რამდენად დაცული ვართ ხანძრისგან სავაჭრო ცენტრში, სკოლასა თუ ბაღში?
დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, ბაღებსა თუ გასართობ ცენტრებში? რუსეთის ქალაქ კემეროვოს სავაჭრო ცენტრში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეს კითხვა საქართველოშიც ბევრმა დასვა.
JAMnews-ი ამ საკითის გასარკვევად, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დაუკავშირდა.
აღმოჩნდა, რომ საჯარო ობიექტების დიდი ნაწილი სახანძრო უსაფრთხოებაზე რეგულარულად მოწმდება – ჯარიმდება და გაიცემა რეკომენდაციები. თუმცა, ეს ყველაფერი ფორმალობაა, რადგან რეკომენდაციების შესრულება ფინანსურად უფრო წამგებიანია, ვიდრე ჯარიმის გადახდა.
“სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა. მათ შორის, ბაღებისა და სკოლების დიდ ნაწილში,” – გვითხრეს სააგენტოში.
_______________________________
“ისთ ფოინთის” კინოდარბაზში კარი იყო ჩაკეტილი; “ჰოლიდეი ინში” საევაკუაციო გასასვლელი ჩახერგილი ჰქონდათ – რა დარღვევები აღმოაჩინა საგანგებო სიტუაციების სააგენტომ?
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ, რომელიც საქართველოში სხვადასხვა ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებს ამოწმებს,
2017 წელს ექვსი ათასამდე შენობა შეამოწმა. დარღვევები აღმოჩნდა თითქმის ყველგან. დაჯარიმდა 400 ობიექტი, ასობით შენობის მეპატრონემ კი, დარღვევების გამოსწორებისთვის შესაბამისი რეკომენდაცია მიიღო.
დარღვევები აღმოჩნდა, როგორც მცირე ზომის ობიექტებში, ისე ახლადაშენებულ მსხვილ სავაჭრო ცენტრებსა და დიდ სასტუმროებშიც.
მაგალითად, სასტუმრო “ჰოლიდეი ინის” საევაკუაციო გასასვლელი სამშენებლო მასალით აღმოჩნდა ჩახერგილი, ხოლო “ისთ ფოინთის” კინოდარბაზში, კინოსეანსის დროს კარი იყო ჩაკეტილი იყო, დარბაზში რომ უბილეთო მაყურებელი არ შეეშვათ.
სკოლებისა და ბაღების ნაწილს საევაკუაციო გასასვლელი საერთოდ არ აქვს
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ, გასულ წელს შემოწმებულ ობიექტებს შორის იყო 481 სკოლა და 383 საბავშვო ბაღია.
სააგენტოში ამბობენ, რომ თითქმის ყველა შენობის პირველი სართულის ფანჯრები გისოსებშია ჩასმული, რაც სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტებით მიუღებელია; ასევე შენობების დიდ ნაწილში არ არსებობს საევაკუაციო გასასვლელი, ანდა ის ჩახერგილია; მშენებლობასა და მოპირკეთებაში გამოყენებულია ადვილად აალებადი მასალა.
“ბაღებისა და სკოლების დიდ ნაწილში სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობაა. ჩვენ ყველა დამრღვევს ვითარების გამოსწორების რეკომენდაცია მივეცით,” – გვითხრეს სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
JAMnews-ი სააგენტოს მიერ ცოტა ხნის წინ შემოწმებულ ერთ სკოლაში და ერთ ბაღში მივიდა.
N181-ე საბავშვო ბაგა-ბაღში, სადაც 600 ბავშვი დადის, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება 2018 წლის 20 მარტს ჩაატარა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბაგა-ბაღში არ არის სახანძრო სიგნალიზაცია, გაუმართავია შიდა ხანძარსაწინააღმდეგო წყალმომარაგების ონკანები, საქვაბეში არ არის ავტომატური აირ-ანალიზატორი (მოწყობილობა, რომელიც გაზის გაჟონვის დროს განგაშს ატეხს), ოთახში, სადაც დენის გამანაწილებელია დამონტაჟებული, წვადი მასალები და ინვენტარი ინახება, პირველი სართულის ფანჯრები ჩასმულია გისოსებში. ბაღმა ამ პრობლემების გამოსწორების რეკომენდაცია მიიღო.
მას შემდეგ კედლებზე საევაკუაციო გეგმები გაჩნდა და საევაკუაციო გასასვლელი ყვითელი ისრით მონიშნეს. თუმცა, ბევრი სხვა პრობლემა ბაღს დღესაც აქვს.
179-ე საჯარო სკოლის დირექტორი ხათუნა ნებიერიძე ამბობს, რომ სკოლის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა სრულ წესრიგშია და კედელზე გამოკრულ საევაკუაციო გეგმასა და ცეცხლმაქრზე გვითითებს. დირექტორი გვიხსნის, რომ თანამშრომლებს პერიოდულად სახანძრო-საევაკუაციო სწავლება უტარდებათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ეს სკოლა გასული წლის სექტემბერში შეამოწმა. გაირკვა, რომ სკოლის სამსართულიან შენობას არა აქვს კვამლის არცერთი დეტექტორი და ასევე ჩახერგილი აქვს საევაკუაციო გასასვლელი.
რეკომენდაციის მიუხედავად, საევაკუაციო გასასვლელი სკოლაში ახლაც ჩახერგილია. როგორც დირექტორმა გვითხრა, ამ დარღვევას, სავარაუდოდ, ზაფხულის არდადეგების დროს გამოასწორებენ. ექნებათ თუ არა კვამლის დეტექტორი ახალი სასწავლო წლისთვის სკოლის შენობაში, ეს დირექციაში ჯერ არ იციან – ამბობენ, რომ მოწყობილობა ძვირი ღირს და სკოლის ბიუჯეტში მისი შეძენისთვის საჭირო ფული არ არის.
რა წერია კანონში?
საქართველოში მოქმედებს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონი, სადაც წერია, რომ მაღალი რისკის მქონე დაწესებულებები და ობიექტები, ვალდებულნი არიან, დაიცვან სახელმწიფოს მიერ დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები. კანონში ასევე წერია, რომ ეს დაწესებულებები “სახელმწიფოს მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების სფეროში სპეციალურ მონიტორინგს ექვემდებარებიან”.
მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებსა და ობიექტებს მიეკუთვნებიან: სასტუმროები, რომლებსაც 100-ზე მეტი ნომერი აქვთ, სავაჭრო ცენტრები და ჰიპერმარკეტები, 28 მეტრზე მაღალი შენობები, საკლუბო და გასართობ-დასასვენებელი ცენტრები, საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულებები, ავტოგასამართი სადგურები, აეროპორტები, მეტროს და მატარებლის სადგურები, ნავთობბაზები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, 50-საწოლიანი და უფრო დიდი საავადმყოფოები, სახელმწიფოს კუთვნილი შენობა-ნაგებობები, ქარხნები და ხანძარსაშიში ობიექტები.
სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებმა და დაწესებულებებმა უნდა დაიცვან, დეტალურადაა გაწერილი მთავრობის 370-ე დადგენილებაში.
სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შენობის ინფრასტრუქტურა, ისე იქ დასაქმებული პერსონალი.
შენობას უნდა ჰქონდეს სახანძრო სიგნალიზაცია, ხანძრის ჩაქრობის ავტომატური და კვამლსაწინააღმდეგო სისტემები, რომლებიც შენობას ძლიერი დაკვამლიანებისგან დაიცავს.
თვალსაჩინო ადგილზე გაკრული უნდა იყოს საევაკუაციო გეგმა. ხანძარსაწინააღმდეგო ავტომატურ სისტემებთან ერთად შენობაში უნდა იყოს ცეცხლმაქრები და სპეციალური ჰიდრანტები. შენობას უნდა ჰქონდეს საევაკუაციო კიბე და საევაკუაციო გზები, რომლიც შესაბამის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს – საევაკუაციო გასასვლელი არ უნდა იყოს მოპირკეთებული ადვილად აალებადი მასალით და არ უნდა იყოს ჩახერგილი ან ჩაკეტილი.
ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში მუშაობს, სამსახურში აყვანამდე სახანძრო სისტემის შესახებ ტრენინგი უნდა ჰქონდეს გავლილი. ასევე, კანონით, დაწესებულების პერსონალი წელიწადში ორჯერ სასწავლო სახანძრო ევაკუაციას უნდა გადიოდეს. გარდა ამისა, ასეთ ობიექტზე აუცილებლად უნდა იყოს ცალკე გამოყოფილი პერსონალი, რომელიც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის შეუფერხებელ მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი.
როგორ (არ) მუშობს კანონი
სახანძრო უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი უწყება – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ამოწმებს. სპეციალურ ნუსხაში შეტანილი ობიექტების დეტალური შემოწმება 3 წელიწადში ერთხელ ხდება, წელიწადში ერთხელ კი ყველა ობიექტი გადის სავალდებულო მონიტორინგს, რომლითაც მინიმალური მოთხოვნები მოწმდება.
თუმცა, მიუხედავად შემოწმებისა და აღმოჩენილი დარღვევებისა, წლიდან წლამდე სიტუაცია არ იცვლება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი ჯარიმებია, რასაც დამრღვევებს უწერენ.
კანონის თანახმად, თუ დაწესებულების ან ორგანიზაციის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ჯარიმა 50-დან 200 ლარამდე მერყეობს. ანუ, უზარმაზარი სასტუმრო “ჰოლიდეი ინი”, რომელსაც საევაკუაციო გასასვლელი ჩახერგილი ჰქონდა, მაქსიმუმ 200 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს.
შესაბამისად, სხვადასხვა დაწესებულებებს კანონის დარღვევა და ჯარიმის გადახდა უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსწორება.
“ლეო გრანდის” ტრაგედია
გასული წლის 24 ნოემბერს, ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილმა ხანძარმა 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, 180 ნომრიან სასტუმროს არ ჰქონდა სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაცია; არ ჰქონდა ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაცია; მე-4 სართულზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები; გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.
ხანძრამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე სასტუმრო „ლეო გრანდში“ გეგმიური შემოწმება ჩატარდა. მონიტორინგის შედეგად ყველა ეს ზემოაღნიშნული დარღვევა გამოვლინდა. სასტუმროს მენეჯმენტს “მიეცა გონივრული ვადა სიტუაციის გამოსასწორებლად”.
კიდევ ერთი, განმეორებითი შემოწმება სასტუმროში ხანძრამდე 5 თვით – 2017 წლის 20 ივნისს ჩატარდა. „ლეოგრანდში“ მისულ მონიტორებს სასტუმროში თითქმის იგივე პრობლემები დახვდათ. სასტუმრო 100 ლარით დააჯარიმეს.
რას ცვლიან კანონში?
“გარდა იმისა, რომ ჯარიმები უნდა გამკაცრდეს, კანონიც მნიშვნელოვნად დასახვეწია”, -მიიჩნევს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) სერტიფიცირებული ტრენერი დავით ჩიჯავაძე.
მისი თქმით, ქართული კანონმდებლობა რუსეთში მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების თარგმანია, რომელსაც სახანძრო უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტებთან არაფერი აქვს საერთო.
“მაგალითად, კანონი არ ავალდებულებს დაწესებულებებს, ჰქონდეთ კვამლის დეტექტორი – მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ხანძარი საწყის ეტაპზევე გამოვლინდება. ვიდრე ეს არ გახდება სავალდებულო, მანამდე დიდი ხანძრები ისევ მოხდება,” – ამბობს ის.
ექსპერტი ამბობს, რომ ნებისმიერ დაწესებულებას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმა, იმ პერსონალს კი, რომელიც სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვაზეა პასუხისმგებელი, სათანადო ცოდნა.
“ჩვენთან ყველაფერი ფორმალობაა. თუ ხედავენ, რომ კედელზე არის ჩამოკიდებული ცეცხლმაქრი და გამოკრულია საევაკუაციო გეგმა, ჰგონიათ რომ ყველაფერი წესრიგშია”.
სინამდვილეში, ცეცხლმაქრი, თუკი მისი სწორად გამოყენება არ იცი, შესაძლოა, სახიფათოც იყოს. მაგალითად, თუ ხანძარი გაუმართავი ელექტროსადენების გამო გაჩნდა, მისი ჩაქრობა წყლით არ შეიძლება. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, დენი ადამიანზე გადავიდეს და ის დაიღუპოს.
“ამას სჭირდება მცოდნე ადამიანი. ასეთი ადამიანი უნდა ერკვეოდეს ცეცხლმაქრის ტიპებსა და ხანძრის კლასებში. ასეთი ადამიანი ყველა დიდი დაწესებულების შტატში უნდა იყოს,” – ამბობს ჩიჯავაძე.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გვითხრეს, უწყება უკვე მუშაობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც პარლამენტში განსახილველად უახლოეს მომავალში შევა.
ცვლილებების თანახმად, მნიშვნელოვნად მკაცრდება ჯარიმები – მათი ოდენობა 3 ათას ლარამდე იზრდება. იმ დაწესებულებებს და ორგანიზაციებს, რომლებიც დარღვევებს კონკრეტულ ვადებში არ აღმოფხვრიან, შესაძლოა, საქმიანობა შეუჩერდეთ.
ასევე სახანძრო უსაფრთხოების ნორმების შემოწმება სავალდებულო გახდება ასზე ნაკლებ ნომრიან სასტუმროებსა და საოჯახო ტიპის სასტუმროებში.
ასევე საჯარო გახდება იმ ობიექტების და ორგანიზაციების სია, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების წესებს არ იცავენ.