სომხეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი ომით ვერ გადაწყდება
სომხეთის თავდაცვის მინისტრი ვიგენ სარგსიანი ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრისას რიგ საკითხებს შეეხო, რომელთაგან მედიამ განსაკუთრებით გამოყო ომის განახლების შესაძლებლობის თაობაზე მისი მოსაზრება. მინისტრის თქმით, ის თითქმის დარწმუნებულია, რომ ფართომასშტაბიანი ომი იმ უბრალო მიზეზის გამო არ დაიწყება, რომ ომი ყარაბაღის პრობლემას ვერ გადაჭრის.
“არ არსებობს სამხედრო მოქმედებათა ისეთი განვითარება, რომლის შემთხვევაშიც ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის სასარგებლოდ გადაწყდება. პირიქით, არსებობს დიდი რისკი, რომ სრულმასშტაბიანი ომი აზერბაიჯანს გამოუსწორებელ ზიანს მოუტანს – ეკონომიკასაც და მთლიანად სახელმწიფოსაც. რასაკვირველია, არც იმ საფრთხეებს ვაკნინებ, რომლის წინაშეც სრულმასშტაბიანი ომის შემთხვევაში სომხეთი დადგება. ერთი მეორეს სრულიად არ გამორიცხავს“, – თქვა სარგისანმა.
მინისტრმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანის არაპროგნოზირებადობა: „ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის მექანიზმი არ არსებობს, შეიძლება მრავალი მიზეზი არსებობდეს სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად, და ამ მიზეზებს გარეშე დამკვირვებელი, შესაძლოა, ვერც ამჩნევდეს“.
სარგსიანს მიაჩნია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთი მუდამ მზად უნდა იყოს თავის დასაცავად: „ჩვენ იმ რეგიონულ სინამდვილეში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, რომელიც არსებობს, პარალელურად კი ჩვენი უსაფრთხოება უნდა გავამყაროთ და ქვეყნის ყველა მიმართულებით განვითარება უზრუნველვყოთ. ზოგჯერ განსაცდელია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო გაძლიერდეს“.
რუსეთთან თანამშრომლობაზე საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის პროგრამა სტრატეგიული პარტნიორობისა და სამოკავშირეო ურთიერთობების ფარგლებში. და სომხური მხარე მისი განხორციელებით კმაყოფილია.
„ეს ძალიან ამბიციური პროგრამაა, რომლის ჩარჩოებსაც პერიოდულად უფრო ვაფართოებთ. უნდა ითქვას, რომ ის საკითხები, რომლებსაც ამ დიალოგის დროს ვეხებით, გაცილებით უფრო გრძელვადიანი და სტაბილურობის მომტანია, ვიდრე ამა თუ იმ რაოდენობის იარაღის მიწოდება“, – თქვა სარგსიანმა.
თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი რუსეთისგან იარაღსა და საბრძოლო მასალებს იღებს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, ხოლო იმის საფასურის გადახდა, რასაც სომხეთი ყიდულობს, „სამოკავშირეო პრინციპით – შიდა ფასებით“ ხდება“.
პრესა უაღრესად დაინტერესდა ასევე მინისტრის კომენტარით მაღალი რანგის ჩინოვნიკების შვილების ჯარში სამსახურის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ უწყებაში საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან შემოვიდა მოთხოვნა 48 ჩინოვნიკის ვაჟების სახედრო სამსახურის თაობაზე.
„დღეს ჩვენ ვპასუხობთ. 48-დან 26-მა გაიარა სამსახური… ექვსს – გადავადების უფლება აქვს მიღებული, 16 – კი ჯარში სამსახურიდან გათავისუფლებული“, – განაცხადა ვიგენ სარგსიანმა. მან დასძინა, რომ მოცემულ მომენტში რამდენიმე მაღალი თანამდენბობის პირის ვაჟი ფრონტის წინა ხაზზე მსახურობს. და თან ორ მათგანს – ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აქვს, წესით, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ. თუმცა, მინისტრის თქმით, მათ არ ათავისუფლებენ, „რათა ისე არ გამოვიდეს, თითქოს ისინი ჩინოვნიკების შვილობის გამო არიან დემობილიზებულები“.
სარგსიანმა ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს სამინისტროს სტრუქტურის გადახედვა. მან აღნიშნა, რომ შემცირებული ქვედანაყოფების თანამშრომლებმა, თუ ისურვებენ, შეუძლიათ მუშაობა გააგრძელონ: „ჩვენ არ ვაპირებთ ადამიანების ქუჩაში დატოვებას, ჩვენ მხოლოდ ეფექტურობის ამაღლება გვინდა“.
პუბლიკაციაში მოტანილი ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები არ არის აუცილებელი, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებს და იდეებს ემთხვეოდეს. JAMnews იტოვებს უფლებას, რომ წაშალოს პუბლიკაციებზე გაკეთებული ის კომენტარები, რომლებიც შეაფსდება როგორც შეურაცხმყოფელი, ძალადობის მოწოდების ან მუქარის შემცველი, ასევე ეთნიკურად ან სხვა მიზეზით მიუღებელი.