პრეზიდენტი პარლამენტში. რა თქვა მარგველაშვილმა. მთავარი აქცენტები
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე თავისი ყოველწლიური ანგარიშით წარსდგა.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას მთავრობის წევრების ნაწილი, კონსტიტუციური ორგანოების, დიპლომატიური კორპუსის და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ესწრებიან.
პრეზიდენტი თვითმართველობის არჩევნებზე
მარგველაშვილი პოლიტიკურ ძალებს თვითმართველობის არცევნებზე გაერთიანებისკენ და ძლიერ აქტორად ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.
“მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს – ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას. მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მმართველ გუნდზე
“ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ და დღესაც მოგიწოდებთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ”.
პრეზიდენტის არჩევის წესზე
“არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება”, – აცხადებს მარგველაშვილი. თანაც, მისი აზრით, ქვეყანაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსაგვარებელი და ეს არ არის მთავარი პრობლემა, რომელიც ხალხს აწუხებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბევრი სოციალური პრობლემა დღემდე ვერ მოაგვარა.
“პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი ან ყოფილი პრემიერის სურვილზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე და რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე. მოვუსმინოთ ხალხს და თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება, რომ ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არც ერთი ადამიანი არ იცხოვრებს ქუჩაში, ქუჩაში არ იცხოვრებენ და არ იმუშავებენ მცირეწლოვანები, სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება, სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა, სადაც არავის შია და არავის სცივა.”
ქვეყნის ეკონომიკური გამოწვევებზე
პრეზიდენტის აზრით, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა კვლავ სახელმწიფოს მთავარ გამოწვევად რჩება.
ეკონომიკრი ზრდის მაჩვენებელი, ინვესტიციების ზრდა, რითიც ამაყობს ხელისუფლება, მარგველაშვილის თქმით, არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება თუ არ მოხდება სამუშაო ადგილების შექმნა.
“სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები,” – ამბობს პრეზიდენტი.
მან აღნიშნა, რომ გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევით განხორციელდა – „აწარმოე საქართველოში“, „Start up საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა.
პრეზიდენტი შრომის უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვს
მარგველაშვილმა პარლამენტს შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების შექმნისაკენ მოუწოდა: “ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოჰყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო და. რომლის მიხედვით ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება პრიორიტეტად უნდა იქცეს და მოხდეს მუშახელის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.
სასამართლო სისტემაზე
გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებას “კრიზისი” უწოდა. მან ეს სიტყვა სასამართლოზე საუბრისას რამდენჯერმე გამოიყენა.
პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ქართულ სასამართლოს საერთაშორისო სპეციალისტების დახმარება სჭირდება.
“საჭიროა მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს გამოკვეთს და ქვეყანას გამოსავლის ძიებაში დაეხმარება”.
ასევე მისი აზრით, აუცილებელია მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა.
მარგველაშვილი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებული რთული ვითარება, ქვეყანაში სხვა ბევრ მნიშვნელოვან პრობლემას ქმნის.
“მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამართლიანი სასამრთლოს უფლება. მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო. მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ. სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული ქვეყნის ყველა მოქალაქე”.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე
არაღიარების პოლიტიკის პარალელურად პრეზიდენტი მარგველაშვილი ხელისუფლებას მეტი აქტიურობისკენ და “ანტიანექსიური პოლიტიკის” დაწყებისკენ მოუწოდებს
“რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე, როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების აქტიური ჩართულობით, უნდა შეიქმნას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადავდგათ შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად,” – მიიჩნევს მარგველაშვილი.
ამავე დროს, მისი აზრით, “არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე”.
პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც მიმართა.
”ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი, აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველო ხელოვნურად აღმართულ კედლებს დაანგრევს და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება”.
ფოტო: პრეზიდენტის პრეს-სამსახური