საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგი გამართა. პრეზიდენტმა, თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოუწოდა ყველა მხარეს, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებამდე “მყისიერი ნაბიჯები” არ გადადგან.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატები უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში აპირებენ და შეეცდებიან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას მიაღწიონ.
პრეზიდენტის თქმით, ის არ ჩაერევა მესაკუთრეების დავაში. თუმცა, ამის მიუხედავად, “რუსთავი 2” და სხვა ნებისმიერი მედია არ არის მხოლოდ ბიზნესი. ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
“რუსთავი 2” არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოთქმის საშუალება. ეს კი საქართველოს ევროპული მომავლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ყველა ჩემს შეხვედრაზე, რომელიც მქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, “რუსთავი 2”-ის თემა იყო წამოწეული და მე ამ თემებთან დაკავშირებით ჩემს პოზიციას ვახმოვანებდი. საერთაშორისო თანამეგობრობაც რეალურად “რუსთავი 2″-ის პროცესს, არა სამართლებრივ დავად, არამედ მედიის თავისუფლების საკითხად აღიქვამს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
“რუსთავის 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციამ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით დავა მძიმე მემკვიდრეობის ფონზე მიმდინარეობს.
“საქართველოს მთავრობა, პირველ რიგში, ყველას მოუწოდებს დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს მძიმე მემკვიდრეობის ფონზე. რამდენიმე წელია, მიმდინარეობს სასამართლო დავა საკუთრების უფლებების დასამტკიცებლად”, – ნათქვამია კანცელარიის განცხადებაში.
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს 19 არასამთავრობო ორგანიზაცია – მათი განცხადების მიხედვით, აღნიშნული პროცესი დიდ ზიანს აყენებს ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას.
„შეშფოთებას გამოვთქვამთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების გამო… ამასთან ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მიღებული გადაწყვეტილება ზღუდავს მედიის თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს,“ – ნათქვამია განცხადებაში.