900-ზე მეტი დაკავებული. რა ხდება მოსკოვის ქუჩებში და რას ნიშნავს ეს?
დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანი გამოვიდა ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე მოსკოვის მერიასთან 27 ივლისს.
მთავარი მოთხოვნა – მოსკოვის დუმის არჩევნებზე დამოუკიდებელი კანდიდატების დარეგისტრირებაა.
მოსკოვის დუმის არჩევნები 8 სექტემბერს გაიმართება.
მიტინგი არასანქცირებული იყო, ამიტომ პოლიციამ თავიდანვე მისი დაშლა დაიწყო.
წინასწარი მონაცემებით, 900-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, მათ შორის, მოსკოვის დუმის არჩევნების დამოუკიდებელი კანდიდატები.
სპეცრაზმი რეზინის ხელკეტებით სცემდა მიწაზე დაწოლილ მომიტინგეებს.
ტვერსკაიაზე მიტინგის დაშლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მცირე ჯგუფებად გადანაწილდნენ და ჯიუტად მიიწევენ ცენტრისკენ.
„ჩვენ ისე ვართ, როგორც ჰარი პოტერში – ღირსება ბოროტების წინააღმდეგ“ – განუცხადეს „ნოვაია გაზეტას“ სტუდენტებმა, რომლებიც გვერდითი ქუჩებით მიემართებოდნენ მერიის შენობისკენ.
• რუსეთის მთავარი პრობლემა – 2024 წელი, როდესაც პუტინი უნდა წავიდეს პრეზიდენტის პოსტიდან
პოლიცია დამოუკიდებელი ტელეკომპანია „დოჟდის“ და წამყვანი ოზიციზიონერის, ალექსეი ნავალნის სტუდიაში “ნავალნი live”-ში შევიდა ჩხრეკის ჩასატარებლად.
მიზეზი ის გახლდათ, რომ “დოჟდი” და “ნავალნი live”-ი არასანქცირებულ მიტინგს პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ.
ბი-ბი-სიმ ყურადღება გაამახვილა ფედერალური არხების გადაცემების პროგრამებზე იმ დროს, როდესაც აქციები მიმდინარეობდა. როდესაც მოქალაქეებს ქუჩაში აპატიმრებდნენ და სცემდნენ, რუსეთის ფედერალური ტელეარხები გადასცემდნენ გეგმიურ გასართობ გადაცემებს.
მოსკოვის ცენტრში არასანქცირებულ მიტინგსა და მასშტაბურ დაკავებებზე რუსეთის ფედერალურ არხებს საერთოდ არაფერი უთქვამთ.
პროტესტის ორი კვირა
კანონის თანახმად, იმ კანდიდატებმა, რომლებიც პარლამენტში შემავალ პარტიებს არ წარმოადგენენ, მოსკოვის დუმის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა უნდა მოაგროვონ.
რამდენიმე ოპოზიციურად განწყობილმა კანდიდატმა ეს გააკეთა, თუმცა ისინი მაინც არ დაარეგისტრირეს. მიზეზად საარჩევნო კომისიამ ის დაასახელა, რომ დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ წარმოდგენილ სიებში ბევრი ყალბი ხელმოწერა იყო.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამტკიცებენ, რეგისტრაციისას მასობრივი გაყალბება მოხდა.
მათი თქმით, საარჩევნო კომისიის წევრები სპეციალურად შეცდომებს უშვებდნენ ამომრჩეველთა მონაცემების ელექტრონულ სისტემაში შეტანისას, რათა ხელმოწერები გაყალბებულად გამოეცხადებინათ.
ამ უსამართლობამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქუჩაში გამოიყვანა. მათთან ერთად ქუჩაში ათასობით მოსკოველი გამოვიდა.
როგორც ლუბოვ სობოლი – ერთ-ერთი მათგანი, ვისაც რეგისტრაციაზე უარი უთხრეს აცხადებს: „თუკი ახლა ამ არჩევნებს მოგვპარავენ, ამის შემდეგ აღარასოდეს გვექნება არჩევნები“.
საპროტესტო აქციები და მსვლელობები მოსკოვში 14 ივლისს დაიწყო.
ყველაზე მასშტაბური მიტინგი 20 ივლისს გაიმართა, მასში, დაახლოებით, 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ეს მიტინგი სანქცირებული იყო.
20 ივლისის მიტინგზე რუსული ოპოზიციის ლიდერმა, ალექსეი ნავალნიმ ხალხს მოუწოდა, თუკი დამოუკიდებელ კანდიდატებს არჩევნებზე არ დაუშვებდნენ, 27 ივლისს პროტესტის ნიშნად მოსკოვის ცენტრში, მერიის შენობის წინ შეკრებილიყვნენ.
რითია მნიშვნელოვანი მოსკოვის დუმის არჩევნები
მოსკოვის ქალაქის დუმა – რიგითი საკანონმდებლო ორგანო არ არის. რუსეთის კონსტიტუციის თანახმად, მოსკოვი ფედერაციის სუბიექტს წარმოადგენს. მის პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება გააჩნია.
მოსკოვის დუმაში ოპოზიციონერი დეპუტატების გამოჩენა ბევრ რამეს შეცვლიდა და ეს ხელისუფლებას არ აწყობს.
პირველ რიგში, მოსკოვის დუმას შეუძლია მიიღოს კანონი, რომელიც ლეგალური მასობრივი საპროტესტო აქციების ჩატარების შესაძლებლობას გაზრდის. დღეს მოსკოვში მიტინგს ლეგალურად თითქმის ვერ ჩაატარებ. ადგილობრივი კანონმდებლობა იმდენად მკაცრია, რომ აქციის გამართვის უფლებას მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში იძლევა.
მეორე საკითხი, რის გამოც კრემლს მოსკოვის დუმაში ოპოზიცია არ აწყობს, ის უკიდეგანო კორუფციაა, რომელიც დედაქალაქის მერიაში ჰყვავის.
მოსკოვის ბიუჯეტი ორ ტრილიონ რუბლამდეა. დამოუკიდებელი რუსული მედია თითქმიოს ყოველ დღე აქვეყნებს სტატიებსა და გამოძიებებს, საიდანაც ირკვევა, რომ რუსეთის დედაქალაქში კორუფციამ წარმოუდგენელ მასშტაბებს მიაღწია.
მაგალითად, მოსკოველი ჩინოვნიკები ღიად არეგისტრირებენ საკუთარ ნათესავებზე ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებას.
მოსკოვის ბიუჯეტთან დამოუკიდებელი კანდიდატების წვდომა კი ახალ შესაძლებლობებს გაუხსნიდა ანტიკორუფციულ გამოძიებებს – ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში.
ხელისუფლების რეაქცია
27 ივლისის აქციის წინ პოლიცია ადამიანების დაშინებით იყო დაკავებული.
პროტესტის ლიდერები – ალექსეი ნავალნი და დამოუკიდებელი კანდიდატები, 8-დან 30 დღემდე ვადით დააპატიმრეს.
მათ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა. გაჩხრიკეს მათი ასაკოვანი ნათესავებიც.
სოციალურ ქსელებში მრავალი ანონიმური შეტყობინება გამოჩნდა იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ პროტესტზე მკაცრი ზეწოლა გადაწყვიტა.
ამომრჩეველის რეაქცია
დაშინების კამპანია არაეფექტური აღმოჩნდა. პირველებმა საკუთარი აღშფოთება რუსეთში ცნობილმა ადამიანებმა გამოთქვეს.
ჩოგბურთელი ევგენი კაფელნიკოვი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი:
„27-ში წავალ არა კანდიდატების, არამედ ჩემი ხალხის გამო, რომელსაც, ფაქტობრივად, ბანდიტური მეთოდებით ართმევენ მომავალსა და თავისუფლებას“.
ჟურნალისტი და ბლოგერი იური დუდი (5 მილიონი გამომწერი Youtube-ზე):
„საზოგადოებაში, სადაც საჯარო დისკუსიის კუნთები ატროფირებულია და ნორმალური არჩევანი უბრალოდ არ არსებობს, ადამიანებს ქუჩაში გამოსვლა უწევთ“.
აკადემიკოსი, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი დირექტორი, ვლადიმირ ზახაროვი:
„ხვალ დამოუკიდებელი კანდიდატების მოსკოვის დუმაში არდაშვების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე წავალ. ეს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა და სისხლისსამართლებრივ დევნას ექვემდებარება“.