რამდენად უწყინარია მილიარდერის ჰობი? ქუჩის გამოკითხვა მრავალწლოვანი ხეების გადატანის პროცესზე
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვლი საქართველოს შავი ზღვის სანაპროდან ასწლოვანი ხეების საკუთარ დენდროლიგიურ პარკში გადატანას განაგრძობს.
სხვადასხვა ინფორმაციით, ურეკში გადატანილია უკვე 20-მდე გიგანტური ხე. პროცესი გრძელდება.
რამდენიმე დღის წინ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო და შუაზე გადატყდა 250 წლის წიფელი, რომელიც ივანიშვილმა ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში სურმავების ოჯახისგან 5 ათას დოლარად იყიდა.
ლადო სურმავა, რომელიც ადგილობრივ სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობს, ამბობს, რომ ხის დასათვალიერებლად მის ეზოში პირადად ბიძინა ივანიშვილი იყო მისული და წიფელი ნახვისთანავე მოეწონა.
„უცხოელი ექსპერტებიც ახლდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხემ შეიძლება აღარც გაიხაროს სხვა ნიადაგზე ან გადატანის პროცესში დაზიანდესო, მაგრამ ივანიშვილმა არ დაუჯერა,“- ამბობს სურმავამ.
250 წლოვანმა წიფელმა, რომელიც შუაზე გადატყდა, რამდენიმე დღით ჩახერგა გზა. შემდეგ ის დაჩეხეს და შეშად აქციეს.
გურიაში, შავი ზღვის სანაპიროზე, დაბა შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილს რეზიდენცია აქვს, რომლის მიმდებარედ დენდროლოგიურ პარკს აშენებს. სწორედ ამ პარკში დასარგავად აგროვებს იგი მრავალწლიან ხეებს.
პარკისთვის შერჩეული რამდენიმე ხე ივანიშვილმა კერძო პირისგან შეიძინა, თუმცა მრავალწლოვანი ხეების დიდი ნაწილი მას ციხისძირის პარკიდან გააქვს, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. ივანიშვილის მიერ შერჩეული ხეები აუქციონზე გამოდის გასაყიდად და შემდეგ მათ ივანიშვილის კუთვნილი კომპანია ყიდულობს.
გარემოსდამცველები აღნიშნავენ, რომ ციხისძირში მიმდინარე პროცესებმა უკვე საგანგაშო ფორმები მიიღო, რადგან უზარმაზარი ხეების ამოთხრის შედეგად პარკში რჩება უზარმაზარი ორმოები, ზიანდება ნიადაგი, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის გარემოს.
“1 სანტიმეტრი ნაყოფიერი ნიადაგის შექმნას დაახლოებით ასი წელი სჭირდება და ამ შემთხვევაში, როდესაც ასწლოვანი ხეების სრულიად ამოღება ხდება, იქ არსებული მიწა უკვე გამოუსადეგარია,” – ამბობს ბიოლოგი ირაკლი მაჭარაშვილი “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.
მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ გარემოზე მიყენებული ზიანი ათას ლარს აჭარბებს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. იმ ადგლებში კი, საიდანაც ხეები ამოიღეს, ზარალი აშკარად უფრო დიდია.
თუმცა, ასე არ ფიქრობს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი. მისი თქმით, მილიარდერი კანონის ფარგლებში მოქმედებს, ამიტომ სამინისტროს ციხისძირის ტერიტორია არ შეუმოწმებია . “შესწავლა-შემოწმება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე დარღვევა დაფიქსირდება,” – ამბობს მინისტრი.
ციხისძირის გარდა, ათობით ხე იჩეხება ჩაქვშიც, ასევე სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე. ამ სამუშაოებისთვის მორღვეულია ნაპირდამცავი ჯებირი და ჩაკეტილია მოსახლეობისთვის ზღვამდე მისასვლელი ერთადერთი გზა.
თავად ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე თვის წინ ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ გიგანტური ხეები მისი ჰობია.
„ჩემი ჰობია და ძალიან მიყვარს დიდი ხეები, გიგანტური ხეები არის ჩემი ერთ-ერთი გასართობი“- განაცხადა ივანიშვილმა.
პირველი ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ პარკში აჭარიდან ურეკში ზღვით გადაიტანა, 650 ტონიანი გიგანტური ტიტის ხე იყო.
სხვადასხვა მონაცემებით, ივანიშვილმა ურეკში უკვე 20-მდე გიგანტური ხე გადაიტანა. ხეები მძიმე ტექნიკით ჯერ ზღვის ნაპირამდე მიაქვთ და მერე იქედან სპეციალური ბარჟით გადააქვთ ურეკში.
ასწლოვანი ხეების ყოფილი პრემიერის პარკში გადატანის პროცესში:
— საათების განმავლობაში შეფერხებულია მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის შემაერთებელ გზაზე;
— დროებით ჩერდება მოძრაობა რკინიგზაზე, რადგან უზარმაზარი ხეების ტრანსპორტირების პროცესში ზოგჯერ ყრიან ლიანდაგებს და დროებით ჭრიან სარკინიგზო ელექტროსადენებს;
— იჭრება ასობით სხვა ხე, რომლებიც გიგანტური ხეების ტრანსპორტირებისას ხელს უშლის მძიმე ტექნიკის გადაადგილებას;
— შუა ტყეში გაჰყავთ ბეტონის გზები მძიმე ტექნიკის შესასვლელად;
— იმ ადგილას, სადაც ასწლოვან ხეებს თხრიან, დარჩენილია უზარმაზარი ღრმულები, დაზიანებულია ნიადაგი, რაც აღდგენას არ ექვემდებარება.
ფოტო: Getty Images