რას აპირებს "ლელო"? მთავარი აქცენტები მამუკა ხაზარაძის გამოსვლიდან
“ლელო” – ასე ჰქვია თიბისი ბანკის დამფუძნებლის, ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის და მისი ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნებულ საზოგადოებრივ მოძრაობას.
მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გამართა.
საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც მალე პოლიტიკურ პარტიად ტრანსფორმირდება, მთავარ მიზნად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოგებას ისახავს.
_____________________________
მამუკა ხაზარაძის მოძრაობის პრეზენტაცია სამეგრელოში, ანაკლიის ქვიშიან სანაპიროზე შედგა.
ხაზარაძის გვერდით იყო დიდი ყვითელი ბანერი, რომელზეც ბიზნესმენმა გამოსვლის ბოლოს მარკერით დაწერა სიტყვა „ლელო“. სწორედ ასე ერქმევა საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც ძალიან მალე პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდება.
• რატომ ებრძვის ივანიშვილი TBC ბანკს?
• მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ოფიციალურად ბრალდებულები არიან
• მამუკა ხაზარაძე – ახალი პოლიტიკოსი?
სახელი მან საქართველოს ისტორიის და გალაკტიონ ტაბიძის ლექსის გავლენით შეარჩია:
“ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება საქართველო”.
მის გამოსვლას სოფელ ანაკლიაში ადგილობრივი მოსახლეობა არ ესწრებოდა. პრეზენტაციას თბილისიდან ჩასული სტუმრები ისმენდნენ, რომლებიც მისი მოძრაობის წევრები იქნებიან.
[toggle title=”ანაკლია, ხაზარაძე და ხელისუფლება. მოკლე წინაისტორია (ჩამოშალეთ)“]
ანაკლია შემთხვევით არ შერჩეულა, ხაზარაძის კომპანია ამერიკელ პარტნიორებთან ერთად აქ ღრმაწყლოვან პორტს აშენებს. პორტი, რომელსაც თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს უწოდებენ, აზიასა და ევროპას შორის ტვირთბრუნვის მთავარ კვანძად უნდა იქცეს. პროექტის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ დადგა, რაც ხელისუფლებამ მამუკა ხაზარაძისა და მისი კომპანიის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, რაც უარყოფითი სიგნალი აღმოჩნდა პორტის მშენებლობაში ჩართული უცხოური კომპანიებისთვის
პოლიტიკური დამკვირვებლების ანალიზით, ხაზარაძის წინააღმდეგ ღია ბრძოლა ხელისუფლებამ მას შემდეგ წამოიწყო, რაც მასში პოლიტიკური საფრთხე დაინახა.
ხაზარაძის წინააღმდეგ პროკურატურამ აღძრა საქმე, რომელიც თიბისი ბანკის 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას უკავშირდება. პროკურატურის მტკიცებით, თიბისი ბანკის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა მამუკა ხაზარაძემ და მისმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ 17 მილიონი დოლარამდე თანხა გაათეთრეს.
ბრალდებას უარყოფენ თავად ბიზნესმენები. ისინი ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას, მათ შორის ახალ პრემიერს გიორგი გახარიას. საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს ოპოზიცია და ასევე პოლიტიკური ექსპერტების დიდი ნაწილი.
[/toggle]
პრეზენტაციაზე ხაზარაძე ზღვის ფონზე იდგა და სამომავლო გეგმებზე საუბრობდა.
„ანაკლია – ეს არის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლო წერტილია ჩვენი ქვეყნის ევროპასთან. ადგილი, სადაც უნდა მოხდეს ახალი შემობრუნების წერტილი ქართულ სახელმწიფოებრივ სინამდვილეში. შესაძლებლობა, საქართველომ დაიბრუნოს ფუნქცია რეგიონში, სამეზობლოში, მსოფლიო რუკაზე,“ – განაცხადა მან.
ვინ იქნება „ლელოში“?
ბიზნესმენმა, რომელიც პოლიტიკოსობას აპირებს, იმთავითვე აღნიშნა, რომ მისი პარტია სხვა პოლიტიკურ ძალებთან არ ითანამშრომლებს.
მას კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებზე არ უსაუბრია. პრეზენტაციაზე ის აშკარად შეეცადა გამიჯვნოდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს – პოლიტიკოსები მან საზოგადოების „გათითოკაცებაში“ დაადანაშაულა. ასევე აღნიშნა, რომ „საქართველო არ არის მესიების“ გადასარჩენი და ეს ფუნქცია „ყველამ ერთად უნდა ვიკისროთ“.
ხაზარაძის მოძრაობა აქცენტს არა პოლიტიკურად აქტიურ ლიდერებზე, არამედ საკუთარ საქმეში წარმატებულ ადამიანებზე აკეთებს – იურისტებზე, ექიმებზე, მეცნიერებზე მწერლებზე და ა.შ.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ პირველად ივლისში განაცხადა.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრის ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა მათ მიერ, ჯგუფურად, 17 მილიონამდე დოლარის გათეთრების ფაქტზე.
20 აგვისტოს, პროკურატურის მოთხოვნითა და სასამართლოს განჩინებით, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დააყადაღეს.
26 აგვისტოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გადაიხადეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, გადაიხადეს. თითოეულმა 700 ათასი ლარი.
ბიზნესმენი აპირებს თითო სფეროში (მედიცინა, განათლება, სამართალი და ა.შ.) თორმეტი პროფესიონალის, ლიდერი-რეფორმატორის მოძებნას, რომლებიც მრგვალ მაგიდასთან დასხდებიან და ამა თუ იმ სფეროს განვითარების გზებს დასახავენ.
“ჩვენ მოვძებნით 12 ლიდერს ყველა სფეროში, ეს პროცესი დაწყებულია. 12 რეფორმატორს მედიცინაში, 12 რეფორმატორს განათლებაში, მრგვალი მაგიდების გარშემო. 12 კაც ლიდერს სოფელში, 12 ქალს რაიონში, იმიტომ რომ ეს ქვეყანა ერთი კაცის გადასარჩენი არ არის, ეს ქვეყანა თითოეული ჩვენგანის გადასარჩენია. ეს ლიდერობა ქართველს ოდითგანვე მოსდევს, მას ამის გაკეთება შეუძლია”, – თქვა ხაზარაძემ.
აქვე მან ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და ბანკირი ილია ჭავჭავაძე გაიხსნება, რომელიც 112 წლის წინ, 12 სექტემბერს მოკლეს.
“ეს დამთხვევაა, დღესაც 12 რიცხვია, ჩვენ ამის გამო არ შეგვირჩევია ეს დღე, მაგრამ დღეს დილას ეს დამთხვევა კიდევ ერთ რამეს მიანიშნებს, ილია ჭავჭავაძეც 12 ადამიანს ეძებდა, 12 ინჟინერს, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. მე მინდა, რომ ეს ძებნა დავიწყოთ ყველგან, მიმოვიხედოთ, რომ ეს ნიჭიერი ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარეშემო არიან, შევკრიბოთ ქვეყნის სამსახურისთვის”, – თქვა ხაზარაძემ პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, პარტიის სტრუქტურა იქნება ჰორიზონტალური და მისი თითოეული წევრი იქნება ლიდერი.
ხაზარაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩართვა მას და მისი გუნდის წევრებს არსებულმა რეალობამ აიძულა:
„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ დღეს ჩვენ აქ შეგვკრიბა აბსოლუტურად სხვა რეალობამ. საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებსაც ცალ-ცალკე, სხვადასხვა სფეროებში თქვენნაირად შექმნეს წარმატების ისტორია“,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
როგორია რეალობა?
ქვეყანაში არსებულ რეალობაზე საუბრისას ბიზნესმენმა გამოიყენა სიტყვები „უიმედობა“ და „ნიჰილიზმი“.
„რატომ გავხდით ჩვენ ასეთი უიმედოები, რატომ აღარ გვაქვს სახელმწიფოებრივი გრძნობა იმისა, რომ ამას ყველაფერს ერთად გავარღვევთ და შევქმნით ახალ ქვეყანას“, – იკითხა მან.
მან ისაუბრა ეკონომიკაში არსებულ პრობლემებზე, შემცირებულ ინვესტიციებზე, მზარდ ემიგრაციაზე და თქვა, რომ „დღეს ქვეყანა არის გათიშე და იბატონეს მდგომარეობაში“.
ბიზნესმენს არ უსაუბრია იმაზე, თუ რამ ან ვინ მიიყვანა ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რომელსაც ის აღწერს.
თავის გამოსვლაში ხაზარაძემ მხოლოდ ერთხელ ახსენა ხელისუფლება, თუმცა კონკრეტული სახელების გარეშე.
„შეიძლება მადლობაც კი ვუთხრა ყველა იმ ჩინოვნიკს და პოლიტიკოსს, რომლებიც გვიტევენ იმიტომ, რომ მე გავახილე თვალი და ვთქვი, მე ასე ვერ გავაგრძელებ,“ – თქვა მან.
ბიზნესმენს ასევე არ უხსენებია მმართველი პარტიის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი.
რაზე აკეთებს აქცენტს „ლელო“
მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის 17 წუთიანი პრეზენტაციის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ მომავალი პოლიტიკური პარტია „ლელო“ იქნება გამოკვეთილად პროდასავლური ტიპის ძალა.
ორივე ლიდერმა რამდენჯერმე ახსენა გამოსვლაში, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა გახდეს.
„ლელო“ მნიშვნელოვან აქციენტს გააკეთებს ემიგრანტებზე. მამუკა ხაზარაძემ ვრცლად ისაუბრა იმაზე, რომ საქართველოს დღეს ემიგრანტები არჩენენ. მისი თქმით, ადამიანები მიდიან ქვეყნიდან, რადგან განვითარების პერსპექტივას ვერ ხედავენ.
„ლელოს“ თავის მიზნად სწორედ ამ პერსპექტივების და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად.
ხაზარაძის პარტია ასევე აქცენტს აკეთებს და თავის რიგებში ეპატიჟება ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებას აღწევენ მეცნიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში.
„ვეძებთ ლიდერებს. წარმატებულ ადამიანებს. ეს გაერთიანება, უახლოეს ხანში პოლიტიკური პარტია, იქნება ლიდერების პარტია,“ – თქვა მან.