მუსლიმური უმცირესობის როჰინჯას ტრაგედია: ვინ და როგორ იყენებს ამ ისტორიას?
ფოტო REUTERS/Mohammad Ponir Hossain
ამ კვირაში რუსეთში როჰინჯას მუსლიმური ჯგუფის დასაცავად მასობრივი მიტინგები ჩატარდა. რა არის ამ უმცირესობის ბედისადმი უეცრად ასეთი ინტერესის გამოვლენის მიზეზი?
ვინ არიან როჰინჯები
როჰინჯებს ხშირად მსოფლიოში ყველაზე მეტად დევნილ უმცირესობას უწოდებენ. ეს არის 11 მილიონი ადამიანის რიცხოვნობის ერი. როხინჯები ისლამის აღმსარებლობას მისდევენ, მაგრამ ცდილობენ, თავიანთ ისტორიულ, უპირატესად ბუდისტური მიანმის(ყოფილი ბირმა) მიწებზე დასახლდნენ, სადაც ისინი ბანგლადეშიდან არალეგალურად გადადიან.
მიანმის სამხედრო რეჟიმი მათ მოქალაქეობაზე უარს ეუბნება, როჰინჯებს არალეგალურ მიგრანტებად მიიჩნევს, და მათზე უმკაცრეს ზეწოლას ახორციელებს.
მხოლოდ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მიანმის ჯარის მოქმედებების შედეგად 90,000 როჰინჯა იძულებული გახდა, რომ ბანგლადეშის საზღვარზე მდებარე დევნილთა ბანაკში გადასულიყო. სხვადასხვა შეფასებით, 400-დან 1000 ადამიანამდე დაიღუპა, – იუწყება The Telegraph.
უფლებადამცველები როჰინჯებთან დაკავშირებით მომხდარ მოვლენებს გენოციდს უწოდებს.
როჰინჯების დამცველები რუსეთში
გასულ კვირას რუსეთში როჰინჯების დასაცავად ორი მიტინგი გაიმართა.
ერთ-ერთ არასანქცირებულ მიტინგზე მოსკოვში რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა, მეორე გროზნოში მოაწყვეს, მასში, ხელისუფლების მონაცემებით, მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
„კავკაზსკი უზელის“ მოწმობით, გროზნოში მიტინგზე ადამიანებს ძლიერი ადმინისტრაციული ზეწოლით აგროვებდნენ.
https://youtu.be/25YbFXmopkc
რუსული მედია როჰინჯების ბედის მიმართ უეცარ ინტერესს ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის პოზიციით ხსნის.
ის, ერთი მხრივ, ცდილობს, რომ თავი რუსეთში მუსლიმების მთავარ დამცველად წარმოაჩინოს. მეორე მხრივ კი – გაგრძელებული ფინანსური კრიზისისა და ფედერალური დაფინანსების შემცირების ფონზე, რომელზეც მისი რესპუბლიკა ასი პროცენტით არის დამოკიდებული, კრემლის წინაშე საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს.
საკუთარ Instagram-ზე რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ თუკი რუსეთი როჰინჯების დასაცავად არ გამოვა, ის რუსეთის ხაზის წინააღმდეგი იქნება.
მრავალი წლის განმავლობაში რუსეთი ჩინეთთან ერთად გაეროს უშიშროების საბჭოში როჰინჯების მიმართ მიანმის ხელისუფლების ქმედებების დამგმობი რეზოლუციის მიღებას ბლოკავს.
როჰინჯას დამცველები აზერბაიჯანში
აზერბაიჯანში არ არის მიანმის საელჩო, ისევე როგორც რაიმე ბუდისტური თემი, ასე რომ, მიანმიში მომხდარ მოვლენებზე რეაქცია აქ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული განრისხებული კომენტარებით ამოიწურა.
მაგრამ კომენტარი ძალიან ბევრია და კომენტატორთა უმეტესობა დევნილი მუსლიმების მხარესაა.
პირველი და ძალიან ბუნებრივი მიზეზი, როგორც ჩანს – ეს არის ისლამური სოლიდარობა. მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც საკუთარ პროტესტს იმით ხსნის, რომ მიანმის ხელისუფლებას მხარს უჭერს არამეგობრული რუსეთი, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხში საკუთარ ვეტოს უფლებას ბოროტად იყენებს.
ძალიან ცოტაა ისეთი, ვინც პრობლემის ორივე მხრიდან ახსნას ცდილობს, და იხსენებს, რომ როჰინჯას ეროვნული ლიდერები სეპარატისტული ლოზუნგებით გამოდიან, და ეს ასპექტი აუცილებლად უნდა იყოს გათავლისწინებული მიანმის სიტუაციის გაანალიზებისას. მაგრამ ასეთები უმრავლესობაში ნამდვილად არ არიან და მათ მკაცრად გმობენ.