ზაალ ანდრონიკაშვილი: საქართველოში კულტურული რევოლუცია მიდის და ეს არის ერთადერთი რევოლუცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება
პუბლიცისტი, ილიაუნის პროფესორი ზაალ ანდრონიკაშვილი ანტინარკოტიკული რეიდების წინააღმდეგ ორდღიანი აქციების შედეგებს აჯამებს.
აქცია, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობასთან 12 მაისს, რამდენიმე ღამის კლუბში პოლიციის მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად დაიწყო, დასრულებულია. რამდენიმე ათასი ახალგაზრდა პარლამენტის წინ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას, კლუბში შეჭრას და მშვიდობიანი ადამიანების დაშინებას აპროტესტებდა. აქციის ორგანიზატორი იყო “თეთრი ხმაურის მოძრაობა”, ორგანიზაცია, რომელიც წლებია საქართველოში ანტიჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად იბრძვის. მათი მთავარი მოთხოვნა პრემიერ-მინისტრის და შს მინისტრის გადადგომა იყო.
ორი დღის განმავლობაში, აქციის პარალელურად, რუსთაველზე ე.წ.
კონტრაქცია იმართებოდა. ულტრანაციონალური ჯგუფები ხელისუფლებას მომიტინგეების დაშლას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდნენ, რომ თავად დაშლიდნენ მომიტინგეებს. აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის ლიდერებს შეხვდა. მოლაპარაკებების შემდეგ მინისტრი მიტინგზე გავიდა და აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა. მან ასევე პირობა დადო, რომ დაიწყება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. ასევე, დაისჯებიან ის სამართალდამცავები, რომლებმაც 12 მაისის სპეცოპერაციის დროს ძალას გადაამეტეს. მომიტინგეთა ზოგიერთმა გულშემატკივარმა აქციის ამ შედეგით დასრულება მარცხად ჩათვალა. მათი თქმით, მიტინგის ორგანიზატორებს მეტი პრინციპულობა უნდა გამოეჩინათ მინისტრთან შეხვედრის დროს.
ზაალ ანდრონიკაშვილის აზრით, საქართველოში კვლავ გაგრძელდება შეტევა თავისუფალ სივრცეებზე, ამიტომ განვლილი ორი დღე კონკრეტული დასკვნების გაკეთების და გაკვეთილის გამოტანის საშუალებას იძლევა.
აი, ხუთი მთავარი დასკვნა, რომელსაც ის აკეთებს:
-1-
“თეთრი ხმაურის მოძრაობას” გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები არ აქვს (თუ არ ჩავთვლით ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციას). აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მოთხოვნები, რომლებსაც თავიდან აყენებდა აქცია (პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა) იმთავითვე არარეალურად ჩანდა. ამის ფონზე, მიღებული შედეგი (შს მინისტრის ბოდიში და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მუშაობის დაწყების პირობა) ერთი შეხედვით კი ჩანს, როგორც აქციის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა და ფუტურო კომპრომისი, მაგრამ სინამდვილეში არც თუ ისე ცოტაა. მთავრობამ აღიარა შეცდომა, მოიხადა ბოდიში და მზადაა მოლაპარაკებისათვის.
-2-
ამავე დროს, წარსულში მთავრობასთან და კონკრეტულად შს მინისტრთან შეხვედრების საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, რომ გადადებულ მოლაპარაკებებს დიდი შედეგი არ მოაქვს. ამიტომ, ჩემი აზრით, ბოდიში არის მთავარი რეალური შედეგი, რომელიც გუშინ მივიღეთ. სავარაუდოდ, დასჯითაც არავინ დაისჯება და არც ლიბერალური კანონის მიღების პერსპექტივას ვუყურებ ოპტიმისტურად.
-3-
გუშინ გამოიკვეთა კიდევ ერთი საინტერესო რამ – მთავრობის მოქმედების ტაქტიკა. ამ ტაქტიკას ხელისუფლება, სავარაუდოდ, მომავალშიც გამოიყენებს: აქციას სამართალდამცავები არ დაშლიან, თუმცა ნებისმიერ აქციასთან ყოველთვის გაჩნდება ე.წ. კონტრაქცია, რომელიც სინამდვილეში არანაირი კონტრაქცია არ არის და არის “ზონდერკომანდო”, რომლიც მიზანია შექმნას “სამოქალაქო დაპირისპირების” ილუზია, დააშინოს დემონსტრანტები და აიძულოს ისინი წავიდნენ მოლაპარაკებებზე. სწორედ ეს ხდებოდა პარლამენტის წინ ამ დღეებში. ეს უნდა დავიმახსოვროთ მომავლისთვისაც და ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევებში.
-4-
გადავიდეთ სტრატეგიულ მხარეზე. რა მიიღო მთავრობამ? მთავრობა ამ სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგებით გამოძვრა – სახე შეინარჩუნა, შსს მინისტრმა ჩაიწერა ქულები როგორც კარგმა მომლაპარაკებელმა, მოქალაქეთა ნაწილმა კი დაიჯერა, რომ მთავრობა იყო “არბიტრი” “ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის” და არ დაუშვა სისხლისღვრა. თუმცა, მთავრობამ ვერ შეასრულა კლუბ “ბასიანის” შტურმის სტრატეგიული მიზანი – კლუბები არ დაიხურება, კლუბური ცხოვრება გაგრძელდება, შავრაზმელებისათვის კოჭის გაგორება კი, მომავალში კიდევ უფრო რთული იქნება და ხელისუფლებას საკმაოდ ძვირი დაუჯდება.
რა მივიღეთ ჩვენ – მომიტინგეებმა და მათმა გულშემატკივრებმა? ჩვენ დავიცავით ერთი მნიშვნელოვანი თავისუფალი სივრცე, თუმცა ვერ შევძელით ამ სივრცის გავრცობა. ახლა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ თავისუფალი სივრცე – “ბასიანი” “ბასიანის” გარეთაც გამოვიდეს. საქართველოში კულტურული რევოლუცია მიდის და ეს არის ერთადერთი რევოლუცია, რომელიც ჩვენ გვჭირდება. ეს რევოლუცია არის სრულიად მშვიდობიანი. მისი ძალა სწორედ მის არაპოლიტიკურობაშია. თუმცა, პოლიტიკური ნაწილიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
– 5 –
რა იქნება ხვალ? თავისუფლების კერებზე შეტევა აუცილებლად გაგრძელდება მომავალშიც და, სავარაუდოდ, უფრო დახვეწილი ფორმით, ამიტომ უნდა ვიყოთ მზად. მარტო “თეთრი ხმაურის მოძრაობით” კულტურული რევოლუცია შორს ვერ წავა. ყველა, ვისაც მართლა უნდა პოსტსაბჭოთა სისტემის ბოლო გადმონაშთების დანგრევა, მინიმალური პროგრამის გარშემო უნდა გაერთიანდეს. კონკრეტული მოთხოვნები უნდა ჩამოყალიბდეს და დაიწყოს მუშაობა მათ შესასრულებლად.