიანმა კი თქვა, რომ შეწყალების პროცესი კონსტიტუციით რეგულირდება, ხოლო შეწყალების თხოვნა ყველა მოქალაქის უფლებაა. არუტიუნიანის თქმით, გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ანგარიში ეწევა მრავალრიცხოვან გარემოებასა და ფაქტორებს.
უფლებადამცველების აზრით, ვაზგენ ხაჩიკიანი იმდენად კორუმპირებული და თაღლითობაში მხილებული ჩინოვნიკი იყო, რომ მისი დანაშაულის გაუხმაურებლად დატოვება შუძლებელი იქნებოდა – მას პატიმრობა სწორედ ამიტომ მიესაჯა.
როგორც უფლებადამცველი ჟანა ალექსანიანი ირწმუნება, შეწყალების შესახებ ამ ბრძანებულების ხელმოწერით – „სერჟ სარგსიანმა იმაზე მიუთითა, რომ ვაზგენ ხაჩიკიანი – მისი გუნდის წევრია, და მას ყველაფერი ეპატიება, ანუ არჩევითობის პრინციპი მოქმედებს: დაახლოებულ პირთა წრის ადამიანებს შეუძლიათ ციხეში მხოლოდ სამი წელი დაჰყონ, სხვა პატიმრებს კი არც ამნისტია ეხებათ და არც ვადაზე ადრე გათავისუფლება“.