პოლონეთის სენატმა კენჭი უყარა კანონს, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ჰოლოკოსტში პოლონელების რაიმე მონაწილეობაზე ნებისმიერი განცხადების გაკეთება. ამის შესახებBBC იუწყება:
ახალი რეგულაციით, იკრძალება პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგებული „ნაცისტური“ საკონცენტრაციო ბანაკების “პოლონურ ბანაკებად” მოხსენიება. ამგვარი კანონდარღვევისთვის ჯარიმა, ან სამწლიანი პატიმრობა განისაზღვრა.
კანონპროექტი პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატამ მიიღო და ძალაში შესასვლელად მხოლოდ პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია.
ამ კანონპროექტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება მსოფლიო ლიდერების მხრიდან. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტინიაჰუმ კანონპროექტი მკაცრად გააკრიტიკა და პოლონელები ისტორიის გადაწერასა და ისტორიული ფაქტების დამახინჯებაში დაადანაშაულა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კი, ამ ფაქტს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ კანონპროექტის მიღებით, შესაძლოა, ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება დაზარალდეს.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა კი სხვა აზრზეა. პოლონური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მის ქვეყანას „უფლება აქვს, ისტორიული სიმართლე დაიცვას“.
მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთი ნაცისტური გერმანიის მიერ იყო ოკუპირებული. ოკუპაციის პერიოდში მილიონობით პოლონეთის მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის – სამი მილიონი პოლონელი ებრაელი. პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედებდა საკონცენტრაციო ბანაკები, სადაც ნაცისტები ებრაელებს ანადგურებდნენ.
პოლონეთის ხელისუფლება ამბობს, რომ კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ ამ ისტორიული სიმართლის დაცვისკენაა მიმართული და ჰოლოკოსტის შესხებ გამოკვლევებსა და მსჯელობას არ ეწინააღმდეგება.
გარდა ჰოლოკოსტში ცალკეული პოლონელების მონაწილეობასთან დაკავშირებული ბრალდებებისა, აღნიშნული კანონპროექტი უკრაინელი ნაციონალისტების იდეოლოგიის პროპაგანდასაც კრძალავს. კონკრეტულად კი, იკრძალება 1939-1945 წლებში პოლონელების წინააღმდეგ უკრაინელი ნაციონალისტების მიერ განხორციელებული დანაშულების უარყოფა. პირველ რიგში, საუბარია ვოლინის ჟლეტაზე – 1943 წელს უკრაინელ ამბოხებულთა ჯარმა, რომელიც უკრაინული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, სხვადასხვა გამოთვლებით, უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები 30-დან 80 ათასამდე პოლონელი გაანადგურა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანონპრექტი დაგმო, რადგან მასში უკრაინის მეამბოხეთა ჯარი მოხსენიებულია „დამნაშავე ნაციონალისტებად“ და „მესამე რაიხის კოლაბორაციონისტებად“.