საქართველო წელს გაზპრომისგან ბუნებრივ აირს აღარ შეიძენს
გაზიარება
გაზიარება
“გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის მიღება წლის ბოლომდე აღარ იგეგმება. შესაბამისი საპროგნოზო ბალანსი ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ 7 აპრილს დაამტკიცა.
მთავრობა მოსახლეობისა და კომერციული სექტორის აზერბაიჯანული გაზით სრულად მომარაგებას აპრილიდან გეგმავს. მიწოდებას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) და შაჰდენიზის (სამხრეთ კავკასიის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) უზრუნველყოფენ.
საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, წელს საქართველოში გაზის იმპორტი 2,457 მილიარდი კუბური მეტრი იქნება, უშუალოდ აზერბაიჯანიდან – 2,347 მილიარდ კუბური მეტრი (95,5 %).
—ამ ეტაპზე საქართველოსთვის გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია. გასულ წელს მოხმარებული ბუნებრივი აირის 87,1% აზერბაიჯანიდან შემოვიდა. აზერბაიჯანულ გაზს საქართველო შეღავათიან ფასად ყიდულობს: მოსახლეობისთვის მისაწოდებელ 1000 კუბმეტრს 120 აშშ დოლარად, თბოსადგურებისთვის კი ყოველ 1000 კუბმეტრს – 143 აშშ დოლარად. ეს ფასი გაცილებით დაბალია იმ ღირებულებასთან შედარებით, რასაც “გაზპრომი” სტრატეგიულ პარტნიორს, სომხეთს სთავაზობს: სომხეთი ამჟამად 1000 კუბურ მეტრ რუსულ გაზში 165 დოლარს იხდის. აზერბაიჯანულთან ერთად საქართველო დღეს რუსულ გაზსაც იღებს, თუმცა – გაცილებით ცოტას. 2014 წელს საქართველომ რუსეთიდან 267 მლნ 773 ათასი კუბური მეტრი გაზი მიიღო. აქედან 206 მლნ 166 ათასი კუბური მეტრი ტრანზიტის საფასურია – ჩრდილოეთ-სამხრეთის 221 კმ-იანი გაზსადენით სომხეთში გატარებული რუსული ბუნებრივი აირის საერთო მოცულობის 10% საქართველოს რჩება.
—მაგისტრალური გაზსადენის მეშვეობით გასულ წელს საქართველოს გავლით სომხეთს დაახლოებით 2.1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიეწოდა, საიდანაც 0.3 მილიარდი საქართველოში დარჩა.
—“გაზპრომი” მსოფლიო მასშტაბით უმსხვილესი რუსული კომპანიაა, რომლის 51%-ს რუსეთის მთავრობა ფლობს.