მძიმე ღამე თბილისში. სამ ღამის კლუბში ერთდროულად პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა
12 მაისს, ღამის პირველის ნახევარზე თბილისის სამ ღამის კლუბში ერთდროულად ნიღბიანი, შეიარაღებული სპეცრაზმელები შევიდნენ.
შსს-ს განცხადებით, სპეცოპერაციის მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება იყო.
“რუსთავი 2” -ის მიერ გადმოცემულ კადრებში ჩანდა, როგორ გამოჰყავდათ ადამიანები კლუბიდან, ზოგს ტანზე ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული; პირდაპირ ეთერში ჩანდა, როგორ დააკავეს რამდენიმე ათეული ადამიანი.
პოლიციამ დააკავა ღამის კლუბ “ბასიანის” რამდენიმე დამფუძნებელი და დალუქა ღამის კლუბები.
კლუბ “ბასიანიდან” გამოსული თვითმხილველები ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებდნენ, რომ პოლიცია იქცეოდა უხეშად და ნარკოტიკულ საშუალებებს ყრიდა კლუბის ტერიტორიაზე.
გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა. სამინისტრო იუწყება, რომ ის “3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. 2018 წლის 12 მაისს აღნიშნულ კლუბებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი”.
• ნარკოპოლიტიკა საქართველოში – ცვლილებების დრო დადგა?
“ბასიანთან” მივიდა სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია. მისი თქმით, მას აქტიური კონტაქტი აქვს შსს-ს წარმომადგენლებთან, რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღოს სპეცოპერაციის თაობაზე.
“ჩვენც გვაქვს ის ინფორმაცია, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ჩემი წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის დროებითი მოთავსების იზოლატორში. მე ვარ პირადად კონტაქტზე შსს-თან, ვარკვევ დაკავებულების ადგილმდებარეობას. ასევე მაინტერესებს დამატებითი ინფორმაცია თვითონ სპეცოპერაციის ამ ფორმით განხორციელების საჭიროებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ძალიან მალე ღამის კლუბ “ბასიანთან” რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მოგვიანებით ისინი ფეხით დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ, პარლამენტის შენობასთან. დილის ოთხი საათისთვის პარლამენტთან სპონტანური აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეთა დაკავება მოჰყვა.
ღამის ხუთი საათისთვის თბილისის ცენტრალური ქუჩები – წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი გადაივსო პოლიციელებით.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ გააგრძელებენ პერმანენტულ აქციებს ქვეყანაში მკაცრი ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად.
სამართალდამცავების მიერ კლუბებში მოწყობილ სპეცოპერაციას, წინ უძღოდა რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა – სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღო თბილისში გაურკვეველი ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შემდეგ. გარდაცვალებამდე ეს ადამიანები სხვადასხვა ღამის კლუბში იყვნენ.
ამ ფაქტების შემდეგ რამდენიმე პოლიტიკოსმა და მედიასაშუალებამ აქტიური კამპანია დაიწყო ღამის კლუბების წინააღმდეგ. შს სამინისტრომ კი, განაცხადა, რომ კიდევ უფრო გაამკაცრებდა ნარკოტიკებთან ბრძოლას.
ღამის კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას ადამიანები ფეისბუკით ეხმაურებოდნენ. ზოგის აზრით, სპეცოპერაცია გამართლებული იყო:
“ნარკობარიგები ციხეში, მოხმარებაზე ადმინისტრაციული, ქლაბერები კლუბებში, პოლიცია კი მოწოდების სიმაღლეზე. აფერუმ გახარიას!”
თუმცა, ბევრი ფიქრობს, რომ ნარკორეალიზატორებთან ბრძოლის ეს ფორმა დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
“ახალგაზრდა ადამიანები საცეკვაოდ იყვნენ მისულები და სპეცრაზმი შეუვარდათ!”
“ამ ყველაფერს ტურისტები უყურებენ, რა სირცხვილია.”
“ბართლომეს ღამე მოაწყვეს! კოშმარი”.
ბევრმა პარალელი გაავლო იმ ფაქტთან, რომ სწორედ წინა დღეს 11 მაისს, ჩატარდა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა და პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ბევრი ფიქრობს, რომ სპეცოპერაციის მთავარი მიზანი არა ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა, არამედ პოლიტიკურად მომძლავრებული თბილისის მერის – კახა კალაძის დისკრედიტაცია იყო. კალაძე აქტიურად უჭერს მხარს თბილისში ღამის ცხოვრების და ღამის კლუბების განვითარებას.
“დაბრუნდა თუ არა ბიძინა, სიმბოლურად სწორედ პირველივე დღეს, მოსვლისთანავე გააგებინა ზოგ-ზოგიერთებს, თუ ვინ არის ქვეყნის და დედაქალაქის უფროსიც, მეფეც, მერიც”.
“კალაძე სად ხარ? დაგენგრა ღამის ეკონომიკა თავზე!”
“ეხლა ვიღაცეებს დააკავებენ გასაღების ბრალდებით, მერე გამოვა კალაძე და ბოდიშს მოუხდის ახალგაზრდობას მიყენებული დისკომფორტისთვის და მთელი საზოგადოება შეთანხმდება, რომ ეს ყველაფერი ჩვენ სასიკეთოდ ხდება”.