სირიის ომი. როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი
ომი სირიაში უკვე მერვე წელია გრძელდება. ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში გადაიკვეთა არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების და ოპოზიციის, არამედ მსოფლიო სახელმწიფოების ინტერესები. რუსეთი მხარს უჭერს და ეხმარება სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმს. აშშ კი, ამ რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ამ ქაოსით ისარგებლა “ისლამურმა სახელმწიფომ”, რომელიც წლების განმავლობაში სირიის მოსახლეობას აწიოკებდა, ტერიტორიებს იტაცებდა და კულტურულ, არქეოლოგიურ ძეგლებს ანგრევდა.
ის, რომ სირიაში ომია, ყველამ იცის. თუმცა, ბევრს უკვე დაავიწყდა, როდის და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.
______________________________
რა გახდა სირიაში ოპოზიციის ამბოხების მიზეზი?
სირიაში კონფლიქტი 2011 წლის მარტში, სამხრეთის ქალაქ დარააში დემონსტრაციით დაიწყო. ეგვიპტისა და ტუნისის რევოლუციებით შთაგონებულმა რამდენიმე ახალგაზრდამ ადგილობრივი სკოლის კედელზე ანტისახელისუფლებო ლოზუნგები დაწერა. ამისთვის ხელისუფლებამ 150-მდე მოსწავლე დააპატიმრა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მოზარდები პოლიციაში აწამეს. ამან ქალაქის მაცხოვრებლების რისხვა გამოიწვია. დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა – სამთავრობო ჯარებმა მშვიდობიან დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.
დემონსტრაციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო. რაც უფრო აგრესიული იყო ხელისუფლება, მით მეტი ხალხი გამოდიოდა მიტინგზე. 25 მარტს დარააში 100 ათასი ადამიანი გამოვიდა. ამ დღეს 20 მომიტინგე მოკლეს. პროტესტი სწრაფად გავრცელდა სხვა ქალაქებზე. ხელისუფლება მომიტინგეებს ყველგან ძალადობით პასუხობდა.
მთელი 2011 წლის განმავლობაში სირიის ქალაქებში დემონსტრაციები არ ცხრებოდა – ადამიანები რეპრესიებსა და კორუფციას აპროტესტებდნენ. ქვეყნის პრეზიდენტი ბაშარ ასადი ამტკიცებდა, რომ პროტესტი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებისა და დასავლელი დივერსანტების მიერ იყო წაქეზებული.
ამ დროისთვის სირია იყო უღარიბესი ქვეყანა, სადაც რამდენიმეწლიანი გვალვების და ბაშარ ასადის კორუფციული მმართველობის შემდეგ მილიონობით ადამიანი შიმშილობდა. საჭმელი, სასმელი, სამსახური – ეს ყველაფერი სირიაში დეფიციტი იყო.
როგორ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი?
მრავალათასიანი მიტინგები ყოველი პარასკევის ლოცვის შემდეგ იმართებოდა და ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ამბოხებულებს მხოლოდ პოლიცია ვეღარ უმკლავდებოდა. ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დაიწყო. სამხედროები ალყაში აქცევდნენ ქალაქებს და ამბოხებულებს მძიმე ტექნიკის და ავიაციის გამოყენებით აკავებდნენ. პასუხად, სირიის არმიას მასობრივად ტოვებდნენ ასადის რეჟიმით უკმაყოფილო ადამიანები და ქმნიდნენ ოპოზიციის შეიარაღებულ ფრთას.
უკვე 2011 წლის ბოლოს დემონსტრანტებისა და პოლიციის დაპირისპირება ქუჩის სისხლიან ბრძოლებში გადაიზარდა.
მალე სირია მსოფლიოს ყველაზე სისხლიან წერტილად იქცა. ოპოზიციის და ხელისუფლების გარდა, აქ ბრძოლაში სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური დაჯგუფება ჩაერთო. ერთ-ერთ მთავარ მოთამაშედ სირიაში იქცა “ისლამური სახელმწიფო”, რომელიც იმ მომენტისთვის ძალებს იკრეფდა. სირიის ომის მესამე – 2014 წელს “ისლამური სახელმწიფო” სირიის დიდ ნაწილს აკონტროლებდა.
ვინ ვის უჭერს მხარს
ძალიან მალე თურქეთმა, კატარმა და საუდის არაბეთმა ამბოხებულების დაფინანსება დაიწყეს; ხოლო რუსეთმა და ირანმა – ბაშარ ასადის რეჟიმის.
სირია რუსეთის ერთ-ერთი ძველი პარტნიორია. ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები – ეს ყველაფერი სირიას რუსეთისგან და საბჭოთა კავშირისგან აქვს.
სირიის დაკარგვა რუსეთისთვის დიდი მარცხი იქნებოდა. ეს მარცხი შეარყევდა რუსეთის, როგორც მსოფლიო ლიდერის, რეპუტაციას მთელს არაბულ სამყაროში.
2015 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ სირიის ომში მისი სამხედრო ძალა ასადის ხელისუფლების მხარეს მიიღებდა მონაწილეობას. რომ არა რუსეთის დახმარება, ბაშარ ასადი ამდენ ხანს ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა.
ოფიციალურად, რუსეთი აცხადებდა, რომ სირიაში „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძოდა. თუმცა, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, რუსული ავიაცია ისეთ ტერიტორიებს ბომბავდა, სადაც ამბოხებულები და მშვიდობიანი მოსახლეობა იმყოფებოდა. ასადის რეჟიმმა რუსეთის დახმარებით ნელ–ნელა შეავიწროვა ოპოზიციის ჯარები და დაიკავა ტერიტორიები, სადაც ასადის მმართველობით უკმაყოფილო მოსახლეობა ცხოვრობდა.
ობამას ადმინისტრაციის დროს აშშ ყველანაირად თავს იკავებდა ახლო აღმოსავლეთის ამ მორიგ კონფლიქტში ჩართვისგან. თუმცა, დემოკრატიის დამცველის სტატუსიდან გამომდინარე, საბოლოოდ მაინც მოუწია ამის გაკეთება. ამერიკა კონფლიქტში გვიან ჩაერთო, როცა მისი დახმარება უკვე არასაკმარისი იყო სირიული ოპოზიციის გასამარჯვებლად.
ბაშარ ასადი დიქტატორია?
ბაშარ ასადი სირიის პრეზიდენტი 2000 წელს, მამის – ჰაფეზ ასადის გარდაცვალების შემდეგ გახდა.
თავდაპირველად, ბევრი მას იმედის თვალით უყურებდა. ის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული ლიდერი იყო შუა აღმოსავლეთში. მას ეცვა ჯინსები და ატარებდა Audi A6-ს, ვახშმობდა დამასკოს მოდურ რესტორნებში და ცოლად შეირთო ასმა არჰასი – ლონდონში გაზრდილი, დასავლური ყაიდის ქალი.
ცვლილებები არ იყო მხოლოდ ფასადური. სწორედ ასადის დროს ჩამოყალიბდა სირიის პირველი სამოქალაქო ხელისუფლება, მოხდა ინტერნეტთან წვდომის ლიბერალიზაცია, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გამოვიდა პირველი დამოუკიდებელი გაზეთი.
დემოკრატიამ ასადი ზუსტად ერთ წელიწადში შეაშინა. სულ მალე გაჩნდა ახალი პოლიტპატიმრები, ქვეყანა ჩაეფლო კორუფციასა და კლანურ მმართველობაში, დაიხურა დამოუკიდებელი გაზეთი. 2007 წელს სირიელებს შეეზღუდათ წვდომა Facebook, YouTube, Twitter -თან და ბევრ საინფორმაციო საიტთან. იმავე წელს ასადი ხელახლა აირჩიეს პრეზიდენტად. მან ხმების 97,6 პროცენტი მოაგროვა.
საგარეო პოლიტიკაში ბაშარ ასადი მამის ანტიამერიკულ და ანტიისრაელურ კურსს ინარჩუნებდა.
2011 წელს ბაშარ ასადმა ძალა გამოიყენა მშვიდობიანი პროტესტანტების წინააღმდეგ იმისთვის, რომ საკუთარი ძალაუფლება შეენარჩუნებინა. სირიის ზოგიერთ რეგიონში კი, ხალხი იმით დასაჯა, რომ წყალი და შუქი გაუთიშა. სწორედ ასადის ამ პოლიტიკის გამო დაიწყო ომი სირიაში.
ასევე, ასადს “ისლამურ სახელმწიფოსთან” არაფორმალურ თანამშრომლობაშიც ადანაშაულებენ. მისთვის “ისლამური სახელმწიფო”, სავარაუდოდ, ნაკლები ბოროტებაა, ვიდრე საკუთარი ოპოზიცია.
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების შემთხვევები
2012 წელს სირიის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ქიმიურ იარაღს ფლობს, თუმცა აღნიშნა, რომ ამ იარაღს არასოდეს გამოიყენებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
ამ განცხადების პასუხად აშშ-ის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ომაბამ განაცხადა, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება იქნებოდა ის “წითელი ხაზი”, რომლის გადაკვეთის შემთხვევაში აშშ სირიის კონფლიქტში ჩაერთვებოდა.
უკვე 2012 წლის დეკემბერში გაჩნდა პირველი ცნობა, რომ ასადმა ქალაქ ჰომსში მომწამვლელი ნივთიერება “აგენტი 15” გამოიყენა. დაიღუპა 5 ადამიანი, მოიწამლა 100-ზე მეტი. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაციამ თავი შეიკავა სირიაში ჩარევისგან.
2013 წლის მარტში სირიაში ზარინი გამოიყენეს. დაიღუპა 20 ადამიანი. იმავე წლის აგვისტოში კი მოხდა ყველაზე მასშტაბური ქიმიური თავდასხმა – ქალაქ გუტაში სხვადასხვადასხვა ინფორმაციით 300-დან 1700-მდე მშვიდობიანი მოსახლე დაღუპა.
მაშინ გაერომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყო, ობამამ კი, კონგრესს სირიაზე ავიადარტყმის უფლება სთხოვა. ობამა ქიმიურ თავდასხმაში ბაშარ ასადს ადანაშაულებდა.
თუმცა, აშშ-ის სამხედრო ჩარევა რუსეთმა შეაჩერა. მოსკოვმა პირობა დადო, რომ სირიის ქიმიური განიარაღების პროცესში შუამავლის როლს შეასრულებდა და “ქიმიური იარაღის ამკრძალავ ორგანიზაციასთან”(OPCW) ერთად თავად გააკონტროლებდა სირიაში ქიმიური იარაღის განადგურების პროცესს.
2014 წელს სირიიდან დეკლარირებული ქიმიური იარაღის გამოტანა დაიწყეს. 2016 წლის იანვარში კი ითქვა, რომ სირიამ სრულად გაანადგურა ქიმიური იარაღი.
თუმცა, ცნობები ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ამის შემდგომაც ვრცელდებოდა. 2017 წლის 4 აპრილს კი, ქალაქ იდლიბთან საშინელი ტრაგედია დატრიალდა – ზარინმა 80 ადამიანი მოკლა, მათ შორის ბევრი ბავშვი. გაეროს და “ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის” გამოძიებამ დაადგინა, რომ ქიმიური თავდასხმის უკან ასადის რეჟიმი იდგა.
იდლიბის შემთხვევა ამერიკამ უპასუხოდ აღარ დატოვა. ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა 7 აპრილს სირიის მიმართულებით 59 რაკეტა “ტომოჰავკი” გაუშვა.
ახლა, ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, სირიაში ქიმიური იარაღი კვლავ გამოიყენეს – 2018 წლის 7 აპრილს სირიულ ქალაქ დუმაში ქიმიურ თავდასხმის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ გამოყენებული იყო სავარაუდოდ, ქლორი ან ზარინი. სირიის ამ რეგიონში საერთშორისო დამკვირვებლებს არ უშვებენ, თუმცა ქიმიური მოწამვლის ფაქტს ადასტურებს გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალაც.
რა ხდება დღეს
დუმას შემთხვევამ სირიაში ვითარება უკიდურესად დაძაბა. უკვე მესამედ შეიქმნა აშშ-ის და რუსეთის დაპირისპირების საფრთხე. ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი აუცილებლად აგებს პასუხს “მკვლელი” ასადის რეჟიმის მხარდაჭერისთვის. მან თქვა, რომ რუსეთი უნდა მოემზადოს, რადგან ამერიკული რაკეტები მალე გაფრინდებიან სირიისკენ. რუსეთი კი, პასუხობს, რომ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებენ და მათი გაშვების ადგილებს დაბომბავენ.
2018 წლის 1 მარტის მონაცემებით, ბაშარ ასადის ხელისუფლება ქვეყნის ტერიტორიის 54,90 პროცენტს აკონტროლებს. შეიარღებული ოპოზიცია – “სირიის დემოკრატიული არმია” (მათ შორის არიან ქურთული დაჯგუფებები) (SDF) – 27,13 პროცენტს; ისლამისტი მეამბოხეები (მათ შორის ყოფილი ალ-ქაედას წევრები) – 11.84 პროცენტს; 6,11 პროცენტს კი “ისლამური სახელმწიფო”.
ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სირიის ცენტრის (SOHR) მონაცემებით, 2018 წლის მარტის მონაცემებით, სირიაში დაღუპულია ნახევარ მილიონამდე ადამიანი . მათ შორის 100 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე (20 ათასი ბავშვისა და 13 ათასი ქალის ჩათვლით).
7,6 მილიონმა იძულებით გადასახლებულმა პირმა დატოვა ქვეყნის შიგნით საკუთარი სახლები. 4 მილიონმა სირიელმა კი ქვეყანა დატოვა. ისინი ძირითადად მეზობელ თურქეთში, ლიბანში, იორდანიასა და ერაყში გაიქცნენ.