პრემიერმა ბახტაძემ განახლებული მთავრობა წარადგინა
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.
მთავრობაში სამი ახალი მინისტრია: განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე წარდგენილია მიხეილ ბატიაშვილი; ფინანსთა მინისტრის პოსტზე – ივანე მაჭავარიანი; ეკონომიკის მინისტრის პოსტზე – გიორგი ქობულია.
რაც შეეხება სხვა სამინისტროების ხელმძღვანელებს, პოსტებს მოქმედი მინისტრები ინარჩუნებენ.
თანამდებობაზე რჩებიან: საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. ასევე პოსტი შეინარჩუნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
პოსტ ინარჩუნებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. სწორედ ამ მინისტრის მოხსნას ითხოვს უკვე რამდენიმე კვირაა სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია. წულუკიანის წინააღმდეგ გამოდიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი მიიჩნევენ, რომ წულუკიანის მინისტრობის პერიოდში სასამართლო სისტემაში სერიოზული პრობლემები დაგროვდა, რაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების გამოუძიებელ საქმესთან დაკავშირებით.
ახალ მთავრობას პარლამენტი ნდობას, სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გამოუცხადებს