ბაქოში უკანონო მოსმენების ახალი სკანდალი აგორდა
აზერბაიჯანულმა ტელეარხმა Real TV-მ ოპოზიციონერი აქტივისტის, გიულტეკინ გაჯიბეილისა და ორ უცხოელ დიპლომატს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოაქვეყნა. საუბარი ბაქოში ოპოზიციის მიტინგის დაშლას ეხებოდა.
• ჩაშლილი ოპოზიციის მიტინგი ბაქოში – წვრილმანები
მალევე ტელეარხმა ეს ჩანაწერები მთლიანად წაშალა, მაგრამ სკანდალი უკვე აგორდა. ახლა მედია და ექსპერტები კამათობენ, თუ რა იყო ეს: დიპლომატების მხრიდან ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა, თუ აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო კონვენციის დარღვევა. ოფიციალური რეაქცია ჯერჯერობით არც ერთი მხრიდან არ არის.
რა იყო ჩანაწერებში?
19 ოქტომბერს ბაქოში პოლიციამ მკაცრად აღკვეთა ოპოზიციური “დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს” მიტინგი.
20 ოქტომბერს კი ჟურნალისტმა მირშაჰინ აგაევმა არხ Real TV-ზე თავის გადაცემაში გიულტეკინ გაჯიბეილისა და ორ უცხოელ დიპლომატს შორის საუბრის აუდიოჩანაწერი გაუშვა.
ერთ-ერთ ჩანაწერში გაჯიბეილი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანში აშშ-ს საელჩოს წევრს შეუმდგარი მიტინგის შესახებ უამბობს.
მეორე ჩანაწერში ის პირდაპირ ესაუბრება აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენელს და მასთან ერთად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას განიხილავს.
აგაევს არ განუმარტავს, თუ რა გზით მოხვდა ეს ჩანაწერები მასთან.
პროსამთავრობო მედიის აზრით, გიულტეკინ გაჯიბეილი – ჯაშუში და ინფორმატორია, დასავლელი დიპლომატები კი ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან და, შესაძლოა, ოპოზიციას „ასპონსორებენ“ კიდეც.
თავად გაჯიბეილისა და ექსპერტების მოსაზრებით კი, მირშაჰინ აგაევმა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენცია უხეშად დაარღვია.
ამ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის მთავრობისგან ოფიციალური კომენტარები ჯერჯერობით არ გაკეთებულა. რაიმე სახის რეაგირება არც აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის წარმომადგენლობას მოუხდენიათ.
გაჯიბეილი სასამართლოში ჩივილს აპირებს.
რით განსხვავდება „საშინაო საქმეებში ჩარევა” “ინფორმაციის კანონიერად შეგროვებისგან“?
იურისტი ფარჰად მეჰტიევი ВВС-სთან თავის ინტერვიუში განმარტავს, რატომ შეიძლება, რომ ეს შემთხვევა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევად მივიჩნიოთ.
მისი თქმით, ეს კონვენცია ითვალისწინებს, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში მომუშავე დიპლომატებს უფლება აქვთ, ყველა კანონიერი გზით შეაგროვონ და გაავრცელონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება ამ ქვეყანაში. და თუკი ვინმე ოპოზიციონერი მოისურვებს, რომ დიპლომატს ქვეყნის მოვლენების თაობაზე უამბოს, ესეც სრულიად კანონიერია. ხოლო დიპლომატების საუბრების მოსმენა და, მით უმეტეს, ამის ეთერით გაშვება – უკანონობაა.
ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის აზერბაიჯანის დელეგაციის ხელმძღვანელი დეპუტატი სამედ სეიდოვი ვარაუდობს, რომ ამ ინციდენტს აზერბაიჯნისა და აშშ-ს ურთიერთობაში ნეგატიური შედეგები არ მოჰყვება.