რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: იმედი გვაქვს, გარკვეულ ვითარებაში საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება
გაზიარება
გაზიარება
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა თბილისზეა დამოკიდებული. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ეს (დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა) უშუალოდ თბილისზეა დამოკიდებული. ურთიერთობა ჩვენ არ გაგვიწყვეტია და იმედია, რომ გარკვეულ ვითრებაში ის აღდგება“, – განაცხადა კარასინმა.
„მე და ზურაბ აბაშიძე (რუსეთთან ურთიერთობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელი) ისეთ საკითხებს ვწყვეტთ, რომელთა გადაჭრაც დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებშიც შესაძლებელია“, – დასძინა კარასინმა.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა 2008 წლის სექტემბერში, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. კარასინი-აბაშიძის ფორმატში მოლაპარაკებები, რომლებზეც ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობები განიხილება, 2013 წლიდან მიმდინარეობს. საქართველოს როგორც წინა, ისე ახლანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ გამორიცხავენ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთის მიერ აფხზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების პირობებში.