პოლიციამ საქართველოს პარლამენტის შენობას რკინის მესერი შემოავლო
პარლამენტის მიმდებარე – ჩიტაძისა და ზუბალაშვილების ქუჩები, ასევე უშუალოდ საკანონმდებლო ორგანოს რამდენიმე შესასვლელი პოლიციამ რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა.
ჩაკეტილია ასევე მთავრობის ადმინისტრაციიდან ჩიტაძეზე ჩამოსასვლელი ქუჩაც.
• რას ნიშნავს „გერმანული მოდელი“. მოკლედ და გასაგებად
• ღამე სპეცრაზმმა საქართველოს პარლამენტის წინ აქცია დაშალა. არიან დაშავებულები
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რკინის ბარიკადები უსაფრთხოების მიზნით დადგეს, რათა აქციის მონაწილეებმა პოლიციაზე არ იძალადონ.
სირაძე ამბობს, რომ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით იქამდე იქნება ჩახერგილი, ვიდრე აქცია გაგრძელდება და პარლამენტის პიკეტირების საფრთხე იქნება.
სირაძის თქმით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება მხოლოდ ადგილობრივ მცხოვრებლებს აქვთ.
„ჩვენ ვმოქმედებთ ადეკვატურად, რომ კარგად დავიცვათ საზოგადოების უსაფრთხოება,” – განაცხადა სირაძემ.
ჯებირების მიუხედავად, აქციის მონაწილეები და ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასთან იკრიბებიან და პარლამენტის პიკეტირებას გეგმავენ.
პოლიცია მათ პარლამენტთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს. აქციის მონაწილეები რკინის კონსტრუქციაზე ხელებს აბრახუნებენ და ასე გამოხატავენ პროტესტს.
ისმის სტვენა და შეძახილები.
„ამ ფორმით ალყაში მოქცეული პარლამენტი არ მახსოვს. ჩვენი საქმის ნახევარი თვითონ გააკეთეს. ჩვენ არ გვჭირდება შეღწევა შესასვლელამდე, ჩვენ დავდგებით იმის იქით, სადაც თვითონ აქვთ გადახერგილი. ვნახოთ, როგორ შემოვლენ ისინი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა.
“ბერლინის კედელი” – ასე უწოდეს ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის გარშემო დადგმულ კონსტრუქციებს.
“მე მინდა, მივულოცო ბატონ ბიძინას და “ქართულ ოცნებას” აი, ეს საოცრება… ეს რა არის? ბერლინის კედელი საქართველოს დედაქალაქში? და ჰგონია, რომ ამით შეძლებს პოლიტიკური მიზნების მიღწევას? პარლამენტის ბლოკირება თვითონ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა… იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში”, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
„მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას? მთავრობა თვითონ იკეტავს საკუთარ თავს, ხან ჯებირებით, ხან ავტობუსებით, ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს”, – ასე აფასებს სიტუაციას “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძემ.