კომენტარი: საქართველოში მენტალური განსხვავება ახალგაზრდების სხვადასხვა ჯგუფს შორის
ერთი წელი გავიდა თბილისში ახალგაზრდების მიერ გამართული ორდღიანი საპროტესტო აქციიდან, რომელმაც ასეთი სახელი მიიღო – „ცეკვა თავისუფლებისთვის პარლამენტის წინ“.
13 მაისს იქვე გაიმართა კონტრაქცია. ულტრანაციონალისტური ჯგუფები ხელისუფლებას აქციის დაშლას სთხოვდნენ და ახალგაზრდებზე თავდასხმით იმუქრებოდნენ.
აქცია მას შემდეგ დასრულდა, რაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მის ლიდერებს შეხვდა. შემდეგ ის მომიტინგეებთან გამოვიდა, ბოდიში მოუხადა და ნარკოპოლიტიკის მიმართულებით კანონმდებლობის შემსუბუქებაზე მუშაობის დაწყებას დაჰპირდა.
თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის წინააღმდეგ გამართულმა აქციებმა გამოავლინა პრობლემები, რომლებიც ნარკოპოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა თუ პოლიციის მხრიდან განუკითხაობის თემებს საკმაოდ შორს სცდება.
13-14 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე ერთმანეთს ორი საქართველო შეეჯახა. უფრო სწორედ, მისი მომავლის ორი რადიკალურად განსხვავებული ვერსია.
ვინ დაუპირისპირდა ერთმანეთს რუსთაველზე?
• მძიმე ღამე თბილისში. სამ ღამის კლუბში ერთდროულად პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა
შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოს საზოგადოებამ ძირითადად ვერ გაიგო, ვინ და რისთვის გამოვიდა აქციაზე 12 მაისს. ბევრმა მიიჩნია, რომ აქციის მიზანი პოლიციის მიერ დაკავებული «ნარკობარიგების» დაცვა და ნატკოტიკების ლეგალიზაცია იყო.
სინამდვილეში პროტესტის მთავარი მიზეზი, აქციის მონაწილეების მტკიცებით, კლუბებში სპეცოპერაციის დროს ძალის გადამეტება და ადამიანის უფლებების დარღვევები დახდა. აქციის მონაწილეების მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულებას ხელი შეუწყო სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეოებმა, რომლებზეც აქციაზე მყოფი უცნაურად ჩაცმული ან არაადეკვატური ადამიანები იყვნენ აღბეჭდილი.
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თბილისის ღამის კლუბების სტუმრები ძირითადად არა «ნარკოშები», არამედ შემდგარი, 30 წკლამდე ასაკის ადამიანები არიან, ხშირად დასავლური განათლებით. ესენი არიან ბანკების თანამშრომმლები, საშუალო რგოლის მენეჯერები, სახელმწიფო მოხელეები – მოკლედ, საქართველოს მზარდი საშუალო კლასი.
ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც იციან უცხო ენები, უმოგზაურიათ მსოფლიოში, არიან მოთხოვნადი სპეციალისტები თავიანთ სფეროებში. მათთვის კლუბში წასვლა მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ საუკეთესო განტვირთვა და გართობაა.
ამ კატეგორიის ადამიანებში პოლიციის შეჭრა ღამის კლუბებში ნამდვილი აპოკალიფსი გახდა. თავისი ბუნებით აპოლიტიკურმა ქართულმა საშუალო კლასმა ვეღარ მოითმინა შემოჭრა მის პირად სივრცეში, სადაც აქამდე პოლიტიკას და გარეშმო რეალობას ემალებოდა. თუმცა, საბოლოოდ რეალობისგან გაქცევა არ გამოუვიდა.
პირობითი ბარიკადების მეორე მხარეს ერთდროულად რამდენიმე ულტრამემაეჯვენე დაჯგუფების წევრები აღმოჩნდნენ, რომელთა შესახებ აქამდე თითქმის არავის არაფერი სმენია. «შავპერანგიანები», «რაზმები», «სამოქალაქო გვარდია», – ის, რასც საკუთარ თავს ეს ახალგაზრდები უწოდებდნენ, ბოდვად და 90-ანების დასაწყისის ექოდ ჟღერდა.
ოპოზიციისა და აქციის მონაწილეთა მტკიცებით, ამ დაჯგუფებებს ხელისუფლება მართავს. შესაძლოა ეს ასეცაა, შესაძლოა არა. მთავარი არა ესაა, არამედ ის, თუ როგორ აღიქვამენ ერთმანეთს დაპირისპირებული ბანაკების წარმომადგენლები.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მოწინააღმდეგეთა თვალში, იქ შეკრებილები უცხო, გარედან თავსმოხვეული კულტურის წარმომადგენლები არიან, რომლებიც პატივს არ სცემენ ქართულ ტრადიციებსა და ღირებულებებს. რომლებიც არასწორად იცვამენ, გამოიყურებიან და იქცევიან. და თუ ისინი არ დაისაჯნენ, საქართველოს მათი დამღუპველი გავლენა ბოლოს მოუღებს.
აქციის მონაწილეებისთვის კი სრული მოულოდნელობა და აღმოჩენა გახდა, რომ მათ გარდა ახალგაზრდობის განსხვავებული კეტეგორიაც არსებობს. რომელიც ცხოვრებაზე წარმოდგენებს ხშირად მღვდლების ქადაგეგებიდან იქმნის, რომელთა დიდი ნაწილი ღიად იმას ქადაგებს, რომ დასავლეთიდან საქათველოში ბოროტება და გარყვნილება შემოდის, ხოლო ერთადერთი ერთმორწმუნე ძმა რუსეთია.
ამ ახალგაზრდებიდან ბევრი კლუბში არასდროს ყოფილა, თუმცა დარწმუნებულია, რომ იქ მხოლოდ «ნარკუშები» და «პიდარასტები» იკრიბებიან. კარგად ორგანიზებული პროპაგანდის და საინფორმაციო მანიპულაციების წყალობით მათ სძულთ ყველა, ვინც მათგან განხვავებულია (თუმცა, პროპაგანდისტები ზრუნავენ იმაზე, რომ მათი აგრესია არ იყოს მიმართული რუსეთისა და კრემლის წინააღმდეგ – მათი მისამართით ნეგატივს ამ კონტინგენტისგან პრაქტიკულად ვერ გაიგონებთ).
ამგვარად, კლუბურ-კრეატიულმა საქართველომ უცებ აღმოაჩინა საზოგადოების მეორე ნაწილი, რომელსაც გულწრფელდ სძულს «ლიბერასტები» და მათი სისხლი სწყურია. ჩემი დაკვირვებით, ამგვარი განწყობები ძირითადად არაკვალიფიციური შრომით დაკავებულებსა და უმუშევრებს შორის ჭარბობს. ასე რომ, ამ დაპირისპირებას სოციალური სახეც აქვს.
ქართული საზოგადოება, ალბათ, ყველაზე პროდასავლურია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ბალტიის ქვეყნების გამოკლებით, თუნდაც ამას თავად ვერ აცნობიერებდეს. უბრალოდ, ჩვენთან ხალხი მიეჩვია მეტნაკლებად თავისუფალ მედიას, არჩევნებს, რომელთა შედეგები წინასწარ არაა ცნობილი, საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმას თუნდაც დემონსტრაციებიზე – ამის გამო დაპატიმრების შიშის გარეშე.
წინა ხელისუფლების დროს ხალხი მასობრივ კორუფციას და კრიმინალს გადაეჩვია და კანონის მეტნაკლებად პატივიცსემა ისწავლა. თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოებაში ტოლერანტობის და შემწყნარებლობის დასანერგად დრო საკმარისი არ აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, საქართველოს სწრაფ ვესტერნიზაციას, მოსახლეობის დიდი ნაწილის ტვინში ჯერ კიდევ ღრმად ჩამჯდარი ტოტალიტარული და საბჭოური აზროვნების ფონზე, არ შეიძლებოდა ეს კონფლიქტი არ მოჰყოლოდა.
როგორც 14 მაისმა აჩვენა, საქართველოს საზოგადოებაში არსებული მართვადი საბჭოურ-კონსერვატული მასები, ვიწრო და შეზღუდული აზროვნებითა და აგრესიით ყველაფერი უცხოს და განსხვავებულის მიმართ, უდიდესი საფრთხეა იმ პროგრესისთვის, რაც კი იქნა მიღწეული საქართველოში პოსტსაბჭოთა წლებში.
თანაც, ამ კონფლიქტს მკაფიო გეოპოლიტიკური განზომილება აქვს – ვესტერნიზებულ ქართულ საშუალო კლასს ვერც წარმოუდგენია რაიმე ურთიერთობა რუსეთთან. ისინი იქ არ დადიან, არ იცნობენ, მათი მეგობრები და თანაკურსელები ევროპაში და აშშ-ში ცხოვრობენ და არა რუსეთში.
მეორე მხრივ, გაუნათლებელი, არარეალიზებული ახალგაზრდები “ერთმორწმუნე ძმასთან დაბრუნების” პროპაგანდის ზეგავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან.
ასეთი პოლარიზაცია და მენტალური უფსკრული ერთი თაობის წარმომადგენლებს შორის არ მახსენდება – მაშინაც კი, როცა ხალხი 90-ანი წლების დასაწყისში ერთმანეთს ესროდა და როდესაც ცემდნენ მათ, ვისაც განსხვავებულად ეცვა ან განსხვავებულად გამოიყურებოდა. ისინი მაინც ერთ გარემოში გაზრდილი ადამიანები იყვნენ, თუმცა განსხვავებული შეხედულებებით.
დღეს კი გვაქვს ომი განსხვავებულ სამყაროებს შორის, რომლებიც ერთ ტერიტორიაზე თანაარსებობენ, მაგრამ ერთმანეთთან შეხება აქამდე თითქმის არ ჰქონიათ. ასეთი რამ, ალბათ, არცერთ სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ არსებობს.