პრეზიდენტის რეზიდენციაში საპატრიარქო შევიდა
ამ ფოტოზე ასახულია ბობოყვათის საპრეზიდენტო რეზიდენცია ქობულეთში, შავიზღვისპირა ზოლში. სხვადასხვა დროს საქართველოს პრეზიდენტების, რეგიონული მმართველებისა და ცეკას პირველი მდივნების საყვარელი დასასვენებელი ადგილი.
18 შენობა-ნაგებობა, 149 ათას 796 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთი სუბტროპიკული ხეებით, პალმებითა და ფიჭვებით და 12 ათასი კვადრატული მეტრი სანაპირო ზოლით.
2015 წლის 21 სექტემბერს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ეს ქონება, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად, საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა.
სანაცვლოდ, საპატრიარქომ სახელმწიფოს 721 ჰექტარზე გაშლილი კრწანისის ტყე-პარკი უნდა დაუბრუნოს, რომელიც 2010 წელს ასევე 1 ლარად მიიღო.
ბობოყვათის რეზიდენცია არც პირველია და, სავარაუდოდ, არც ბოლო, რომელიც სახელმწიფომ ეკლესიას მმართველობაში გადასცა. მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში – 2012 წლიდან 2015 წლის სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფომ ეკლესიას 527 ათასი 327 კვადრატული მეტრი ფართობი მიწა და სხვადასხვა უძრავი ქონება გადასცა.
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინათ, ბობოყვათის რეზიდენცია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში იყო შეტანილი. ეკონომიკის სამინისტრო მის გაყიდვას 34 მილიონ ლარად აპირებდა. თანხა გაუფასურებული ლარის შედეგად დაზარალებულ სახელმწიფო ბიუჯეტს უნდა მოხმარებოდა. თუმცა, მოულოდნელად გეგმა შეიცვალა.
ქონების გაცვლის ამ ისტორიაში ბევრი უპასუხო კითხვაა. საპატრიარქო არ აკეთებს კომენტარს, თუ რა მიზნები აქვს მას ბობოყვათის რეზიდენციასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება კრწანისის ტყე-პარკს, რომელიც თბილისის შემოგარენშია – ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ იგი ბობოყვათზე უფრო სარფიანი საპრივატიზაციო ობიექტია, ამიტომაც სახელმწიფომ მხოლოდ მოიგო მისი ბობოყვათის რეზიდენციაში გაცვლით. თუმცა, კრწანისის ტყე-პარკის დღევანდელი სტატუსი ამ ტერიტორიაზე ყველანაირ მშენებლობას კრძალავს, ამდენად გაურკვეველია, რა საინვესტიციო ღირებულება შეიძლება ჰქონდეს მას.
-
საქართველოში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობას 2002 წელს გაფორმებული საკონსტიტუციო შეთანხმება – კონკორდატი აწესრიგებს. ამ შეთანხმებით, სახელმწიფო ადასტურებს საბჭოთა ეპოქის დროს ეკლესიისათვის მიყენებულ მატერიალურ და მორალურ ზიანს და ამ ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე იღებს ვალდებულებას. ეკლესიისთვის ქონების გადაცემის პრაქტიკა სწორედ კონკორდატის მიღების შემდეგ დაიწყო. ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული შეთანხმება საქართველოში არსებულ სხვა რელიგიებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს.
-
საქართველოში არსებულ კონფესიებს შორის მართლმადიდებელი ეკლესია ყველაზე დიდია. მოსახლეობის 80 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, ხოლო 95 პროცენტისთვის პატრიარქი ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ფიგურაა.