რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა ზუსტად 10 წლის წინ აღიარა. რა შეიცვალა მას მერე
ზუსტად 10 წლის წინ – 2008 წლის 26 აგვისტოს, სამხრეთი ოსეთის ირგვლივ მომხდარი საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ მალევე – რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ განაცხადა. მას შემდეგ მათი დამოუკიდებლობა კიდევ ოთხმა გაეროს წევრმა ქვეყანამ ცნო – სირიამ, ვენესუელამ, ნიკარაგუამ და ნაურუმ.
საქართველო ამტკიცებს, რომ აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ქვეყნის რეგიონებად რჩება
(ამ ორი კონფლიქტის შესახებ ისტორიული ცნობა – ამ პუბლიკაციის ბოლოს). საერთაშორისო საზოგადოებრიობის დიდი ნაწილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს იზიარებს.
მაგრამ აფხაზეთში 26 აგვისტოს დღე ყოველწლიურად დღესასწაულად აღინიშნება. რა მისცა აფხაზეთს რუსეთის მიერ მისმა აღიარებამ დასავლეთის ქვეყნების მხრიდან არაღიარების ფონზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ორ აფხაზ ექსპერტს შევთავაზეთ.
ალხას ტხგუშევი, ასოციაცია „ინვა-თანადგომა“
უსაფრთხოება
„თვალსაჩინო პლუსი ისაა, რომ ერთ-ერთმა უმსხვილესმა სახელმწიფომ გვაღიარა, და ამან უსაფრთხოების საკითხები უცბად სრულიად სხვაგვარად დაგვანახა.
მაშინ, ათი წლის წინათ, ასე გვეგონა, რომ საკუთარ შიდა პრობლემებზე გადართვას შევძლებდით, რადგან საგარეო საფრთხის, ახალი ომის საფრთხის გამო, ყურადღება მუდმივად საგარეო უსაფრთხოებაზე გადაგვქონდა.
თუმცა, ეს იმედები, სამწუხაროდ, სრულად ვერ განხორციელდა,
და აღიარების მინუსებიც სწორედ ეს არის“.
კმაყოფაზე მყოფის კომპლექსი
„დახმარებამ, რომელიც აფხაზეთს ეძლევა, ძალიან გაგვრყვნა. ეს იმის სტიმულს გვაკარგვინებს, რომ რაიმე სხვა გამოსავალი ვეძებოთ, გარდა იმისა, რომ სხვა ქვეყნიდან ფულის მიღებას ველოდეთ, თუნდაც ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი იყოს. ეს ხომ სხვა ქვეყანაში, და არა ჩვენს მიერ გამომუშავებული ფულია. ჩვენ თვითონ უბრალოდ აღარც ვინძრევით. ახლანდელიც და წინა ხელისუფლების მოხელეთა აპარატიც სრაფად გადაეწყო იმაზე, რომ რაც შიძლება მეტი სხვისი სახსრები მიიღოს.
და აი, ამ კმაყოფაზე მყოფის კომპლექსმა მოგვიცვა. სულ უფრო ნაკლებად გვწამს, რომ თავადაც რაიმეს გაკეთება შეგვიძლია – და სულ უფრო მეტად გვაქვს იმის იმედი, რომ ვიღაც უნდა დაგვეხმაროს.
რატომ უნდა გვეხმარებოდეს ვინმე კიდევ 5, 10 ან 15 წელიწადს – ვერავინ გვიხსნის. ვფიქრობ, ეს მთავარი პრობლემაა. ადამიანებს ხელფასებს საკუთარი გამომუშავებული ფულით უნდა უხდიდნენ, და მაშინ იქნებ უფრო დაფიქრებულად და სწორად ააწყონ ახალი სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სტრუქტურების პოლიტიკა“.
უზარმაზარი სამოხელეო აპარატი
„ყოველი ახალი ხელისუფლება პირობას დებს, რომ მისი მოსვლის შემდეგ ყველაფერი ოპტიმიზდება და შემცირდება. მაგრამ სინამდვილეში ვხედავთ, რომ სამოხელეო აპარატი მხოლოდ იზრდება, და ესეც ამ აღიარების ცუდი მხარეა. ჩვენთვის დამღუპველია ის, რაც დღეს ხდება .
უზარმაზარი, სრულიად არაეფექტური ბიუროკრატიული აპარატი – აფხაზეთისთვის დღეს მთავარი პრობლემაა. და სამწუხაროდ, ეს პირდაპირ თუ ირიბად ისევ ჩვენი აღიარების ფაქტიდან გამომდინარეობს.
ეს თავიდან ბოლომდე ჩვენი ბრალია. სხვა არავინ არის დამნაშავე, რომ ასე არასრულფასოვნად ვაწარმოებთ ჩვენს საქმეებს“.
რუსეთმა დახმარების სტრუქტურირება უნდა მოახდინოს
„რაც უნდა ვთქვათ, აღიარების ახლანდელი პლუსები – ჩვენი დამსხურება არ არის. რუსეთი ჩვენს საზღვრებს იცავს, და ჩვენ მას ამისთვის და სტაბილურობისთვის ვემადლიერებით. ახლა ძალიან სასარგებლო იქნებოდა, ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა რუსეთმა მკაცრი ვადები რომ დაგვიდგინოს და მიგვახვედროს: თუკი ფულადი სახსრები გადმოირიცხება – ეს მკაცრად მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება: გზებს, ენერგეტიკასა და ა.შ. რათა ჩვენ ხელფასების გასაცემად და სახელმწიფო აპარატის შესანახად ფული თავადვე გამოვიმუშაოთ“.
ახრა სმირი, სამოქალაქო აქტივისტი:
აღიარების პლუსები
„აღიარებას ბევრი პლუსი აქვს.
პირველი – უსაფრთხოების საკითხის გადაწყვეტაა, ეს კი ყოველთვის განვითარების დიდ შანსს იძლევა.
კიდევ ერთი თვალსაჩინო პლუსი ისაა, რომ თუკი წინათ მსოფლიოსთვის რაღაც გაუგებრობას წარმოვადგენდით, ახლა უწევთ, რომ ჩვენს არსებობას ერთგვარად ანგარიში გაუწიონ. და, ჩემი აზრით, მესამე პლუსია – აფხაზეთის მცხოვრებელთა საპენსიო უზრუნველყოფა. რუსეთმა ეს ტვირთი საკუთარ თავზე აიღო, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები მიტოვებულები არ აღმოჩნდნენ“.
ელიტის უსუსურობა
„აღიარების მინუსი ისაა, რომ აფხაზეთის ელიტა მიჩვეულია, თავი უსუსურად იგრძნოს.
თუკი წინათ ამ უსუსურობას ბლოკადით, ომის შემდგომი არეულობითა და სახსრების უქონლობით ხსნიდნენ – ახლა უსიტყვოდ იშვერენ ხელს რუსეთისკენ: ვითომდა, ყველაფერი იქ წყდებაო.
მაგრამ მოსკოვი ვალდებული არ არის, რომ ჩვენი პრობლემები გადაწყვიტოს. როდესაც ხელთ რუსეთთან თანასწორუფლებიანი ურთიერთობის ინსტრუმენტი გვაქვს, მას ძალიან უნიჭოდ ვიყენებთ. ეს ეხება იმ კომპლექსურ გეგმასაც, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში რუსეთიდან ფინანსური დახმარება შემოდის, და ფართო გაგებით მოსკოვთან ეკონომიკურ ურთერთობასაც. ამიტომ, აღიარების ყველაზე დიდი მინუსი ისაა, რომ ასეთ ვითარებაში ბევრი ასკვნის, რომ ჩვენ სახელმწიფო არც გვჭირდება, რადგან თავად არაფრის გადაწყვეტა და გაკეთება არ შეგვიძლია“.
• საბჭოთა პერიოდში აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკა იყო. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თანამედროვე ისტორია დაახლოებით 1980-იანი წლებიდან იწყება. რაც მეტად ახლოვდებოდა საბჭოთა კავშირის დასასრული – მით უფრო აქტიურად ვითარდებოდა კონფლიქტი. საბჭოთა კავშირის გაქრობის შემდეგ აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნად გახდომისაკენ მიისწრაფოდა. საქართველო კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი როგორც მანამდე იყო საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკა, ისევე დარჩებოდა.
1992 წელს ურთიერთაგრესიული დისკუსიები და ცალკეული შეხლა-შემოხლა შეიარაღებული შეტაკებების სტადიაში გადაიზარდა. ომის დასაწყისად 1992 წლის 14 აგვისტო მიიჩნევა, ომი 13 თვეს და 13 დღეს გრძელდებოდა. კონფლიქტის საომარი ფაზის დასრულების დღედ მიჩნეულია 1993 წლის 27 სექტემბერი.
ომი საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით დასრულდა. სხვადასხვა მონაცემებით, შეიარაღებულმა კონფლიქტმა ორივე მხრიდან 13 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაახლოებით 300 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
სამხრეთი ოსეთის ირგვლივ 2008 წელს მომხდარი 5-დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა.
რუსეთის გარდა, გაეროს წევრი მხოლოდ ოთხი ქვეყანა არსებობს, რომლებმაც ამ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს: სირია, ვენესუელა, ნიკარაგუა და ნაურუ.