რატომ მიდიან სირიაში პანკისელი ბიჭები?
“თარხანი ჩვენი გმირია”
სოფელ ჯოყოლოს “ბირჟაზე” ათიოდე ახალგაზრდაა შეკრებილი. მათი საუბრის თემა ორი პანკისელი მებრძოლია, რომელთა დაღუპვის შესახებ ცნობა რამდენიმედღიანი ინტერვალით სირიიდან მოვიდა.
“გმირულად დაეცნენ”;
“ალაჰისთვის იბრძოდნენ”;
“ახლა ისინი შაჰიდები არიან”, – ამბობენ ისინი.
ერთ-ერთი დაღუპული აბუ უმარ ალ-შიშანია, იგივე თარხან ბათირაშვილი – პანკისელი ჟღალთმიანი ბიჭი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” რიგებს 2012 წელს შეუერთდა და სამ წელზე ნაკლებ დროში რიგითი მებრძოლიდან ერთ-ერთ მთავარ საველე მეთაურად და “ისლამური სახელმწიფოს” სამხედრო მინისტრად იქცა. 2014 წელს კი ბათირაშვილი აშშ-ს ტერორისტთა შავ სიაში მოხვდა. მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციისთვის 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.
არც თუ ურიგო კარიერაა, არა, ბირკიანელი ბიჭისთვის? პანკისში მისით ამაყობენ.
პრესაში 9-ჯერ გავრცელდა ცრუ ცნობა იმის შესახებ, რომ ალ-შიშანი მოკლეს.
მხოლოდ 13 ივნისს გავრცელებული, რიგით მეათე ცნობა გამოდგა სიმართლე. ამბობენ, რომ ოჯახს ალ-შიშანის დაღუპვის შესახებ თვით “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთმა ლიდერმა შეატყობინა.
“ის იყო წყნარი და მორიდებული ბიჭი,” – ამბობს მეზობელი ქალი, რომელიც ბათირაშვილებთან სამძიმრის სათქმელად მიდის.
“უშიშარი საველე მეთაურის” ალ-შიშანის სახელი პანკისში ისედაც ყველას პირზე ეკერა, ეს დღეები კი მასზე განსაკუთრებით ბევრს და აღფრთოვანებით ლაპარაკობენ.
ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დიდი ნაწილისთვის თარხანი გმირია.
“ეს ბიჭი ერთ დროს აქ, ჩვენთან იზრდებოდა, მერე წავიდა და მსოფლიო შეაზანზარა,” – ამბობს ერთ-ერთი.
ხეობაში არ სჯერათ, რასაც პრესა ალ-შიშანიზე წერს. ბათირაშვილს, სხვა სასტიკ დანაშაულებთან ერთად, მასობრივი მკველელობების მოწყობასაც მიაწერენ.
“თარხანი 10 ქრისტიანის გადარჩენისთვის სირიაში შარიათის სასამართლოზე დაიბარეს, თუმცა მან იქაც შეძლო თავის გამართლება,” – ჰყვებიან ჯოყოლოს “ბირჟაზე”. ხეობაში ბათირაშვილის გმირობებზე არაერთი ლეგენდა დადის.
პარალელური სამყარო
პანკისი თბილისიდან 150 კილომეტრითაა დაშორებული, თუმცა ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ დისტანცია ამ ხეობასა და დედაქალაქს შორის გაცილებით დიდია.
ხეობაში 15 ათასი მაცხოვრებელია. ყველაზე დიდი სოფლები – დუისი, ჯოყოლო და ბირკიანი ალაზნის ნაპირებზეა გაშენებული. ხეობას ზამთარ-ზაფხულ დათოვლილი კავკასიონის მთები დაჰყურებს. ამ მთებს მიღმა, სულ რაღაც 30 კილომეტრში ჩეჩნეთია. მე-19 საუკუნეში სწორედ ჩეჩნეთიდან გადმოვიდნენ პანკისში ხეობის დღევანდელი მასპინძლების წინაპრები.
საქართველოში მათ ქისტებს ეძახიან. 2016 წლის აღწერის თანახმად, ხეობაში 5700 ქისტი ცხოვრობს.
პანკისელი ქისტები ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინტეგრირებული ეროვნული უმცირესობაა საქართველოში – თითქმის ყველამ, მშობლიურ ჩეჩნურთან ერთად, კარგად იცის ქართული ენა.
მათი რიცხვი კიდევ უფრო დიდი იყო საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჩეჩნურ ომს გამოქცეული ათასობით დევნილი პანკისის ხეობას აფარებდა თავს. იმ დროს კავკასიონის მთები ჩეჩენი მებრძოლების მთავარი და ყველაზე საიმედო თავშესაფარი იყო. პირველად მაშინ იქცა პანკისი “სახიფათო ზონად” და, წლებია, ამ რეპუტაციას თავი ვერ დააღწია.
საქართველოს არც ერთ სხვა რეგიონი არ ხვდება საერთაშორისო პრესაში ისე ხშირად, როგორც პანკისის ხეობა.
ჯერ იყო და, 90-იანების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში უკონტროლო ხეობა ადამიანების გატაცების, კრიმინალისა და ნარკოვაჭრობის ეპიცენტრად იქცა. ამას ემატებოდა რუსეთის ხელისუფლების გამუდმებული ბრალდებები, რომ პანკისის ხეობაში ტერორისტები და მათი საწვრთნელი ბაზები განლაგებული.
2005 წლიდან ვითარება თითქოს დამშვიდდა, თუმცა ცოტა ხნით. სირიის კონფლიქტის დაწყებასთან და “ისლამური სახელმწიფოს” აღორძინებასთან ერთად პანკისი ახალი მასშტაბის საფრთხედ იქცა.
არის შემთხვევები, როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მომხდარ ტერაქტებზე პასუხს ამ პატარა ხეობაში ეძებენ. მაგალითად, სტამბოლის 29 ივნისის ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად აჰმად ჩატაევი დასახელდა – რუსეთში ძებნილი ჩეჩენი მებრძოლი, რომელიც პანკისს აფარებდა თავს და საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავა. თუმცა, მოგვიანებით, ხელისუფლება შეიცვალა და ჩატაევს ამნისტია შეეხო. იგი ქართული ციხიდან გაათავისუფლეს. “პანკისის ხეობა, ტერორიზმი, “ისლამური სახელმწიფო”, – კვლავ ერთად გაიელვა საერთაშორისო პრესაში ამ სიტყვებმა.
კიდევ უფრო მეტყველია ციფრები. სხვადასხავ მონაცემით,”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში დღეს 40-დან – 50-მდე ახალგაზრდა იბრძვის პანკისის ხეობიდან. აქედან ოთხი საველე მეთაურია.
მე-11 კლასელი ისლამისტი
2015 წლის 2 აპრილის დილას მე-11 კლასელი რამზან ბაღაკაშვილი და მისი თანასოფლელი, მე-10 კლასელი მუსლიმ კუშტანაშვილი სკოლაში წავიდნენ და სახლში არ დაბრუნებულან.
რამდენიმე დღის შემდეგ მათი ფოტო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 18 და 16 წლის პანკისელი მოზარდები “ისლამური სახელმწიფოს” შავი დროშის ფონზე პოზირებენ, სამხედრო ფორმა აცვიათ და ხელში ავტომატები უჭირავთ.
რამზანის დედასთან, თინა ალხანაშვილთან ინტერვიუ რამდენიმე თვის წინათ ჩავწერეთ.
რამზანის სახლში შესვლისთანავე ადვილად მისახვედრია, რომ ოჯახი სოციალურად გაჭირვებულია.
პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ, ეზოში რამდენიმე ადგილას გაკეთებული წარწერაა – “რ +”. შემდეგი ასო საგულდაგულოდაა წაშლილი. როგორც ქალბატონი თინა ამბობს, შვილმა წარწერები თავად გააკეთა და შემდეგ შეყვარებულის სახელის პირველი ასო წაშალა, მის ვინაობას რომ არ მიმხვდარიყვნენ.
თავად ქალბატონი თინა სახლში არაფერს შლის, ვიდრე შვილი არ დაუბრუნდება.
ერთადერთი ცვლილება, რაც რამზანის წასვლის შემდეგ მის სახლში მოხდა – ტელევიზორია, რომელიც ოჯახს ახლობლებმა ათხოვეს, სირიის ამბები რომ არ გამოეპაროს.
თინა ალხანაშვილთან ინტერვიუ ხშირად წყდება – დროდარდო თვალები უცრემლიანდება და საუბარი უჭირს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რამზანის ბავშვობას იხსენებს.
“ყოველთვის თბილი და მოსიყვარულე იყო. იმ დღეს სკოლაში გავაცილე, საღამოს კი მისმა მეგობარმა ჩანთა მოიტანა. რომ ვკითხე, სად არის თქო, არ ვიციო მიპასუხა.”
მართალია, ადგილობრივი ახალგაზრდები, უკვე დიდი ხანია, სირიაში გადადიან, მაგრამ რამზანის და მუსლიმის შემთხვევა მაინც განსაკუთრებული აღმოჩნდა.
არასრულწლოვანების გამგზავრებამ (თანაც თვითმფრინავით), ნათელი გახადა, რომ ამ პროცესს გავლენიანი და ფინანსურად ძლიერი მფარველები ჰყავს; ხოლო საქართველოს საზღვრები, დაუცველია.
ქალბატონი თინა ამბობს, რომ რამზანი განსაკუთრებულად მორწმუნე არასდროს ყოფილა. ის დარწმუნებულია, რომ მის შვილს “გონება ვიღაცამ გადაუტრიალა”.
“ამბობენ, – ბოლო დროს ჯოყოლოში დადიოდა მეჩეთშიო. არ მინდა დავასახელო ვინმე, მაგრამ ყველა მისკენ იშვერს თითს,”- ამბობს ის.
მთავარი გადამბირებელი
მას, ვის სახელსაც თინა ალხანაშვილი არ ამბობს, მაგრამ გულისხმობს, აიუფ ბორჩაშვილი ჰქვია.
ის სოფელ ჯოყოლოს მეჩეთის ყოფილი იმამია – ამჟამად ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირისთვის ბრალდებული. პირველი ინსტანციის სასამართლომ ის ტერორიზმის ხელშეწყობაში დამნაშავედ ცნო და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის საქმეს ახლა სააპელაციო სასამართლო განიხილავს.
პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ის არის პანკისის ხეობაში “ისლამური სახელმწიფოს” წარმომადგენელი და მთავარი გადამბირებელი და სწორედ მან გაამგზავრა სირიაში არასრულწლოვანი სკოლის მოსწავლეები.
კერძო საუბრებში არ მალავენ, რომ იქ ტრადიციული ისლამისგან განსხვავებულ, რადიკალურ ისლამს მისდევენ. ამ მეჩეთს “ვაჰაბიტურ მეჩეთსაც” უწოდებენ.
დუისსა და ჯოყოლოში ორი სხვადასხვა მეჩეთი მოქმედებს. ორივე სოფელში სალაფიტური და სუფიური სწავლების მიმდევრები სხვადასხვა მეჩეთებში დადიან. ომარ ალდამოვი, ხანშიშესული კაცი ოქროსფერი წვერით, 5 წელია, რაც დუისის მეჩეთში იმამია. ის ამბობს, რომ მუდმივად მოუწოდებს ახალგაზრდებს, არ წამოეგონ ანკესზე და არ წავიდნენ სირიაში. მისი აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი ისლამის სწორ შესწავლაშია:
“ისლამი არ გვასწავლის მკვლელობებს. არსად წერია, – მიდი, და ვიღაც მოკალიო. თანაც სად? სადღაც სირიაში… შენს სამშობლოს რომ სჭირდეს, მისი დაცვა შენი ვალია რელიგიურადაც, მაგრამ სირიაში რა გინდა?”
სპორტული დარბაზის მოლოდინში
ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, “ისლამური სახელმწიფოს”გადამბირებლებმა პანკისში თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთეს. თუმცა, ამის ერთადერთი მიზეზი მხოლოდ მათი “სიყოჩაღე” არ უნდა იყოს.
ხეობაში ისლამისტ რეკრუტერებს საიმედო მოკავშირეები ჰყავთ – სიღარიბე, უმუშევრობა და უიმედობა, რასაც ხეობაში ყოველ ნაბიჯზე წააწყდებით.
პანკისელი უხუცესები განგაშის ზარს სცემენ და სახელმწიფოსგან კონკრეტული ზომების მიღებას ითხოვენ:
“ჩვენ უხუცესთა კავშირის წარმომადგენლები ვხვდებით ახალგაზრდებს და ვუხსნით, რომ ეს ჩვენი ომი არაა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მათ პერსპექტივა უნდა დაინახონ. დაასაქმეთ ჩვენი ახალგაზრდები, რომ მათ თავიდან ამოიგდონ სირია,” – ამბობს პანკისის უხუცესთა კავშირის წარმომადგენელი, ზაურ გუმაშვილი. აშკარაა, რომ პანკისში უფროს თაობას მობეზრდა ხეობის ასეთი “პოპულარობა” და ცუდი რეპუტაცია.
ხეობაში არც სამსახურია და არც გასართობი.
დანგრეულ შენობასთან, რომელსაც წარწერა “კაფე” შემორჩენია, ძროხები ბალახობენ.
ხეობაში ერთადერთი სპორტული დარბაზი ფუნქციონირებს, ადრე აქ ადგილობრივი ბაზარი იყო. ახლა ჭიდაობას ასწავლიან.
ახალგაზრდები ამბობენ, რომ ყველაზე მეტად ხეობაში სწორედ სპორტული დარბაზი სჭირდებათ.
“ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრაზე სპორტული დარბაზის საკითხს ვაყენებთ. წლები გავიდა, მაგრამ ახალი დარბაზი არ გვეღირსა,” – ამბობს რუბენ ბორჩაშვილი სოფელ ჯოყოლოდან.
ერთადერთი გასართობი ინტერნეტია, რომელსაც პანკისელი ახალგაზრდები დანარჩენ სამყაროსთან დასაკავშირებლად იყენებენ.
პანკისში პოპულარულია Whatsapp, სადაც ერთმანეთს, სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად, ისლამურ საიტებზე გავრცელებულ ვიდეოებს უზიარებენ, საველე მეთაურების მოწოდებებითა თუ მათი ბრძოლის ამსახველი კადრებით.
რამდენიმე ახალგაზრდას ვკითხეთ, სად და როგორ ხედავდნენ ისინი საკუთარ მომავალს 5 ან 10 წლის შემდეგ. უმეტესობას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. ბევრმა თქვა, რომ ჩეჩნეთში წავა სამსახურის საშოვნელად; რამდენიმე ევროპაში სამუშაოდ წასვლაზე ოცნებობს.
“როცა სკოლაში დადიხარ, არ გადარდებს არაფერი, მაგრამ როცა დაამთავრებ, რა უნდა აკეთო? ან სხვა ქვეყანაში უნდა წახვიდე ან ცხვარში. სირიაში წასვლა ყველაზე ადვილია. ყველა აქედან გასწრებაზეა,” – ამბობს ა. ბორჩაშვილი.
თინა ალხანაშვილმა არ იცის, რას ეძებდა მისი მეთერთმეტეკლასელი შვილი სირიაში და რატომ არჩია მასთან ყოფნას უცხო ქვეყანაში გამგზავრება. ახლა ის შორსაა, დედა კი მის გარეშე ცხოვრებას ეგუება:
“კავშირი იშვიათად მაქვს – მეუბნება, რომ არ სცალია. Whatsapp-ით მომიკითხავს ხოლმე. ბოლოს მომწერა, – კარგად ვარო, არ ინერვიულო, სადაც ომია იქ არ ვარ, ვმუშაობო… ეტყობა, ჩემს დამშვიდებას ცდილობს.”
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთხვნის ავტორს, და შესაძლოა, რედაქციის პოზიციას არ გამოხატავდეს