სომხეთის პრემიერი - დიდი პოლიტიკა, აზერბაიჯანელებთან პირდაპირი საუბრი, შაბათობა და ოჯახი
სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრეს-კონფერენცია თითქმის 5 საათს გრძელდებოდა. ნიკოლ ფაშინიანი ჟურნალისტებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას დაჰპირდა, მაგრამ ვერ მოასწრო – უკვე წასვლის დრო იყო.
პრეს- კონფერენციის დასაწყისში პრემიერმა ჟურნალისტებს ურჩია, კითხვების დასმას არ მორიდებოდნენ და ნუ შეეშინდებოდათ იმის, რომ ის ამ კითხვებს შემთხვევით პასუხს ვერ გასცემდა. საბოლოოდ მან ილაპარაკა ყარაბაღთან დაკავშირებული მოლაპარაკებებების პროცესზე და იმაზე, რომ მშვიდობისათვის არამხოლოდ სომხეთის არამედ აზერბაიჯანის მოსახლეობის მომზადებასაც ისურვებდა.
ფაშინიანს ეკითხებოდნენ ასევე სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის სასამართლო პროცესისა და საერთოდ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის თაობაზეც, მის მიერ კორუფციის წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლასა და ირანულ ბუნებრივ აირზე.
ამ პრეს-კონფერენციაზე ფაშინიანმა იმის შესახებ ილაპარაკა, თუ როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი, და თავისი მეუღლის საქმიანობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა. პრემიერს არ დავიწყებია არც მოწოდება ქვეყნის მოსახლეობისთვის „რევოლუციურ შაბათობაში“ ჩაბმის შესახებ, რომელიც მისი პირადი ინიციატივით ჩატარდება.
ირანული ბუნებრივი აირი
ნიკოლ ფაშინიანის პრეს-კონფერენცია დაიწყო სომხეთის გავლით – კერძოდ საქართველოში – ირანული ბუნებრივი აირის ტრანზიტის შესახებ შეკითხვით.
თებერვლის ბოლოს ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ირანში იმყოფებოდა. და შეკითხვა – ირანული ბუნებრივი აირის სომხეთის ტერიტორიის გავლით ტრანზიტის შესახებ – თეირანში გამართული მოლაპარაკებების დღის წესრიგის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პუნქტს წარმოადგენდა.
პრეს-კონფერენციის დროს ფაშინიანმა თქვა, რომ მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის ხელმძღვანელობასთან, ასევე საქართველოს მთავრობის მეთაურთან და თურქმენეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებები გამართა.
„მსურდა გამეგო, თუ რამდენად არიან დაინტერესებულები მსგავსი პროექტებით საქართველო, თურქმენეთი და რუსეთი. ამ შეხვედრების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ეს საკითხი ირანში გამართული მოლაპარაკებების დროს უმნიშვნელოვანესი უნდა ყოფილიყო. მოლაპარაკებები გრძელდება, და ჩვენ თანამშრომლობა უნდა გავაგრძელოთ ყველა შესაძლო მიმართულებით ირანთანაც, რუსეთთანაც, ევროკავშირთანაც და აშშ-სთანაც, ასევე სხვა შესაძლო პარტნიორებთან“.
ირანი-სომხეთის გაზსადენი ექსტრემალური შემთხვევების დროს სომხეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ირანიდან მიღებული გაზის სანაცვლოდ, სომხური მხარე თანახმაა ბარტერულ შეთანხმებაზე, ირანს ელექტროენერგიას აწვდის.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში სომხეთ-ირანის გაზსადენის შესაძლებლობების დაახლოებით მხოლოდ მესამედი იყო გამოყენებული. თუმცა, ირანში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ღიად ცხადდება, რომ გაზსადენის მოდერნიზაციის შემდეგ ის სომხეთისთვის აუცილებელი მთელი მოცულობის (წელიწადში დაახლოებით ორი მილიარდი კუბომეტრი გაზის) გადაქაჩვას შეძლებს. ამან, შესაძლოა, ერევანს საკუთარი ენერგეტიკული სისტემის დივერსიფიცირების საშუალება მისცეს. ამჟამად ქვეყანა ბუნებრივი აირის თითქმის მთელ აუცილებელ მოცულობას რუსეთისგან ყიდულობს.
ყარაბაღის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები
ჟურნალისტებს აინტერესებდათ საკითხი, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებული მოლაპარაკებები. ნიკოლ ფაშინიანმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების შესახებ, რასაც აზერბაიჯანის მხარე არ ეთანხმება. მეტიც, შუამავლებმა, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ახლახან გაკეთებულ განცხადებაში მოუწოდეს, რომ მოლაპარაკებების ფორმატის ცალმხრივად შეცვლის მოთხოვნისგან თავი შეიკავონ.
ჟურნალისტები ფაშინიანს ეკითხებოდნენ, მოლაპარაკებების მიმართ მისი ახლებური მიდგომა ქვეყნის მეთაურებს შორის გამართულ დიალოგს ჩიხში ხომ არ შეყვანს. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა:
„მითიანი ყაბაღის საკითხთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების ფარგლებში სომხეთის ახალი ინიციატივები გამოწვევა კი არა, დიალოგისკენ მოწოდებაა… ჩვენს მეგობრებთან ერთად ფაქტებზე დაყრდნობით ვაგრძელებთ მსჯელობას. იქ, სადაც ჩვენმა პარტნიორებმა შეიძლება ჩვენი პოზიცია ზედმეტად მკვეთრად მიიჩნიონ, ამ პოზიციის შერბილებას შევძლებთ, თუმცა ჩვენი პარტნიორებისგანაც იმავეს მოველით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოლაპარაკებები არ იქნება“.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის მხარის მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა გათვალისწინებულია იმ დოკუმენტებით, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მიიღო.
ფაშინიანი აზერბაიჯანელ ხალხთან სასაუბროდ მზად არის
სომხეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის, რომ აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისათვის მომზადებაშიც მიიღოს მონაწილეობა:
„არ მგონია, რომ მხოლოდ თითოეულმა პრეზიდენტმა უნდა მომზადოს თავისი საზოგადოება მშვიდობისთვის. ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანელი ხალხის მშვიდობისთვის მზადებაში მონაწილეობა მეც უნდა მივიღო, და – პირიქით. მაინტერესებს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს თუ აქვს რაიმე სთქმელი სომხეთისა და არცახის ხალხისთვის? მე აზერბაიჯანელი ხალხისთვის სათქმელი მაქვს, და ასეთი შესაძლებლობა ძალიან გამახარებდა. მაგრამ ასეთი მიდგომა ცალმხრივი ვერ იქნება. მნიშვნელოვანია კონსტრუქციული ატმოსფერო“.
ფაშინიანმა ასევე მოუწოდა სოციალური ქსელების აზერბაიჯანელ და სომეხ მომხმარებლებს, რომ ერთმანეთის ლანძღვა შეწყვიტონ:
„მოდით, სოციალურ ქსელებში მანიც გავარკვიოთ, შეურაცხყოფის მიყენების გარდა, გვაქვს თუ არა ერთმანეთისთვის რაიმე სათქმელი? მოხარული ვიქნებოდი, ადამიანებს, ლანძღვის ნაცვლად, მსჯელობა რომ დაეწყოთ. კარგი, ერთმანეთი გალანძღეს, და რა? არ ვამბობ, რომ კეთიგანწყობილი სიტყვებით მიმართონ ერთმანეთს, მაგრამ სამსჯელო თემები ხომ შეიძლება არსებობდეს? ეს საუბრის სივრცეა. თუკი ჩვენ ქვეყნების მეთაურების, მინისტრების, ზოგჯერ ჟურნალისტების დონეზე ვსაუბრობთ, ამის გაკეთება უფრო ფართო ფორმატითაც ხომ შეიძლება. მე ახლა ხმამაღლა ვფიქრობ. და ეს არის ჩემი მესიჯი სომეხი, არცახელი და აზერბაიჯანელი მომხარებლებისადმი“.
რობერტ კოჩარიანის სასამართლო პროცესი და „1 მარტის“ საქმე
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კომენტარი 2008 წლის „1 მარტის“ საქმესთან დაკავშირით სომხეთის ექს-პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის სასამართლო პროცესის შესახებაც გააკეთა:
თავად ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ეს ფაშინიანის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორებაა; და ჟურნალისტებს არ შეეძლოთ, რომ ამ კითხვისთვის გვერდი აევლოთ.
საკითხის წინა ისტორია ასეთია: 2008 წლის 1 მარტს, რობერტ კოჩარიანის პრეზიდენტობის ვადის ბოლო დღეებში, მრავალათასიანი დემონსტრაციის დარბევის განკარგულება გაიცა. მაშინ ქუჩებში გამოსული იყო ათასობით ადამიანი, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმებოდნენ. მათ გამარჯვებულად არჩევნებში მონაწილე სომხეთის პირველი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი მიაჩნდათ. ცენტრალურიმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად სხვა პრეტენდენტი -სერჟ სარგსიანი გამოაცხადა. დემონსტრაციის დარბევის დროს გამოყენებული იყო საბრძოლო იარაღი, დაიღუპა 10 ადამიანი.
იმ დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკოლ ფაშინიანი პრეზიდენტობის კანდიდატის ტერ-პეტროსიანის ინტერესებს წარმოადგენდა. 1 მარტის მოვლენების შემდეგ მას ბრალად მასობრივი არეულობის მოწყობა ედებოდა და ის იძულებული გახდა, რომ იატაკქვეშეთში გაუჩინარებულიყო. შემდეგ ფაშინიანი პროკურატურაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ის დააპატიმრეს და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ერთი წლისა და 11 თვის შემდეგ ამნისტიით გათავისუფლდა.
პრემიერმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ კოჩარიანის წინააღმდეგ არსებული სასამართლო პროცესი ექს-ოპონენტთან ანგარიშსწორებას არ წარმოაგენს:
„ამგვარი განწყობა რომ ყოფილიყო, მაშინ ძალიან სწრაფად და კონკრეტულად შეიძლებოდა ყველაფრის გადაწყვეტა. და საამისოდ დროც იყო და შესაძლებლობებიც. გთხოვთ, რაიმე ქმედებას საკუთარი წარმოდგენებისა და შეგრძნებების პრიზმაში ნურასდროს განიხილავთ. მოცემულ საქმეზე დაწვრილებითი კომენტარის გაკეთება არ მსურს, რათა ეს სასამართლოზე ზეწოლად არ განიხილებოდეს“.
მასობრივი საინფორმაციო საშუალებების დახმარების ფონდი
პრეს-კონფერენციის დროს პრემიერ-მინისტრი ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ დაკავებული საოფისე ტერიტორიებიდან მათი განდევნის საკითხსაც შეეხო. ბევრი მედია აქვეყნებდა სტატიებს იმის თაობაზე, რომ ეს ნიკოლ ფაშინიანის კრიტიკისთვის მისი მხრიდან შურისძიება იყო.
„მოდით, ტრადიციული ლოგიკის ჩარჩოებისგან გავთავისუფლდეთ. მე არავიზე შურს არ ვიძიებ და არც ვაპირებ. განსაკუთრებით კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის დროზე მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვიყავი“, – განაცხადა პრემიერმა.
ის ყოფილ კოლეგებს არწმუნებდა, რომ ახალი ხელისუფლება მედიის წინააღმდეგ ქმედებებს არ ჩაიდენს, თუკი კანონის უხეშად დარღვევა არ მოხდება. მსოფლიოში ფეიკ-სიახლეებთან დაკავშირებით გლობალური პრობლემა დგას. და, ფაშინიანის აზრით, ეს პრობლემა ძალიან აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის, რომლებისთვისაც სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის ერთ-ერთ უმაღლეს ფასეულობად არის აღიარებული, სადაც არ არის ცენზურა და მედიის დევნა.
ფაშინიანმა განაცხადა მთავრობის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მედიის დახმარების ფონდის შექმნას ეხება. ფონდის მიზანი სიტყვის თავისუფლებისა და მედიის ფინანასური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იქნება. საკუთარივ ფონდის სრული დამოუკიდებლობისთვის კი, მთავრობა კერძო სახსრების მოზიდვას აპირებს.
„ეს ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე არ იარსებებს, რათა სახელმწიფოს მხრიდან მედიაზე ზეწოლის რაიმე ბერკეტები გამოირიცხოს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მეუღლისა და ოჯახის შესახებ
პრემიერ-მინისტრის ოჯახს ყურადღებით აკვირდებიან არამხოლოდ ადგილობრივი მედია, არამედ სოციალური ქსელების მომხმარებლებიც. ფაშინიანის მეუღლის ანა აკოპიანის აქტიურობა, რომელიც საქველმოქმედი ფონდებს ხელმძღვანელობს, და ბევრ საზოგადოებრივ პროექტს ახორციელებს, სხვადასხვაგვარი ჭორის გავრცელების მიზეზად იქცა. მათ შორის, გავრცელდა ხმაც, რომ ის თითქოს ქვეყნის მართვაშიც მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა ამ საუბრებს სიცილის მომგვრელი უწოდა:
„არაფერი მსგავსის წარმოდგენაც კი არ შეიძლება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლი რაისა გორბაჩოვა არ გახდება“.
ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ერთ-ერთ სამსჯელო საკითხად იქცა მის სამსახურში არსებული ტრანსპორტი და თითქოს მისი ოჯახის მხრიდან დაშვებული ზედმეტი ფუფუნება. მან აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ისე ცხოვრობს, როგორც ეს პროტოკოლით არის გათვალისწინებული – და სხვა არაფერი.
„რევოლუციური“ მასშტაბის შაბათობა
იმის შესახებ, რომ 23 მარტს სომხეთში ორგანიზებული იქნებოდა „რევოლუციური“ მასშტაბის შაბათობა, ნიკოლ ფაშინიანმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გამოაცხადა. პრეს-კონფერენციის დროს პრემიერმა დამსწრეებს ამის შესახებ ისევ შეახსენა:
„დარწმუნებული ვარ, შაბათობაზე ყველა მოვა. მე პირადად მივიღებ მასში მონაწილეობას, თუმცა სად წავალ, ამას წინასწარ არ გამოვაცხადებ. და თანამოქალაქეების აქტიური მონაწილეობის იმედი მაქვს“.
სომხეთის პრემიერის თქმით, ქვეყანაში რევოლუციური მასშტაბის ცვლილებები მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, როდესაც მთელი ნაგავი გატანილი იქნება:
„თუკი ნაგვის, ნარჩენების, ჟანგიანი მავთულების, მიგდებული ავტომობილების მოშორებას მოვახერხებთ, ამით ვიზუალური პროგრესის მიღწევას მაინც შევძლებთ. და მიხარია, რომ ეს პროცესი უკვე დაიწყო“.