სომხეთის საბაჟო პუნქტი "ბავრა" მუშაობის ევროპულ სტანდარტზე გადადის
საქართველოს საზღვართან განლაგებული სომხეთის საბაჟო პუნქტი „ბავრა“ ამიერიდან ევროპული სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფინანსური სახსრებით აშენდა საბაჟოს ახალი კორპუსი, გამარტივდა სატრანსპორტო საშუალებების მომსხურება, დაიდგა თანამედროვე აღჭურვილობა: სკანირების სპეციალური დანადგარები, ელექტრონული სასწორი. საბაჟოზე სამსახურში ასევე საგანგებოდ გაწვრთნილ ძაღლებსაც ჩართავენ.
ევროკავშირმა და ევროპის საინვესტიციო ბანკმა სომხეთ-საქართველოს საზღვრის მოდერნიზაციის პროექტისთვის დაახლოებით 54 მილიონი ევრო გამოყვეს. გაეროს განვითარების პროგრამა ასევე მონაწილეობდა პროექტის დაფინანსებაში.
საბაჟოს გახსნის ცერემონიაში სომხეთის პრეზიდენტი, ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი და სომხეთში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, ასევე მეზობელი საქართველოს ვიცე-პრემიერი მონაწილეობდნენ.
„განახლებული საბაჟო პუნქტის გახსნა ეკონომიკური საქმიანობის გაფართოებასა და ტურიზმის ზრდას შეუწყობს ხელს“, – თქვა სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა პიორტ სვიტალსკიმ.
ელჩმა აღნიშნა, რომ ამ საბაჟო პუნქტის მოდერნიზაცია გონივრული ნაბიჯია. ეს გზა ერთმანეთთან აკავშირებს სომხეთს, რომელიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრია და საქართველოს – რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი:
„სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად, რომ ეს საზღვარი გახსნილი და გამჭვირვალე იყოს, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის, ეკონომიკური კავშირების განვითარებასა და სხვა თვალსაზრისითაც სასარგებლო იქნება“.
გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ბრედლი ბუზეტომ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა პროექტის დაფინანსებისას გულუხვობა გამოავლინა: „თუ ტურისტი ან ინვესტორი ხართ, როგორც წესი, თავდაპირველი შთაბეჭდილება ქვეყნის გახსნილობის, მისი ბიზნესში ჩართულობისა და მზადყოფნის შესახებ სწორედ საბაჟო პუნქტის მიხედვით გექმნებათ“, – თქვა მან.
აქ შემოღებული მომსახურების გამარტივებული სისტემა ზოგავს დროს, რომელსაც ადამიანები საზღვარზე კარგავენ, ხოლო უახლესი აღჭურვულობა კონტრაბანდასთან ეფეტურად ბრძოლის საშუალებას იძლევა. ახლა ამ საბაჟო პუნქტზე ტვირთის გადაზიდვის მოცულობა უკვე გაზრდილია.