ქალაქი ლუგანსკი. ფოტო: REUTERS/Alexander Ermochenko
შორეული აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში გაეროს შეიარაღებული სამშვიდობოების შეყვანა მას სწორად მიაჩნია. სამშვიდობოების მისია, მისი თქმით – ეუთოს იმ წარმომადგენლების დაცვაა, რომლებიც კონფლიქის ზონის მონიტორინგს ახორციელებენ.
დონბასში, კონფლიქტის ზონაში გაეროს სამშვიდობო ჯარის კონტიგენტის შეყვანას უკრაინა თავიდანვე დაჟინებით მოითხოვდა. მინსკის შეთანხმებების უკრაინული განმარტებით, ეს უნდა გამხადარიყო პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ სეპარატისტების მიერ ამჟამად კონტროლირებად ტერიტორიებზე უკრაინული კანონებით ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულიყო.
თუმცა, პუტინის განცხადებაში საგანგებოდ იყო ხაზგასმული, რომ სამშვიდობოები ს გამოჩენა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა გამყოფ ზოლზე. არადა, უკრაინა, აუცილებლად მიიჩნევს თავისი კონტროლისთვის ასევე უკრაინა-რუსეთის საზღვრის დაქვემდებარებასასაც, საიდანაც, როგორც კიევი ვარაუდობს, დონბასში სამხედრო დახმარება შემოაქვთ და რუსი დაქირავებული მეომრები შემოდიან.
ამიტომ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოვიდა განცხადებით იმის თაობაზე, რომ „რუსეთი„სამშვიდობო ოპერაციის შემოყვანის თავად იდეისა და მიზნის დამახინჯებას“ ცდილობს“.
კიევმა განაცხადა, რომ მოსკოვი, როგორც ყოველთვის, ცდილობს, რომ რუსეთის აგრესია შიდა უკრაინულ კონფლიქტად წარმოაჩინოს.
თუმცა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ იქ „ მხედველობაში მიიღეს რუსეთის ფედერაციის განცხადება დონბასში გაეროს სამშვიდობო ჯარის განლაგების თაობაზე“.
საერთაშორისო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ პუტინის განცხადება სამშვიდობოების შესახებ – ნებისმიერ შემთხვევაში, ამ კონფლიქტში აშკარა დათმობის ნიშანია. დონბასში გაეროს შეიარაღებული სამშვიდობოების გამოჩენა სამხედრო შეტაკებებისა და პროვოკაციების შეწყვეტას ნიშნავს, ასევე არსებითად გაართულებს კონფლიქტის ესკალაციასაც.