სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში დემოკრატიის დონის მაჩვენებლები უარესდება. რა წერია Freedom House-ის ახალ ანგარიშში
გაზიარება
გაზიარება
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Freedom House 11 აპრილს გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნების შესახებ ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა. მასში გაანალიზებულია დემოკრატიის მდგომარეობა 29 ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური რეჟიმი ხასიათდება როგორც ჰიბრიდული (ნაწილობრივი დემოკრატია).
ამ მოხსენებაში მოხვდნენ სამხრეთი კავკასიის, ბალტიისპირეთის, აღმოსავლეთი ევროპის, შუა აზიის ქვეყნები და რუსეთი. გაანალიზდა რამდენიმე მაჩვენებელი: არჩევნების სამართლიანობა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებულობა, მედიის დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემა, კორუფციის დონე. მაჩვენებლები შვიდსაფეხურიანი გრაფის მიხედვით ფასდებოდა (სადაც შვიდი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია).
მოხსენების მიხედვით, გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების დემოკრატიის საერთო დონემ დაიკლო. 29 ქვეყნიდან ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აქვს თურქმენეთს – 6,96, ყველაზე კარგი კი ესტონეთს – 1,82.
თურქმენეთზე ოდნავ უკეთეს მდგომარეობაშია აზერბაიჯანული დემოკრატია. ბოლო ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში ზემოთ ჩამოთვლილი მაჩვენებლები უარესდება. თუკი 2009 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიის რეიტინგი 6, 25 ქულას შეადგენდა, ახალი მოხსენების მიხედვით, 2018 წელს ის 6,93 ქულამდე გაუარესდა.
სომხეთი აზერბაიჯანს ერთნახევარი ქულით უსწრებს, თუმცა დემოკრატიის დონესთნ დაკავშირებით ასევე სერიოზულ პრობლემებს განიცდის. მოხსენების ავტორები ირწმუნებიან, რომ სერჟ სარგსიანის ათწლიანი მმართველობის განმავლობაში ქვეყანაში ყველა მაჩვენებელი გაუარესდა, გარდა მედიის დამოუკიდებლობისა.
გასულ წელთან შედარებით, სომხეთმა ვერც არჩევნების გამჭვირვალობის ზრდას მიაღწია, და ვერც ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუმჯობესებას.
საქართველოში, სამხრეთი კავკასიის სხვა ქვეყნებთან შედარებით, უფრო განვითარებული დემოკრატიაა. თუმცა, გასულ წელთან შედარებით, დემოკრატიის რეიტინგი აქაც გაუარესდა – ის 4,61ქულიდან 4,68-მდე გაიზარდა.
ქვეყანაში შესამჩნევად გაუარესდა მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი. ამის მთავარი მიზეზია ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ტელეარხ „რუსთავი-2-ზე“ ზეწოლა, და თბილისის ცენტრში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცება.
ასევე, Freedom House-ის აზრით, საქართველოში გაიზარდა სასამართლო სისტემის პოლიტიზებულობის დონე, რაც ქვეყნის დემოკრატიის საერთო დონეზე უარყოფითად აისახება.