რატომ იფიცებიან თბილისის მეტროს მემანქანეები?
ახალი ინფორმაცია ამაზე თემაზე: რატომ გაჩერდა თბილისის მეტრო? მემანქანეები ქალაქის მერს “ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებენ”
თბილისის მეტროს მემანქანეები 4 ივნისს მასშტაბურ გაფიცვას გეგმავენ. ისინი 1-ლი მარტიდან მოყოლებული წინასაგაფიცვო რეჟიმში მუშაობენ. მათი მთავარი მოთხოვნაა ხელფასების გაზრდა.
ამ საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ” მიმართა. 21 მაისს სასამართლომ გაითვალისწინა კომპანიის მოთხოვნა და მეტროს თანამშრომლებს სამუშაო საათებში გაფიცვის უფლება განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა.
სასამართლო აღიარებს, რომ “გაფიცვის უფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას პროფკავშირების მეშვეობით მოახდინოს ზემოქმედება დამსაქმებელზე, სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად”, თუმცა იქვე განმარტავს რომ “აღნიშნული უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება შეიზღუდოს დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული, უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად”.
საკუთარი გადაწყვეტილება სასამართლომ იმით დაასაბუთა, რომ თბილისის მეტროპოლიტენი წარმოადგენს ყველაზე იაფ და სწრაფ მუნიციპალურ ტრანსპორტს, რომლითაც ყოველდღიურად 400 ათასამდე მგზავრი სარგებლობს და მისი შეფერხება გამოიწვევს სატრანსპორტო კოლაფსს. სასამართლოს აცხადებს, რომ მეტროს გაჩერების შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება სასწრაფო დახმარების და სახანძრო მანქანების და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებების უზრუნველყოფა.
____________________
რას ითხოვენ მეტროს მემანქანეები
მეტროს მემანქანეები უკვე მეექვსე წელია ითხოვენ ხელფასების მომატებას. მათ ეს მოთხოვნა ჯერ კიდევ მაშინ დააყენეს, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა და მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გახდა. მათ მოთხოვნებს დღემდე არავითარი შედეგი არ მოჰყოლია.
2018 წლის პირველ მარტს, თბილისის მეტროს მემანქანეების დამოუკიდებელ პროფკავშირს – “ერთობა 2013-სა” და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კონფლიქტმა ახალი ძალით იფეთქა. ამ დღეს მეტროს თანამშრომლებმა აქცია გამართეს და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდა მოითხოვეს.
თბილისის მეტროში ამჟამად 250 მემანქანე მუშაობს. მათ საათობრივი ანაზღაურება აქვთ. თითოეული მემანქანე ცვლაში 6-8 საათის განმავლობაში მუშაობს და საათში ხელზე 6.92 ლარს, თვეში კი დაახლოებით 1150-1200 ლარს იღებს. მემანქანეები ამბობენ, რომ ეს ანაზღაურება მათი ყოველდღიური სამუშაო პირობების, ცვლების და პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ძალიან დაბალია და საათობრივი ანაზღაურების 45%-ით, 6.92 ლარიდან 10 ლარამდე გაზრდას მოითხოვენ. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მემანქანის თვიური ხელფასი 1600 ლარამდე გაიზრდება.
მეტროს თანამშრომლები ასევე ამბობენ, რომ მათ მძიმე სამუშაო პირობები აქვთ: ისინი ცხოვრების ნახევარს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც უჟანგბადობა, ხმაური, მტვერი და ძლიერი ვიბრაციაა. ასევე მაღალია რკინის შემცველობა და ელექტრონული ველით გამოწვეული რადიაცია, რაც მათ ჯანრმთელობას აზიანებს. ისინი ამბობენ, რომ მძიმე სამუშაო პირობების გამო, მემანქანეების 60 პროცენტი საპენსიო ასაკს ვერ აღწევს.
თბილისის მეტროს მემანქანეები ხელფასებს შორის არსებულ უთანასწორობაზეც ამახვილებენ ყურადღებას: “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” ხელმძღვანელის თვიური ხელფასი 10 ათასი ლარია.
რას ამბობენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში?
შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში” ექვსი ათასამდე ადამიანია დასაქმებული. როგორც კომპანიაში ამბობენ, კომპანიის შემოსავლების 65 პროცენტი ხელფასებზე მიდის.
კომპანიაში ამბობენ, რომ მემანქანეებისთვის ხელფასების მომატების შემთხვევაში, მათ სხვა თანამშრომლებსაც უნდა მოუმატონ ხელფასები, რისი საშუალებაც არ აქვთ.
“კომპანია არ განიხილავს დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის (მემანქანეები) ანაზღაურების გაზრდას, ვინაიდან ეს გამოიწვევს სამართლიან უკმაყოფილებას სხვა თანამშრომლებში, შესაბამისად, ხელფასის მატება ყველა დასაქმებულისთვის საჭიროებს საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსების მოზიდვას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე კომპანიას არ გააჩნია,” – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც მემანქანეებმა გაფიცვა დააანონსეს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ მეტროში დასაქმებულებს გადაუხადოს დანამატი მათი სტაჟისა და დამსახურების მიხედვით და ამ მიზნით ბიუჯეტიდან 1 მლნ ლარიც გამოყო, თუმცა მემანქანეების საათობრივი ანაზღაურების გაზრდაზე კვლავ უარს აცხადებს.
რას ამბობს თბილისის მერი
მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის საათობრივი ანაზღაურების გაზრდის კატეგორიული წინააღმდეგია თბილისის მერი, კახა კალაძეც.
კალაძის მთავარი არგუმენტი ასეთია: მემანქანეების ხელფასი შეიძლება მაღალი არ არის, მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოზიციებზე დასაქმებულთა ხელფასი 700 ლარს არ აღემატება.
„ყველას მოვუწოდებთ, რომ ზოგადად, ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს ქალაქს, დავძლიოთ ერთიანი ძალისხმევით, მაგრამ უეცრად ადამიანების რამდენიმეკაციანი ჯგუფი გამოდის და ითხოვს ხელფასების მატებას. დღეს შეუძლებელია ლაპარაკი რაიმე თანხების მატებაზე, არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. უნდა გითხრათ, რომ არანაირი პარალიზება არ მოხდება, მეტრო იმუშავებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მეტრო არ გაჩერდეს“, – განაცხადა კალაძემ.
რას აპირებენ მეტროს მემანქანეები?
მეტროს მემანქანეების პროფკავშირი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. ისინი ამბობენ, რომ გაფიცვის უფლება მათი კონსტიტუციური უფლებაა და ისინი ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებენ და 4 ივნისს გაიფიცებიან. მათი თქმით, ისინი ისედაც შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ: ბევრი მათგანი ოჯახში ერთადერთი დასაქმებულია და ამიტომ ქვეყნის ეკონომიკის გაზრდას ვერ დაელოდებიან.
მემანქანეების პროფკავშირში აცხადებენ, რომ “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” დროის გაწელვას ცდილობს, რომ ე. წ. შტრაიკბრეხერების ჯგუფი შეაგროვოს. (შტრაიკბრეხი – პირი, რომელიც გაფიცვის დროს მუშაობს წარმოებაში_JAMnews). როგორც პროფკავშირებში ამბობენ, მათ აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები აქტიურად უკავშირდებიან მეტროდან 15-20 წლის წინ წასულ მემანქანეებს და მათ სამსახურში დაბრუნებას სთავაზობენ.
თბილისის მეტროპოლიტენი, რომელიც 1966 წელს გაიხსნა, დილის ექვსი საათიდან ღამის თორმეტ საათამდე მუშაობს. მეტრო თბილისში ყველაზე სწრაფი, იაფი და კომფორტული ტრანსპორტია. მას დღეში საშუალოდ 290 ათასი მგზავრი გადაჰყავს (სასამართლო სხვა ციფრს – 400 ათასს ასახელებს). მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია.