სომეხი ჟურნალისტები საქართველოში არ შეუშვეს
სომხეთის ქსელური რესურსის Epress.am-ის სამი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე არ შეუშვეს. მესაზღვრეებმა მიზეზის განმარტებაზე უარი განაცხადეს, და ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მათი მუშაობა არასასურველია.
• “ჩვენ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია” – საქართველოს პრეზიდენტი ერევანში
• დემოკრატიის ინდექსი – 2018: სომხეთი წინ მიიწევს, საქართველო პოზიციებს თმობს
ინფორმაცია ერევნიდან
როგორც საქართველოში მიმავალმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იური მანველიანმა JAMnews-ს ინტერვიუში უამბო, Epress.am-ის გადამღები ჯგუფი ჯავახეთში მიემგზავრებოდა, რათა რეგიონზე რუსული პრესის გავლენის შესახებ რამდენიმე ინტერვიუ აეღო. თუმცა, ქართველმა მესაზღვრეებმა მათ სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. მოგზაურობის მიზნის შეტყობის შემდეგ საბაჟოს თანამშრომლებმა მათ თავიდან აცნობეს, რომ ჟურნალისტებს გადაღების უფლება და აკრედიტაცია უნდა ჰქონოდათ, შემდეგ კი ფოტო და ვიდეოკამერებით, ასევე ნოუთბუკებით საქართველოს ტერიტორიაზე მათ შეშვებაზე საერთოდაც უარი განაცხადეს.
ჟურნალისტები დათანხმდნენ, რომ ტექნიკას სომხეთში დატოვებდნენ, თუმცა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გადაკვეთის ნება მათ მაინც არ დართეს.
„აგრესიული ტონით გვითხრეს, რომ ნებართვის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე ჟურნალისტიკით დაკავებას ვერ შევძლებდით. ჩვენ განმარტებები ვთხოვეთ, რაზეც გვიპასუხეს, რომ ამ გადაწყვეტილების მიმღებ თანამშრომელს აზრი არ შეუცვლია, და ჩვენ საქართველოს ტერიტორიზე შესვლა აკრძალული გვაქვს“, – მოჰყვა იური მანველიანი.
ჟურნალისტმა ასევე განაცხადა, რომ ეს მათი რესურსის თანამშრომლების საქართველოში გამგზავრების პირველი შემთხვევა არ ყოფილა, თუმცა წინათ არავითარი პრობლემა არ შექმნილა.
„ჩემს იმ განცხადებაზე, რომ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე მანამდეც გვიმუშავია, მესაზღვრემ მიპასუხა, რომ სიტუაცია შეიცვალა“, – ჰყვება Epress-ის ჟურნალისტი.
იური მანველიანის თქმით, მესაზღვრეებს მათი საქართველოში არშეშვების თაობაზე წერილობითი გადაწყვეტილება არ წარმოუდგენიათ, და ყველაფერი „ზემოდან“ მიღებული ბრძანების ფორმით სრულდებოდა. ამავდროულად ჟურნალისტს მოცემული ინციდენტის ახსნა უჭირდა.
„გვსურს გავიგოთ, თუ რატომ წარმოიშვა ამგვარი სიტუაცია და მომდევნო ჯერზე შეგვიშვებენ თუ არა. არსებობს ვებ-გვერდები, რომლებიც პროპაგანდას ეწევიან, რომლებიც სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაში პრობლემების პროვოცირებას ახდენენ. თუმცა, ჩვენ ასე არ ვიქცევით. შესაძლოა, ქართველი ჩინოვნიკების მხრიდან სომხური რესურსების მიმართ ტრადიციული დაძაბულობა არსებობს? არ მგონია, რომ ეს კონკრეტულად ჩვენს წინააღმდეგ იყოს მიმართული“.
Epress.am-ის წარმომადგენლებმა მიმართეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელმაც, თავის მხრივ, განმარტებები ქართველი კოლეგებისგან მოითხოვა. ჯერჯერობით საქართველოს საგარეო უწყებიდან პასუხი არ არის, ყოველ შემთხვევაში, Epress-ის ჟურნალისტებისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი.
ინფორმაცია თბილისიდან
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ჟურნალისტების შეშვებაზე უარის თქმას „უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის“ შესახებ კანონის 11-ე მუხლის „i“ ქვეპუნქტით ხსნის.
ეს კანონი საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესახებ საკითხებს არეგულირებს. 11-ე მუხლის ყველა ქვეპუნქტში მკაფიოდ არის გაწერილი, თუ რა შემთხვევაში უნდა ეთქვას უცხოელს საქართველოში შესვლაზე უარი. კერძოდ, საუბარია საბუთების უქონლობაზე, ყალბ საბუთებზე, შესვლის მიზეზის არასწორად დასახელებასა და უსაფრთხოების საშიშროებაზე.
გამონაკლისია – „i“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სომეხი ჟურნალისტები არ შეუშვეს. ამ ქვეპუნქტში კონკრეტიკა არ არის, ის საკმაოდ ბუნდოვანია და უარის მიზეზების თაობაზე ინფორმაციას არ იძლევა. მასში უბრალოდ წერია, რომ უცხოეთის მოქალაქეს საქართველოში შესვლაზე შეიძლება უარი ეთქვას „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც“. ანუ კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ შეუშვეს ჟურნალისტები, გაურკვეველი რჩება.
ამ მიზეზის შესახებ არც საგარეო საქმეთა სამინისტროში ლაპარაკობენ. დღეს საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია სომხეთში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ალბათ მას ერევანში აუცილებლად დაუსვამენ შეკითხვას, თუ რატომ არ შეუშვეს საქართველოში სომეხი ჟურნალისტები.